რუსული რუბლი

რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელია: როგორ ეხმარებიან მიგრანტები ბიუჯეტებს

49
(განახლებულია 19:43 17.05.2021)
რუსეთიდან ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელად აღიარეს მსოფლიოში. უფრო მეტიც, როგორც მსოფლიო ბანკის მოხსენებიდან ირკვევა, გასული წლის განმავლობაში მათი ღირებულება 2,11%-დან 1%-მდე შემცირდა.

ნიკიტა ჩიკუნოვი

ამავდროულად 200 აშშ დოლარის გადარიცხვის საშუალო ღირებულება ევროპის ერთიანი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის, რომელსაც ექსპერტები რუსეთსაც მიაკუთვნებენ, 6,42%-ს შეადგენს. ეს ორზე მეტჯერ მეტია მიზნობრივ ორიენტირზე 3%-ის მოცულობით, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ დაადგინა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე იაფი გამოდგა რუსეთიდან საქართველოში ტრანზაქციები (თანხის 1%), ხოლო ყველაზე ძვირი — თურქეთიდან ბულგარეთში (დაახლოებით 12%).

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, პანდემიამ ვერ მოახდინა არსებითი ნეგატიური გავლენა მსოფლიოში ფულადი გადარიცხვების მოცულობაზე. 2019 წელთან შედარებით, მაჩვენებელი სულ 1,6%-ით, 540 მლრდ დოლარამდე შემცირდა (2009 წლის კრიზისის დროს გადარიცხვების მოცულობა 11%-ით დაეცა). როგორც მსოფლიო ბანკში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ შრომითი მიგრანტებისთვის პოპულარულ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარება მოსალოდნელზე უკეთესი გამოდგა.

ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წელს რუსეთში ოთხწლიანი მინიმუმი დაფიქსირდა უცხოეთში გადარიცხვების მოცულობის მხრივ — 7,4 მლრდ დოლარი. ამაზე ნაკლები მხოლოდ 2017 წელს იყო — 7,3 მლრდ დოლარი. შემცირების მიზეზად ცენტრობანკში რუბლის კურსის დაცემა, ნავთობზე მსოფლიო ფასების კლება და პანდემია დაასახელეს.

გასული წლის განმავლობასი რუსეთიდან ყველაზე მეტი ფული დსთ-ის ქვეყნებში გადაირიცხა — 6,2 მლრდ დოლარი. ახლო საზღვარგარეთის ყველა ქვეყანაში 6,46 მლრდ დოლარი გადაირიცხა, ცოტა მეტი, ვიდრე 2019 წელს (6,42 მლრდ დოლარი).

კონკურენციის პლუსები

როგორც ელექტრონული ფულისა და ფულადი გადარიცხვების ბაზრის მონაწილეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პაველ შუსტოვი ამბობს, ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ეტაპობრივი გაიაფება — ეს ბოლო ორი−სამი წლის საერთო მსოფლიო ტრენდია.

„ტრანზაქციების ღირებულების გაიაფება მთელ მსოფლიოში ფიქსირდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ 2020 წელი რუსეთისთვის რეკორდული არ იყო. მეორე და მესამე კვარტლებში გადარიცხვები ძალიან ძვირდებოდა — 1,9%-მდე. ძალიან სერიოზული დაცემა ჩვენ მხოლოდ მეოთხე კვარტალში ვიხილეთ“, — განმარტა მან.

ამის მიზეზებს შორის ექსპერტმა გამოყო ელექტრონულ არხებზე გადასვლა, რომლებიც საგადასახადო სისტემებს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ნაღდი ფულის მიღება და გაცემა, ასევე მარკეტინგული პროგრამების ორგანიზება ახალი კლიენტების მისაზიდად.

ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკმა რუსეთი ლიდერად დაასახელა, რუსეთის ცენტრობანკის გონივრული რეგულირების დამსახურებაა, ამბობს ეროვნული საგადასახადო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მარია მიხაილოვა.

„რუსეთის ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენციის გაძლიერებას რუსეთის ფულადი გადარიცხვების ბაზარზე. სხვადასხვა საგადასახადო სისტემებს შორის კონკურენცია ახლა უკიდურესად მაღალია — სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ტრანზაქციების ღირებულების რამდენიმეჯერად კლებას“, — ამბობს ის.

გადარიცხვების ღირებულების კლების კიდევ ერთი მიზეზი ამ სფეროსადმი ბანკების მზარდ ინტერესს უკავშირდება, ამბობს ექსპერტი ნატალია რაკოვა.

„ადრე რუსეთში ფულადი გადარიცხვების სისტემები დომინირებდა, მაგრამ ბოლო დროს ბაზრით ბანკები დაინტერესდნენ. ისინი ტრანსსასაზღვრო შეთანხმებებს აფორმებენ [სხვა ქვეყნების ბანკებთან], რაც ფიზიკურ პირებს ორგანიზაციებს შორის ფულის დაბალი ნიხრით გადარიცხვის შესაძლებლობას აძლევს“, — განმარტა ანალიტიკოსმა.

ამასთან 1%-იანი ღირებულება შემცირებულად გამოიყურება. მსოფლიო ბანკის გამოთვლებში შესაძლოა კონვერსიული ოპერაციები არ არის გათვალისწინებული — ერთი ქვეყნის ვალუტის გადაცვლა სხვა ქვეყნის ვალუტაზე.

„ბანკები და გადახდის სისტემები ზოგჯერ გადარიცხვების ნომინალურ ღირებულებას დაბლა სწევენ, ზოგ შემთხვევაში 0%-მდე. ამ დროს ისინი კონვერსიით გამოიმუშავებენ ფულს. მაგალითად, რუბლის დოლარში გადაყვანით, დოლარის კი ყაზახურ ტენგეში გადაყვანით“, — ამბობს ნატალია რაკოვა.

უახლოეს პერსპექტივაში, თუ რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარება უარესობისკენ არ შეიცვლება, გადარიცხვების ღირებულება შესაძლოა კიდევ შემცირდეს, ვარაუდობს მარია მიხაილოვა.

გადახდები ეკონომიკების გადამრჩენელია

პანდემიის დროს ფულადი გადარიცხვები უზარმაზარ მხარდაჭერად იქცა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით — ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთისთვის.

როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი ზუბეცი ამბობს, შრომითი მიგრანტებისგან შემოსავლები ამ სახელმწიფოების ბიუჯეტების ერთ-ერთი მთავარი საშემოსავლო ნორმაა.

„ცენტრალური აზიის თითქმის ყველა რესპუბლიკისთვის ვალუტის შედინების ძირითადი წყარო მიგრანტების გადარიცხვებია. ამ ქვეყნებში ეკონომიკის კატასტროფული ჩამოშლა არ მოხდა იმის წყალობით, რომ რუსეთში გადახდის სისტემები გამართულად მუშაობდა“, — განმარტავს ის.

რუსეთში პანდემიის დაწყებამდე 13 მილიონზე მეტი მიგრანტი ფიქსირდებოდა ყოფილი სსრკ-დან. ცენტრობანკის მონაცემებით, 2019 წელს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში 6,42 მლრდ დოლარი გაიგზავნა, რაც რუსეთის ყველაზე მდიდარი რეგიონის, მოსკოვის წლიური ბიუჯეტის ნახევარზე ოდნავ ნაკლებია ($15,7 მლრდ 2019 წელს). ამ ფულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული ეკონომიკების მხარდაჭერაში, ამბობენ Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

კერძოდ, ფულად გადარიცხვებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფინანსურ ნაკადებში, მიაჩნიათ ევრაზიის განვითარების ბანკში.

„რუსეთიდან გადარიცხვები მნიშვნელოვანი წყაროა კავშირის მთელ რიგ ქვეყნებში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მხარდასაჭერად. ყირგიზეთისა და სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში გადარიცხვები, შესაბამისად, 23% და 8%-ს შეადგენს. სხვა ქვეყნებში — ბელარუსსა და ყაზახეთში — გადარიცხვები ესოდენ მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, შეადგენს რა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს“, — აღნიშნავენ ეკონომისტები.

შრომითი მიგრანტებისგან მიღებული შემოსავლები შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს, თუ რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნები რუსეთის ცენტრობანკის სწრაფი გადახდების სისტემაში ჩაერთვებიან. ახლა ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს ბელარუსი, რომელიც სისტემას შესაძლოა უკვე 2022 წელს შეუერთდეს.

სწრაფი გადახდების სისტემა რუსეთში 2019 წელს ამუშავდა. ამით ფულის გადარიცხვა ტელეფონის ნომრითაა შესაძლებელი საკომისიოს გარეშე — გამგზავნი და მიმღები ბანკების მიუხედავად.

„სისტემასთან მიერთება მნიშვნელოვნად გააიაფებს საერთაშორისო ფულად გადარიცხვებს, გარკვეული აზრით, უფასოსაც კი გახდის. ვფიქრობ, ეს ძალიან უნდა სურდეთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ბიუჯეტებს რუსეთში დასაქმებული მოქალაქეების გადარიცხვებით ავსებენ“, — ასკვნის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დმიტრი ოფიცეროვ-ბელსკი.

49
თემები:
რუსეთი დღეს (939)
ლიტერატურა

მეტყველებაში დამკვიდრებული ფრაზა-გამოთქმები: ისტორია და მნიშვნელობა

43
(განახლებულია 23:28 30.07.2021)
ჩვენს მეტყველებაში არის ფრაზები და სიტყვები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია გამუდმებით ვიყენებთ. თუმცა ზოგი მათგანის მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს.

ვფიქრობთ, მკითხველებს დააინტერესებთ ამ ფრაზების თაობაზე განმარტებები.

„გედის სიმღერა“

ძველ ბერძნულ მითებში არსებობს ლეგენდა, რომ გედი თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მღერის — სიკვდილის წინ.

აი, როგორ აღწერს გედის სიმღერას ერთ-ერთი მონადირე:

„გედი იჯდა ღია ადგილზე, მოუსვენრად ტრიალებდა, ეტყობა გვამჩნევდა და ასაფრენად ემზადებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო, აფრენის მომენტში ვესროლე. სასიკვდილოდ დაჭრილი გედი წყალზე დარჩა. განზე გაცურდა, კისერი წაიგრძელა და გაისმა მისი სასოწარკვეთილი ბოხი ხმა. რაც უფრო უახლოვდებოდა ჩვენი ნავი, მით უფრო თავგანწირვით, საშინელი ხმით ითხოვდა შველას. მაგრამ აღსასრული მალე დადგა...“

სწორედ ამ ლეგენდიდან გაჩნდა გამოთქმა „გედის სიმღერა“.

„არიადნეს ძაფი“  

ასე უწოდებენ რთული მდგომარეობიდან თავდასაღწევ საშუალებას, გამოსავალს.

გამოთქმა მომდინარეობს ბერძნული მითიდან, რომლის მიხედვითაც, არიადნე კრეტის მეფე მინოსის ქალიშვილი იყო. მინოსს ლაბირინთში დამწყვდეული ჰყავდა ხარისთავიანი ურჩხული — მინოტავრი, რომელსაც საკვებად ლამაზ ქალიშვილებსა და ჭაბუკებს უგზავნიდა. ლაბირინთში მოხვედრილი თავს ვერ აღწევდა ურჩხულს, რადგან უკან დასაბრუნებულ გზას ვერ პოულობდა.

არიადნეს შეუყვარდა გმირი ჭაბუკი თევზესი, რომელიც მინოტავრის ლუკმა უნდა გამხდარიყო, და მას ლაბირინთში გზის გასაგნებად ძაფის გორგალი მისცა. თეზევსმა გორგლის წვერი შესასვლელთან დაამაგრა და გაბედულად შევიდა ლაბირინთში, მოკლა მინოტავრი და ძაფის საშუალებით ადვილად იპოვა უკან დასაბრუნებელი გზა.

„პოტიომკინის სოფელი“

გრაფი გრიგოლ პოტიომკინი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო, რომელმაც დიდი როლი შეასრულა რუსეთისთვის ყირიმისა და შავი ზღვისპირეთის შემომტკიცების საქმეში.

1787 წელს იმპერატორმა ეკატერინემ დიდი ამალით იმოგზაურა ამ ახლად შემოერთებულ მხარეში. მათი სიმდიდრისა და კეთილდღეობის საჩვენებლად პოტიომკინმა სასწრაფოდ შეაკეთა გზები, გააშენებინა ხეივნები, გზიდან მოშორებით კი სოფლის დეკორაციები ააგებინა.

ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეკატერინესა და მის ამალაზე. არადა, ეს მხოლოდ ილუზია იყო.

ამის შემდეგ „პოტიომკინის სოფელი“ თვალის ახვევის, მოტყუების, მოჩვენებითი კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა.

„რა გორელივით შუა ქუჩაში დადიხარ?!“

ეს გამოთქმა გორში 1920 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დამკვიდრდა.

საშინელი სტიქიის შემდეგ ქალაქის შეშინებული მოსახლეობა შენობებთან ახლოს სიარულს ერიდებოდა და შუა ქუჩაში დადიოდა.

მას შემდეგ ადამიანს, რომელიც თუნდაც ტროტუარის შუაში დადის, გორელს ადარებენ ხოლმე.

„ქოქოლა მიაყარა“

ეს ნიშნავს ხმამაღლა მიაწყევლა, არ დაინდოო. თანაც ამ დროს მაწყევარი ხელს იქნევს მოწინააღმდეგისკენ, რაც გადატანით, სიმბოლურად, ქვის სროლას ნიშნავს.

ძველად სასჯელის ერთ-ერთი უსასტიკესი ფორმა ჩაქოლვა იყო. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ადამიანს ქვებს ესროდნენ და ასე მარხავდნენ ხოლმე ქვაყრილში. მერეც ვინც კი იმ ადგილს გაივლიდა, იმასაც ქვა უნდა დაეგდო ბორცვზე.

ასეთი სასჯელი, რაღა თქმა უნდა, კარგა ხანია დავიწყებას მიეცა, მაგრამ თვითონ მისი აღმნიშვნელი სიტყვები: ჩაქოლვა, ჩაქვავება და ქოქოლა, დღემდეა შემორჩენილი ჩვენს ენაში.

„დამოკლეს მახვილი“

ეს გამოთქმა იხმარება მოახლოებული საფრთხის, მოსალოდნელი საშიშროების აღსანიშნავად.

ის ემყარება ძველბერძნულ თქმულებას: სირაკუზის ტირანი (შეუზღუდველი მმართველი) დიონისე უფროსი უბედნიერეს კაცად მიაჩნდა მასთან დაახლოებულ დამოკლეს. ერთხელ დიონისემ დამოკლე დაპატიჟა და თავის ტახტზე დასვა. მაგრამ ტახტის თავზე ცხენის ძუით წინდაწინ დაჰკიდა შიშველი მახვილი ისე, რომ ადვილად შეიძლებოდა, ძუა გაწყვეტილიყო და ორლესული წვერით პირდაპირ დასცემოდა ტახტზე მჯდომს. ეს რომ დაინახა, დამოკლე წამოხტა და სწრაფად მოშორდა ტახტს.

ასე აგრძნობინა დიონისემ მოშურნეს, რომ ქვეყნის მმართველი მუდამ განსაცდელშია და მისი მდგომარეობა სანატრელი არ არის.

„ურწმუნო თომა“

სახარების თანახმად, როცა ჯვარცმული ქრისტე მკვდრეთით აღდგა და თავის მოწაფეებს გამოეცხადა, იმ დროს მისი ერთ-ერთი მოწაფეთაგანი, სახელად თომა, იქ არ იმყოფებოდა. თომამ არ დაიჯერა ამხანაგების ნაამბობი მასწავლებლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ვიდრე რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარი თვალით არ იხილა მოძღვარი და ხელით არ გასინჯა მის სხეულზე ლურსმნებით მიყენებული იარები.

სწორედ ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ „ურწმუნო თომა“ იქცა ისეთი ადამიანის ეპითეტად, რომელიც ძალზე ეჭვიანია და ადვილად ვერაფერში დააჯერებ.

„განხეთქილების ვაშლი“

ასე უწოდებენ ხანგრძლივი დავისა და უსიამოვნების გამომწვევ მიზეზს.

ამ გამოთქმასაც ლეგენდა უდევს საფუძვლად: თალესის მეფე პელევსისა და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ქორწილში ყველა ქალღმერთი იყო მიწვეული, გარდა განხეთქილების ქალღმერთ ერიდასი. ნაწყენმა ერიდამ საქორწინო სუფრაზე  ჩუმად ჩამოაგდო ოქროს ვაშლი წარწერით „უმშვენიერესს“. მისი დასაკუთრების პრეტენზია სამ ქალღმერთს: ზევსის მეუღლე ჰერას, სიბრძნის ქალღმერთ ათინასა და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტეს ჰქონდა.

ზევსმა მათ მსაჯულად ტროას მეფის პრიამოსის ვაჟი პარისი დაუნიშნა. თითოეული ქალღმერთი ცდილობდა პარისის გული მოეგო: ჰერა მთელი სამყაროს მბრძანებლობას აღუთქვამდა, ათინა უდიდეს ბრძენად და გმირად ქცევას ჰპირდებოდა, აფროდიტე კი ქვეყნიერების ულამაზეს ქალს სთავაზობდა ცოლად.

პარისმა ეს უკანასკნელი საჩუქარი ამჯობინა და უპირატესობა აფროდიტეს მიანიჭა (აქედანაა გამოთქმა „პარისის მსჯავრი“). სწორედ აფროდიტე დაეხმარა პარისს, მოეტაცა მშვენიერი ელენე — სპარტის მეფის მენელაოსის ცოლი, რასაც ათწლიანი ომი მოჰყვა ბერძნებსა და ტროელებს შორის.

ასე იქცა ოქროს ვაშლი უდიდესი განხეთქილების საბაბად.

„ბურიდანის ვირი“

ეს გამოთქმა ყოყმანის სინონიმია და ნიშნავს მერყეობას, არჩევანის გაკეთების სიმძიმეს.

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბურიდანი უარყოფდა ნებისყოფის თავისუფლებას და იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანის ნებისყოფა გარე სამყაროზეა დამოკიდებული, მშიერი ვირის მაგალითი მოჰყავდა.

არსი შემდეგშია: ვირი, რომელიც ორ სავსებით ერთგვარ თივის ბულულს შორის დგას, ვერც ერთს ვერ აირჩევს და ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის.

თუმცა ბურიდანს მცდარად მიეწერება ეს გამოთქმა, ვინაიდან ჯერ კიდევ არისტოტელეს ნაშრომებიდანაა ცნობილი. თუმცა ამ უკანასკნელში ადამიანი იდგა წყალსა და საჭმელს შორის, თანაბრად მშიერი და მწყურვალი.

„საგაზეთო იხვი“

ეს გამოთქმა XVII საუკუნის გერმანიაში წარმოიშვა, სადაც გაზეთის ერთ-ერთ სტატიასთან დაბეჭდილი იყო ორი ლათინური ასო: NT, რაც ნიშნავდა „ნონ ტესტატურ“ (არ არის შემოწმებული).

მაგრამ ეს აბრევიატურა წაიკითხეს როგორც „ენტე“, რაც გერმანულად იხვს ნიშნავს. ასე იქცა „იხვი“ საგაზეთო ტყუილების სიმბოლოდ.

43
თემები:
იცით თუ არა, რომ...
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი

1066
(განახლებულია 18:28 29.07.2021)
COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, სტატისტიკა საგანგაშოა. დგას თუ არა საქართველო მკაცრი რეგულაციების შემოღების ან სრული „ლოკდაუნის“ საფრთხის წინაშე და რა ხდება გლობალური მასშტაბით?

სამსონ ხონელი

დამეთანხმებით, უკვე ერთ თვეზე მეტია, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია, ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკა საგანგაშოა! თუმცა ვეჭვობ, ჩვენი საზოგადოების დიდი თუ მცირე ნაწილისთვის ეს ციფრები დამაფიქრებელი იყოს.

არა მგონია ვცდებოდე, სხვაგვარად რომ იყოს, დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

ოთხნიშნა რიცხვი ხომ ერთბაშად არ მოსულა, ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდებოდა, რაც საკამათო არ არის, რომ ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით მედიკოსების მიერ დაწესებული რეკომენდაციათა უგულებელყოფისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის შედეგია.

მოდით, არ დავიზაროთ და თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, გადავხედოთ, რამდენი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც დღესაც არ სჯერა COVID-19-ის არსებობა? აღარაფერს ვიტყვი მათზე, ვინც „დაჩიპვის“ შიშით არ იცრება. რა თქმა უნდა, არსებობს შექმნილი ვითარების გამომწვევი სხვა, მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები, მაგრამ საკამათო არ არის, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. არადა, სანამ ამ მარტივ მოცემულობას გავითავისებთ, ყოველდღიურად არაერთ სიცოცხლეს ვკარგავთ.

ფაქტია, COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. კერძოდ, გასული წლის ზამთრის პერიოდს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. დღესაც ისევ მწვავედ ისმის კითხვა – ქვეყანა კვლავ ხომ არ დგას მკაცრი რეგულაციების შემოღების ან სრული „ლოკდაუნის“ საფრთხის წინაშე? დიახაც, საფრთხის, რადგან ადვილად პროგნოზირებადია და გასული წლის გამოცდილებაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთიც და მეორეც ქვეყნის ეკონომიკასა თუ სოციალურ ვითარებას კარგს არაფერს უქადის.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მითუმეტეს „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. − რატომ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, მოკლედ განვმარტავ: მთავრობამ COVID-19-ის პანდემიის მართვის გზა აირჩია.

„არ ვაპირებთ „ლოკდაუნს“. ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები. ეს პრაქტიკა გასულ წელს გლობალურად არსებობდა და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას აკეთებდა, მაშინ გამოცდილება ნაკლები იყო და ვაქცინებიც არ არსებობდა. გასულ წელს ჩვენი ეკონომიკა 6,2 პროცენტით შემცირდა. ეს იყო მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა საიმისოდ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს. სწორედ ამ გზით უნდა გადავლახოთ არსებული რთული სიტუაცია. ამ გზით უნდა ვიაროთ. საქართველო „ლოკდაუნის“ გზას აღარ მიჰყვება“, − აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გახდება თუ არა ეკონომიკა მკვლელი ვირუსის მძევალი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, როგორც ამას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, საქართველო ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით სამეზობლოში დღეს მეტ-ნაკლებად თანაბარ დონეზეა.

„საქართველოში ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს 7,7 პროცენტის, ხოლო გაისად 6 პროცენტის ნიშნულზე პროგნოზირებენ. ვფიქრობ, ზრდის ტენდენცია უახლოესი 3-4 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, მაგრამ იმხელა ჩამორჩენა გვაქვს, რომ ზრდის ასეთი ტემპი შედეგზე ვერ გაგვიყვანს. ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება. ჩვენს რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, დიდი ჩამორჩენა არ გვაქვს. თურქეთმაც და ირანმაც ეკონომიკური ზრდა აჩვენეს, ხოლო აზერბაიჯანსა და რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების საქართველოზე  ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდათ. ერთადერთი ვაჯობეთ სომხეთს, სადაც ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი მეტი იყო“, − აღნიშნავს ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს რამდენიმე სახელმწიფომ თავი უკვე დააღწია. კერძოდ, გასულ წელს 2019 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 27-მა ქვეყანამ გაზარდა.

„ბუნებრივია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და შემცირება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლათინური ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო გაიანამ ნავთობის აღმოჩენის შედეგად ეკონომიკა მთელი 43 პროცენტით გაზარდა. ჩინეთი, რომელმაც COVID-19-ის სახით სამყაროს დიდი თავსატეხი გაუჩინა, ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ამ კრიზისიდან. გასული წლის მეორე კვარტალში ჩინეთში ეკონომიკა 7 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა.

ძალზე საგულისხმოა ევროკომისიის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, ევროზონის 19 ქვეყანა COVID-19-ის პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს წლის ბოლოსთვის აინაზღაურებს“, − აცხადებს სოსო არჩვაძე და იქვე დასძენს, რომ 30-მდე სახელმწიფოში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. მათ შორის იყო ისეთი ქვეყნებიც, რომელთა შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი ტურიზმისა და სათამაშო ბიზნესის სექტორზეა დამოკიდებული.

მალდივის რესპუბლიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი 32 პროცენტით შემცირდა. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს კარიბის ზღვის აუზის მცირე ზომის იმ ქვეყნებმა, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებული. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუჭირდათ იმ ქვეყნებს, სადაც შიდა კონფლიქტები იყო ან ავტორიტარული რეჟიმით გამოირჩეოდნენ. კერძოდ, ვენესუელაში ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა.

საინტერესოა, COVID-19-ის პანდემიისგან რა ტიპის ქვეყნები დაზარალდნენ ყველაზე მეტად?

კითხვაზე საპასუხოდ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მოხსენებას მოვიშველიებ. სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსებმა ქვეყნები სამ ჯგუფად გაანაწილეს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი დღეს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის პამდემიამდე პერიოდის ეკონომიკასთან შედარებით შემცირების მასშტაბი იყო.

პირველ ჯგუფში განთავსდნენ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით დაეცა, მეორეში ჯგუფში მოხვდნენ ის ქვეყნები, სადაც ეკონომიკა 8 პროცენტამდე შემცირდა და ბოლო, მესამე ჯგუფში არიან ყველაზე დაზარალებული ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც 2019 წელთან შედარებით 8 პროცენტზე მეტით დაეცა.

ყველაზე მძიმედ COVID-19-ის პანდემია ფორმირებადი ეკონომიკის ქვეყნებზე აისახა, რისკის ზონაშია ის ქვეყნები, რომლებიც პანდემიის გარეშეც საგარეო ვალზე დამოკიდებული არიან, კერძოდ, შრი-ლანკა, სურინამი, ლაოსი, ინდოეთი, ტუნისი და პერუ.

ზომიერი ზარალის ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, მექსიკა, ბრაზილია და ავსტრალია, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა.

სააგენტოს ექსპერტთა დასკვნით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან სხვდასხვა ქვეყნები განსხვავებულად გამოვლენ. ზოგიერთი სახელმწიფო  ამას შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახერხებს, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურასა და ამ სახელმწიფოში ვაქცინაციის ტემპზე. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისს შედარებით მარტივად განვითარებული ქვეყნები დაძლევენ, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ჩინეთი. პირველ რიგში ამას ხელს შეუწყობს ამ სახელმწიფოების ეკონომიკების დივერსიფიცირების ძალიან მაღალი ხარისხი და მთავრობების მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები. მდიდარ ქვეყნებში სხვებზე სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რაც მათ ეკონომიკას შეუფერხებელი ზრდის საშუალებას აძლევს.

სარეიტინგო კომპანიის ვრცელ მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების პერსპექტივაზე მსჯელობას ეთმობა. COVID-19-ის პანდემიისგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ასეთ სახელმწიფოში ტურიზმის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, ეკონომიკური რეცესიის დაძლევა ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნებს გაუჭირდებათ. აქვეა აღნიშნული, რომ მნიშვნელოვნად დაზარალდებიან ქვეყნები, რომელთა ეკონომიკების დიდი წილი ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზეა დამოკიდებული.

როგორც სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკური ჯგუფი ვარაუდობს, მიმდინარე წელს მსოფლიოში გლობალური ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზრდება, თუმცა 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3,3 პროცენტამდე შემცირდება.

და ბოლოს, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით სარეიტინგო სააგენტო არაფერს ამბობს, არ ჩანს პასუხი კითხვებზე – გვეშველება თუ არა? და როდის გაბრწყინდება ივერია? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკიმოტივი უკვე რამდენიმე წელია ტურიზმია და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით ბევრს ვერაფერს ვახერხებთ, ვფიქრობ, იმ ქვეყნებს შორის მოვიაზრებით, რომელთაც ეკონომიკური რეცესიის დაძლევა ყველაზე მეტად თუ არა, ძალიან გაუჭირდებათ. ეს ის შემთხვევაა, როცა თუ ვცდები, გამიხარდება!..

 

1066
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0