ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

53
(განახლებულია 18:03 28.10.2020)
კობახიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ეს უნდა ნახოთ! ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო რგოლები საქართველოში>>

კობახიძის თქმით, ამ შტაბის ამოცანაა მოქალაქეთა პროვოცირება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე. ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისში კი – გლდანის რაიონი.

„აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, რომ კარს მომდგარ არჩევნებს მაქსიმალურად ჩრდილი მიაყენონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ოპოზიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა და მათ ყალბი ორგანიზაციები უწოდა. მისი თქმით, ასეთი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ირაკლი კობახიძემ კონკრეტულად ორგანიზაცია IPM-სთვის ოპოზიციის მხრიდან დაკვეთილ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - IPM-სთვის დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა – „პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ“.

„და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და შიმშილობის კვალდაკვალ ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობის შესასწავლად, არამედ მათზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. კობახიძე ოპოზიციის ამ ქცევას დესტრუქციულს უწოდებს.

კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველი გუნდის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან პირობა დადო ქვეყნის მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად.

Survation-ის გამოკითხვა: მოქალაქეების 71% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

53
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

51
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

51
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ქუთაისი

ქუთაისის მერის არჩევნებზე „ქართველი ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

59
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული 22 ნოემბრის დილის წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

მან ამომრჩეველთა 29 911 ხმა მიიღო - 92,02%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 2 595 ხმა - ეს 7,98%. ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი.

ქუთაისის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხმების 91,9%-ით მოიგო და გაუსწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც 8,1% დააგროვა.

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 21,83% შეადგინა.

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

59
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

0
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში