პარლამენტი

არჩევნები საქართველოში ქართული პარლამენტარიზმის გზა

66
(განახლებულია 19:34 28.10.2020)
მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

პირველად მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა საქართველოში ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა – მოსახლეობამ აირჩია უზენაესი საბჭო, წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„Sputnik-საქართველო” მკითხველს სთავაზობს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის მოკლე ექსკურსს, რომელიც არაერთ ათწლეულს ითვლის.

პირველი არჩევნები

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა დამფუძნებელი კრება აირჩიეს.

ასი წლის წინ დამფუძნებელ კრებაში ადგილების მოსაპოვებლად 15 პოლიტიკური პარტია იბრძოდა. ეს იყო პირდაპირი, საყოველთაო არჩევნები პროპორციული სისტემით. არჩევნებში ამომრჩეველთა 81%-მა მიიღო მონაწილეობა. 

1919 წელს გამარჯვება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (მენშევიკებს) ხვდა წილად, რომელმაც ხმათა უმრავლესობა 130-დან 109 ადგილი მოიპოვა. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე აირჩიეს – სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი. ვიცე-სპიკერების თანამდებობები კი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

საქართველოს საარჩევნო კანონი მაშინ არაერთი ნიშნით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო – სწორედ მაშინ მიიღეს ქართველმა ქალებმა პირველად ხმის უფლება, ეს მაშინ, როცა გენდერული შეზღუდვები საარჩევნო პროცესში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში იყო შენარჩუნებული. დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი მოხვდა.

გარდა ამისა, ხმის მიცემისა და არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილეობის უფლება მიეცათ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. დამფუძნებელ კრებაში შევიდა ათი სომეხი, ოთხი აზერბაიჯანელი, ორი რუსი, ორი ებრაელი, ერთი ბერძენი და ერთი გერმანელი მოქალაქე.

მთავრობის მეთაურად დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს ნოე ჟორდანია აირჩია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. ივლისში შექმნილი სენატი კი კანონების დაცვას აკონტროლებდა.

დამფუძნებელმა კრებამ არსებობის ორი წლის განმავლობაში 126 კანონი და პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია 1921 წლის 22 თებერვალს დაამტკიცეს, როდესაც მე-11 წითელი არმიის ნაწილები უკვე თბილისის მისადგომებს უახლოვდებოდა.

დამფუძნებელი კრება 25 თებერვალს ჯერ თბილისიდან ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში იქნა ევაკუირებული, სადაც 21 მარტს მისი ბოლო სხდომა ჩატარდა. სამ დღეში ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება დაითხოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველომ დამოუკიდებლობა და პარლამენტარიზმის ტრადიცია მხოლოდ 70 წლის შემდეგ აღიდგინა. პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა საქართველოში 30 წლის წინ – 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ უზენაესი საბჭო აირჩია. 

შერეული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის 250 წევრი (125 – პროპორციული სისტემით, 125 – მაჟორიტარული სისტემით) ხუთი წლის ვადით აირჩიეს.

დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში და 155 მანდატი მოიპოვეს ეროვნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. მისი ლიდერი, შემდეგ კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია.

„საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ მეორე ადგილი დაიკავა და 64 მანდატი აიღო, 31 დეპუტატი კი დამოუკიდებელი მაჟორიტარული წესით შეირჩა.

საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე – დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 98,93%-მა. რეფერენდუმში ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა. ამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

პარლამენტმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და შეცვალა ყველა ძველი სახელმწიფო ატრიბუტი – სახელმწიფო დროშა, ჰიმნი და გერბი.

საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოს პუტჩისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა, მაგრამ ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე მწიფდებოდა სერიოზული დაპირისპირება, რომელიც 1991 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

უზენაესმა საბჭომ, დამფუძნებელი კრებისგან განსხვავებით, ხელისუფლებაში ერთ წელზე ცოტა მეტხანს დაჰყო.

ყველაზე კოლორიტული პარლამენტი

1992 წელს სახელმწიფო გადატრიალებისა და პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შედეგად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობა იმ დროს არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,2% შეადგინა. 

არჩევნების დროს პარლამენტის შემადგენლობასთან ერთად ირჩევდნენ მის თავმჯდომარეს, სახელმწიფოს ფაქტობრივ მეთაურს. ამ პოსტზე აირჩიეს სამშობლოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი და სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

მეორე მოწვევის პარლამენტი ყველაზე მრავალპარტიული და კოლორიტული იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში – 30-მდე სხვადასხვა პარტია სახელმწიფოსა და ხალხის ბედს წყვეტდა. სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო 1995 წელს საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ნოემბერში მომდევნო არჩევნები ჩატარდა.

ახალი პოლიტიკური ელიტის გამოჩენა

ახალი სისტემით არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც 50 ათას ხელმოწერას შეაგროვებდნენ, ან რომელთაც ჰყავდათ წარმომადგენლობა პარლამენტში კონსტიტუციის მიღების მომენტში. კანონმდებლობით შეიცვალა დეპუტატების რაოდენობაც – 150 დეპუტატს პროპორციული სისტემით ირჩევდნენ, 85-ს – მაჟორიტარულით. პარლამენტში ადგილების უმრავლესობა დაიკავეს ედუარდ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლებმა. ამომრჩეველთა აქვიტობა 66,6% იყო. 

