დამკვირვებლები

იარაღი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა განცხადება გააკეთეს

74
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საარჩევნო უბანზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო უბანზე იარაღით მისვლა არასასურველია – ეს უბანზე საფრთხის ქვეშ აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას, განაცხადა პარტია „მრავალეროვნული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა.

მისი თქმით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დიმიტრი შაშკინი და კახა ოქრიაშვილი არჩევნებზე იარაღით მივიდნენ, ამიტომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ და არ დაუშვან უსაფრთხოების წესების დარღვევა.

„ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე პირის შესვლა ნამდვილად არ არის სასურველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ექმნება წესრიგს და უსაფრთხოებას უბანზე საფრთხე. ამიტომ, რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა მოახდინონ და არ დაუშვან უსაფრთხოების წესების დარღვევა“, – განაცხადა ტალიურმა.

მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევა დარღვევა არ არის, თუ ადამიანს იარაღის ტარების ნებართვა აქვს.

„ზოგადად, ვინაიდან ჩვენ წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე გველოდება, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური დაპირისპირებები და ასეთი ფაქტები, რაც შეიძლება ძალადობასთან იყოს დაკავშირებული, დღეს მაინც არ გვქონდეს“, – განაცხადა ტალიურმა.

პარტიამ არაფერი უნდა მოიმოქმედოს ისეთი, რასაც ამომარჩევლის დაშინება შეუძლია, განაცხადა არასამთარვობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„მე ამას უარყოფითად ვაფასებ, მგონია, რომ ეს არ არის სწორი. როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი. ამიტომ მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს... არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა“, – განაცხადა გიგაურმა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი თავის მომხრეებთან ერთად იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, საარჩევნო უბანთან ახლოსაა გადაღებული.

შაშკინის განცხადება

თავად დიმიტრი შაშკინმა დაადასტურა, რომ სოფელ ტალავერში იმყოფებოდა და თან იარაღი ჰქონდა. თუმცა მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საარჩევნო უბანში იყო.

„მე მაქვს უფლება მინიჭებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომ ვატარო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. საარჩევნო უბნებზე მე არ შევდივარ, რადგან უფლებაც კი არ მაქვს, როგორც კანდიდატს, რომ შევიდე, ბეიჯიც კი არ მაქვს. სადაც ვიმყოფები, მე შემიძლია ვატარო იარაღი შსს-ს მიერ მინიჭებული უფლებით“, – განაცხადა შაშკინმა პირველი არხის ეთერში.

კითხვაზე, ყოველთვის ატარებს თუ არა ის პისტოლეტს, შაშკინმა უპასუხა, რომ პისტოლეტი ყოველთვის თან აქვს.

ISFED: ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არჩევნებზე – ეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

74
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

51
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

51
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ქუთაისი

ქუთაისის მერის არჩევნებზე „ქართველი ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

60
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული 22 ნოემბრის დილის წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

მან ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 2 595 ხმა - ეს 7,98%. ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი.

ქუთაისის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხმების 91,9%-ით მოიგო და გაუსწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც 8,1% დააგროვა.

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 21,83% შეადგინა.

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

60
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

0
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში