თბილისში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება

თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის რიგით მესამე მუსიკალური ფესტივალი ქართველი პიანისტების - ალექსანდრე კორსანტიას, მანანა დოიჯაშვილის, მარინა ნადირაძის, ირმა გიგანის გამოსვლით გაიხსნება.

თბილისი, 19 მაისი –  Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტის, საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 23-25 მაისს, თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე ჩატარდება, ნათქვამია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს, 18 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან გამოჩენილი ქართველი პიანისტები: ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, მარინა ნადირაძე და ირმა გიგანი, ასევე ფესტივალის დამაარსებელი თამარ ლიჩელი. ფესტივალში მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე. 

სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე ფრედერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის, მორის რაველისა და სერგეი პროკოფიევის უკვდავი ნაწარმოებები შესრულდება.

ქართული მუსიკის კონცერტი 24 მაისს გაიმართება. ქართველ პიანისტებთან თამარ ლიჩელთან და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს იაპონელი მევიოლინე კენ აისო (Ken Aiso) და ჰოლანდიური საფორტეპიანო დუეტი The Scholtes & Janssens შეასრულებენ.

25 მაისს ფესტივალს საზეიმოდ დახურავს საყოველთაოდ აღიარებული რუსი ვიოლონჩელისტის დენის შაპოვალოვის და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ”საქართველოს სიმფონიეტას” ერთობლივი კონცერტი.

ქართველი პიანისტი და პედაგოგი თენგიზ ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. იგი კონცერტებს მართავდა რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში. პიანისტის რეპერტუარში ფრედერიკ  შოპენის  ნაწარმოებებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.


ყველა ახალი ამბავი
0