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს გაიმართა. ხმათა უმრავლესობა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 67,9% შეადგინა. 

ქართული პარლამენტარიზმი ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ზურაბ ჟვანიამ აიყვანა, რომელიც პარლამენტს 1995-2001 წლებში ხელმძღვანელობდა. საქართველოს უახლესი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო და გამორჩეული ფიგურის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე – 1999 წელს ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ჟვანიამ შესამჩნევი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში – იგი 2005 წლის 3 თებერვალს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ჟვანია მხუთავი აირით მოიწამლა.

ქართული პარლამენტარიზმისა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წლის დეკემბერში ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ტრიუმვირატი

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა. მაშინდელი ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ამომრჩეველთა ხმების 40% მიიღეს, მაშინ, როცა ოპოზიციამ ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით საერთო ჯამში 28% აიღო. 

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ამ საპროტესტო ტალღას „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს. მასების ზეწოლის შედეგად არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაბათილდა და 2004 წლის 28 მარტს ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა მხოლოდ პროპორციული კომპონენტით. გამარჯვება ამჯერად „რევოლუციონერებმა“ მოიპოვეს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებმა“.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმზე დამტკიცებული ახალი წესების შესაბამისად, დეპუტატების რიცხვი 150-მდე შემცირდა. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნა 2012 წლამდე მოახერხა.

ხელისუფლების ცვლილება

საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება პირველად რვა წლის წინ შეიცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარცხი განიცადა, მხოლოდ 65 მანდატი აიღო და ადგილების უმრავლესობა საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ დაუთმო (85 მანდატი). პარლამენტის თავმჯდომარედ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აირჩიეს.

უდავოა, ეს არჩევნები საქართველოს მატიანეში შევა, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით და არა რევოლუციით შეცვლის პრეცედენტი. 

მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს აირჩიეს. არჩევნების შედეგად პარლამენტში შევიდა სამი პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. თუმცა, შემდეგ შიდა უთანხმოების გამო პარტიები დაიშალა და გამრავლდა.

ოთხ წელიწადში პარლამენტმა ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. 2016 წლიდან პარლამენტს თავმჯდომარეობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, დატოვა თანამდებობა.

ამის მიზეზი გახდა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად. თუმცა, ღონისძიება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც გავრილოვი 20 ივნისს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გვიან ღამით საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეღწევა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავა

საიუბილეო მოწვევა

საიუბილეო, მეათე მოწვევის პარლამენტს ქვეყნის მოსახლეობა 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით აირჩევს.

მიმდინარე წლის ივნისში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების თანახმად, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.

არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეორგოლები საქართველოში – ვიდეო>>>

საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და ოთხი წლის ვადით საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით დგება. მის შემადგენლობაშია 150 დეპუტატი, რომელიც ოთხი წლით შერეული სისტემით აირჩევა.

ქართული პარლამენტის ამჟამინდელი სტრუქტურა საბოლოო არ არის. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი იქნება – რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო დაკომპლექტდება პროპორციული სისტემით არჩეული წევრებისგან, სენატი კი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისგან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი სენატორისგან.

66
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

47
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

47
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ქუთაისი

ქუთაისის მერის არჩევნებზე „ქართველი ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

57
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული 22 ნოემბრის დილის წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

მან ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 2 595 ხმა - ეს 7,98%. ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი.

ქუთაისის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხმების 91,9%-ით მოიგო და გაუსწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც 8,1% დააგროვა.

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 21,83% შეადგინა.

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

57
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
პაატა იმნაძე

იმნაძე: რეალურად COVID-19–ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად

0
(განახლებულია 11:56 25.11.2020)
კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს ეპიდემიოლოგი

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სინამდვილეში, საქართველოში ერთ დღეში კორონავირუსით ათი ათასამდე მოქალაქე ინფიცირდება და არა სამი–ოთხი ათასი, როგორც ეს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2"–ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

„ჩვენი გათვლებით, ახლა 10 ათასამდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ", – განაცხადა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ მთავრობის დამოკიდებულება არ უნდა იყოს ასეთი ლიბერალური, შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ამას ყველაფერს მე ზაფხულშიც ვამბობდი,რომ ეს მოხდებოდა. შეახსენეთ მოსახლეობას, რომ მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვიყავი გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ახლაც. ალბათ საჭირო იყო მეტი შეზღუდვები", – განაცხადა იმნაძემ.

სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდებოდა ამ პრობლემას და გაითავისებდა, დაუჯერებდა სპეციალისტებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, აღნიშნა მან.

„დიახ, მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო, გეთანხმებით", – განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში, აქციაზე, რესტორანში ან სადმე სხვაგან, შეიძლება ინფექციის მასშტაბური გავრცელების წყარო გახდეს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085.

„ეს იყო შეცდომა" – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმი მოხდა – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში