არჩევნები

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28-კაციანი დელეგაცია დააკვირდება

31
(განახლებულია 13:52 30.10.2020)
ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28-კაციან მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას გზავნის, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ამის გამო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. დამკვირვებლებს არ გზავნის ევროპარლამენტიც. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გზავნის. ალბანელი დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე სხდომის მომხსენებელი ელონა გჟებრეა ჰოჯა ეუთოს დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელისა და სპეციალური კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს, ფინელი დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში პია კაუმა კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი დამკვირვებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ OSCE/ODIHR-ის 27 გრძელვადიან დამკვირვებელთან და 13-წევრიან ძირითად გუნდთან, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთან.

დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ არჩევნების ადმინისტრირების პროცედურებს, საარჩევნო დღის პროცედურებსა და მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქებას. საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასწარი დასკვნების შესახებ განცხადებას 1 ნოემბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

ბოლო მონაცემებით, ცესკოში არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება.

ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.

31
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ალეკო ელისაშვილი

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს

115
ორ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს, ბოიკოტი ვრცელდება არამარტო შედეგებზე, არამედ არ შედეგების მიხედვით გამოანგარიშებულ დაფინანსებაზეც

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს აცხადებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე დათანხმდა, მანამდე ამის შესახებ პარტია „ლელომ“ განაცხადა.

31 ოქტომბრის შედეგების მიხედვით, პარტია „გირჩს" ბიუჯეტიდან ერგება 777 990 ლარი, ხოლო „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს" - 497 406 ლარი.

„თუ იმ შედეგებს არ ცნობ, რაც ცესკომ დაწერა, თუ იმ რაოდენობის ხმებს არ ცნობ, რაც ცესკოს მიერაა გამოცხადებული, ამ ფორმულით დაანგარიშებულ თანხას რატომ ცნობ და რატომ იღებ - ეს არის გაუგებარი, ჩვენთვის, ჩვენი პარტიისთვის გაუგებარია. ბოიკოტი ჩვენთვის იმასაც გულისხმობს, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით დაანგარიშებული თანხა არ უნდა აიღო, არა მარტო პარლამენტში არ უნდა შეხვიდე“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 

რაც შეეხება „გირჩს“, ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ დაფინანსებას ელექტრომობილ „ტესლას“ გათამაშებაზე დახარჯავდა, რაც ამჟამინდელი შედეგებით შეუძლებელია.

„ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება. ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა "ტესლას" ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ“, -ნათქვამია პარტიის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა 9 პარტიამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს დაფინანსების მოთხოვნის მიზნით უკვე მიმართა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.

 

115
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

76
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

76
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
შემოდგომა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 30 ნოემბერი 6 დეკემბერი

0
(განახლებულია 12:47 29.11.2020)
ამ კვირაში ერთი ყველასთვის საშიში დღეა – 30 ნოემბერი – სავსემთვარეობისა და მთვარის ნაწილობრივი დაბნებელის დღე. დანარჩენი დღეები ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვერძი

კვირის პირველი დღე დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას, სულიერ მხარეს. ეს კვირის დანარჩენ დღეებში პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დარჩით სახლში, მოერიდეთ თავყრილობებს, უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებს.

სამშაბათიდან მრავალი ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. ძალზე იღბლიანი იქნება შოპინგი, საახალწლო მორთულობებისა და საჩუქრების ყიდვა. უქმეებზე დაალაგეთ და მოაწესრიგეთ სახლი.

კურო

კუროებისთვის ძალზე ხელსაყრელი დრო დგება მუშაობისთვის. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა, პრობლემების მოგვარება. გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი დღე – ორშაბათი – ამ დღეს, სჯობს, დაისვენოთ, დანარჩენ დღეებში კი ნებისმიერი საქმის კეთება შეგიძლიათ, მათ შორის – სახლის მოწესრიგება–დასუფთავება.

კარგი კვირაა ახალი ნაცნობობისთვის, განსაკუთრებით უქმე დღეები. ასევე შეგიძლიათ რომანტიკული კუთხით გააქტიურდეთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ: გამიჯნეთ სამუშაო და სიყვარული – სამსახურებრივი რომანი ნამდვილად არ წაგადგებათ.

ტყუპი

ტყუპებისთვის ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიყვარულო სფერო გახდება, ასევე ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან.

პარასკევიდან შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, გამგზავრება სადმე. მერკური მშვილდოსნის ნიშანში იქნება და ეს სწავლაში დაგეხმარებათ. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა. მოერიდეთ სიცრუესა და სიყალბეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეპუტაციის შებღალვა გელოდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავია არა სახლი და სამუშაო, ფული ან სასიყვარულო დრამა, არამედ შინაგანი პიროვნული გამთლიანება. იდეალური დროა ახალი ცოდნის, მისაღებად, საქმიანი მგზავრობისა და სულიერი საზრდოს მიღებისთვის.

საქმეებში რაციონალური მიდგომა გჭირდებათ. არ შეიძლება, რომ მთელი დრო მუშაობას დაუთმოთ, დასვენება და ძალების აღდგენაც აუცილებელია. თუ მოულოდნელი პრობლემები გამოჩნდა, ყველაფერს ცივი გონებით შეხედეთ და გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიიღოთ.

ლომი

ლომებს კვირის დასაწყისი და ბოლო დღე საკმაოდ რთული გელოდებათ. ეს იქნება საშიში დღეები, როდესაც თქვენი მტრები და არაკეთილმოსურნეები გააქტიურდებიან. ეცადეთ, მოერიდოთ არასასიამოვნო ადამიანებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუგებრობები.

რისკის ფაქტორი ორშაბათს ნერვები, აჩქარება, აპათია და ნეგატივი გახდება. დაბნელების გამო მნიშვნელოვანი საქმეების ჩავარდნაა მოსალოდნელი. ასტროლოგები გირჩევენ, გარშემომყოფებს ფუჭი დაპირება არ მისცეთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

ქალწული

ქალწულებმა ორშაბათს უარი უნდა თქვათ იმ საქმეებზე, რომლებიც ძალიან არ მოგწონთ და გადახედოთ პრიორიტეტებს. ებრძოლეთ ნეგატიურ დებულებებს. 1 დეკებრიდან ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა გაუმჯობესდება და ეს თქვენზეც აისახება – გახდებით უფრო იღბლიანი და ოპტიმისტური. კვირა მიუძღვენით უთანხმოებების მოგვარებას, ურთიერთობებში პრობლემების გადაწყვეტას.

ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. არასასურველია დღის სტანდარტული განრიგიდან გადახვევა – ამას, შესაძლოა, დიდი პრობლემები მოჰყვეს. თუ არჩევნის წინაშე დადგებით – გასწიოთ დროისა თუ ფულის ეკონომია, სჯობს, არჩევანი დროზე შეაჩეროთ. მაგალითად, ნუ დაკარგავთ დროს რამის ყიდვაზე და ის ინტერნეტით შეუკვეთეთ.

სასწორი

ამ კვირაში საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ე.წ. სიღარიბის ჩვევების ტყვეობისგან გათავისუფლდეთ, ან პირველი ნაბიჯი მაინც გადადგათ ამ მიმართულებით. შუა კვირაში შეიძლება ახალი სამუშაოს მოძებნა, სხვა ქალაქის სტუმრობა – ეს თქვენს ენერგეტიკაზე, იღბალსა და განწყობაზე დადებითად აისახება.

თუ სასიყვარულო სფეროში ურთიერთობები ახალი დაწყებული გაქვთ, იფრთხილეთ – შესაძლოა მესამე ადამიანის ჩარევა. ასეთ პერიოდებში ხშირად ჩნდება „სასიყვარულო სამკუთხედები“. უფროსი თაობის ადამიანებთან იყავით ტაქტიანი და თავშეკავებული, მაგრამ მუდმივად დათმობაზეც ნუ წახვალთ. ამ კვირაში ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე უკიდურესობაში არ „გადავარდებით“.

მორიელი

მორიელებს 30 ნოემბერს ძალების გამოფიტვა გემუქრებათ, რომელთა აღდგენა არცთუ მარტივი იქნება. ამისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ იოგას სავარჯიშოები, შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. ოთხშაბათამდე კონფლიქტის ზონას არ გასცდეთ, არ გარისკოთ ტყუილუბრალოდ. დაისვენეთ და ძალები მოიკრიბეთ.

ოთხშაბათს ღამის მანათობლები ენერგეტიკას შეიცვლიან, ამიტომ ენერგიასა და იღბლის გვერდით დგომას იგრძნობთ. ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლას დაიწყებს, კარგი განწყობა კი გამარჯვებებისკენ გზის გაკაფვაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლო იდეალურია გუნდური ან შემოქმედებითი მუშაობისთვის.

მშვილდოსანი

ამ კვირაში სათანადო განწყობა თვენი წარმატებების 90 პროცენტის გარანტია იქნება. რა თქმა უნდა, ღამის მანათობლები თქვენს წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანენ, მათი განწყობა ძალზე პოზიტიური იქნება. მთვარის დაბნელებაც კი ვერ შეძლებს თქვენთვის ზიანის მოტანას.

ზამთრის დასაწყისში თავი უნდა მიუძღვნათ საყვარელ საქმეებს და რომანტიკულ თავგადასავლებს. მთავარია, რომ ერთმა მეორეს არ შეუშალოს ხელი. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი არ აკრიტიკოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის დგება პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია სულიერ განვითარებაზე კონცენტრირება, დასვენება, სასიამოვნო ურთიერთობები. ძალა უნდა მოიკრიბოთ დინამიკური კვირების წინ, რომელიც გელოდებათ. უამრავი საქმე გაქვთ, რაშიც უკვე უქმეებზე დარწმუნდებით.

ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ილუზიებისგან გათავისუფლდით. მიიღეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ზოგიერთი ახლობელი ადამიანი, შესაძლოა, გამაღიზიანებელი გახდეს, მაგრამ ეს არაა მიზეზი იმისთვის, რომ მას ზურგი აქციოთ.

მერწყული

კვირის პირველი ნახევარი მთვარის დაბნელების გამო რთული იქნება. შესაძლებელია გეგმების გაუთვალისწინებელი ჩავარდნები, პრობლემები სამუშაოზე და სახლში. ყველაფრისთვის გვერდის აქცევას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ, უბრალოდ, განეწყვეთ იმისთვის, რომ ბევრი საქმე გექნებათ.

ახლა თქვენთვის საუკეთესო რჩევაა, გამოავლინოთ ცუდის დავიწყების უნარი და პოზიტივზე გადაერთოთ. დაგჭირდებათ მოქნილობა და არა უსიამოვნებებზე „ჩაციკვლა“, წყენის დამახსოვდება და მენტალური ნაგვის დაგროვება. ამის ნაცვლად ისწავლეთ ადამიანების პატიება და ხანდახან დათმობაზე წასვლა.

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ხელსაყრელ განლაგებაში თქვენ მხარეს არიან, ამიტომ დაბნელებაც კი ვერ შეუშლის ხელს თქვენი გეგმების განხორციელებას. ციური სხეულები გაზრდიან თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე საოცარი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

კვირის ბოლო მიუძღვენით შოპინგსა და დასვენებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ საჩუქრების ყიდვისა და გარდერობის განახლებისთვის საუკეთესო დროს ამ წელიწადში ვერ ნახავთ.

0