ISFED: ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არჩევნებზე – ეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა

ISFED: ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არჩევნებზე ეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა

49
(განახლებულია 16:23 31.10.2020)
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ათას საარჩევნო უბანზე აწარმოებენ

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნებზე რიგი დარღვევები გამოავლინეს, რომლებიც, ძირითადად, კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ეხება, განაცხადა ბრიფინგზე ISFED–ის აღმასრულებელმა მდივანმა ელენე ნიჟარაძემ.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.  ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

ISFED–ში აცხადებენ, რომ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს არეგისტრირებენ.

„აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცედურა საარჩევნო უბნების უმეტესობაში დროულად და ყოველგვარი დარღვევების გარეშე გაიხსნა, თუმცა გამოვლინდა პროცედურებიდან გადახვევის ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ზოგიერთ უბანზე არ დაუშვეს დამკვირვებლები, დარღვევები დაფიქსირებულია ასევე კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას.

არჩევნები 2020: ცნობილია ამომრჩეველთა აქტიურობის დონე>>

ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს 1000 საარჩევნო უბანზე აკვირდებიან. ამას გარდა, ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან 3 საოლქო საარჩევნო კომისიაში და 78 მობილურ ჯგუფში, რომლებიც უბნების მიმდებარე ტერიტორიებს აკონტროლობენ.

ამ დროისთვის ISFED–ს დამკვირვებლებმა ათი საჩივარი შეიტანეს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ექვსი საჩივარი – საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა ჩანაწერების წიგნში ჩაწერეს.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

51
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

51
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ქუთაისი

ქუთაისის მერის არჩევნებზე „ქართველი ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

60
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული 22 ნოემბრის დილის წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

მან ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 2 595 ხმა - ეს 7,98%. ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი.

ქუთაისის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხმების 91,9%-ით მოიგო და გაუსწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც 8,1% დააგროვა.

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 21,83% შეადგინა.

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

60
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში