თბილისი

საბანკო არითმეტიკა... პესიმისტური პროგნოზი და სარფიანი შედეგი...

1106
(განახლებულია 13:34 19.10.2019)
საბანკო სექტორის მოლოდინები, გათვლები და შედეგი... გამართლდა თუ არა ბანკირების ვარაუდები, როგორია საკრედიტო პორტფელი და რა ვითარებაა საფინანსო ბაზარზე?

 

სამსონ ხონელი

ღვინობისთვე არასრულ ორ კვირაში გაილევა და ათი თვე შესრულდება, რაც საფინანსო ბაზარზე თამაშის ახალი წესები ამოქმედდა. საბანკო რეგულაციებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მკაცრი საკრედიტო ლიმიტები დაუწესდათ. შედეგად, გართულდა სესხის გაცემის პროცედურა. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჭარბვალიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. არახალია, რომ ჩვენში შეზღუდვები არ უყვართ, უსაზღვრო თავისუფლებისკენ მიისწრაფიან და სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე სახის, ნორმების დადგენა, სწორედ, ამ „თავისუფლების“ ხელყოფად აღიქმება. 

მოულოდნელი არ ყოფილა, ყველაზე მწვავე რეაქცია, თავად, კომერციული ბანკების მესვეურთ და საბანკო საქმის სპეციალისტებს ჰქონდათ. ისინი პროგნოზირებდნენ, რომ რეგულაციები სესხების მნიშვნელოვან კლებას და შესაბამისად, საბანკო სექტორის შემოსავლებისა და მოგების შემცირებას გამოიწვევდა. მათივე შეფასებებით, პროცესი საგრძნობლად დააზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას. საინტერესოა, გამართლდა თუ არა ეს ვარაუდი, როგორია საკრედიტო პორტფელი და რა ვითარებაა საბანკო ბიზნესში? ყველა ამ კითხვაზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებს მოვიშველიებ.

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში კომერციული ბანკების მთლიანი შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით გაიზარდა და სულ 2.869 მილიარდი ლარი შეადგინა. მოგება 553.5 მილიონი ლარია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8 პროცენტით აღემატება. ბანკებს საწუწუნო არაფერი აქვთ, − ბრძანებთ და მართალიც იქნებით. ეს ციფრები მხოლოდ ადასტურებს, რომ საბანკო საქმე ჩვენში, კვლავაც, ძალზედ სარფიანია.

დროა, დაკრედიტების დინამიკასაც გადავხედოთ. 2019 წლის პირველ რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი გაიზარდა. ბუნებრივია, გაზრდილია, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლებიც. ფიზიკური პირებზე გაცემული კრედიტებიდან ბანკებმა 1.281 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. იურიდიული პირების დაკრედიტებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა კი, 743.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი რვა თვის ნიშნულზე 17 პროცენტით მეტია. იმედია, დამეთანხმებით, ეს ციფრებიც შთამბეჭდავია... აქვე დავსძენ, რომ საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობაში.     

მკითხველს შევახსენებ, რომ საბანკო რეგულაციების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე აქტიურად მიანიშნებდნენ დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. მათი თქმით, მოსალოდნელი იყო იპოთეკური სესხების გაცემის შემცირება, რაც ლოგიკურად, ნეგატიურად აისახებოდა უძრავი ქონების გაყიდვებზე და დააზარალებდა სამშენებლო ბიზნესს. ეს ვარაუდიც არ გამართლდა. თავად განსაჯეთ, გასული წლის აგვისტოში იპოთეკური სესხების მოცულობამ 5.207 მილიარდი შეადგინა, მიმდინარე წლის აგვისტოში ეს რიცხვი უკვე 6.773 მილიარდამდე გაიზარდა. უნდა ითქვას, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, უძრავი ქონების გაყიდვებში, კლების ტენდენცია მართლაც იყო, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ეს საბანკო რეგულაციებს არ უკავშირდება.

საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ბიზნესის დაკრედიტების მოცულობაც. თუ გასული წლის აგვისტოში ის 7.645 მილიარდ ლარს არ აღემატებოდა, 2019 წლის აგვისტოში 10.427 მილიარდ ლარამდეა. საკრედიტო პორტფელში ბიზნეს სესხების წილი 31 პროცენტიდან 35 პროცენტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებო და პოზიტიური სიგნალია, რომელიც მიანიშნებს, რომ საბანკო სისტემა გააქტიურდა ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების პროცესში. შეგახსენებთ, ხელისუფლების წარმომადგენლები 2017 წლის ბოლოდან მოყოლებული აცხადებდნენ, რომ დროა კომერციულმა ბანკებმა თავიანთი საკრედიტო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლების პოზიცია გათვალისწინებულია. შედეგად, ეკონომიკის განვითარებაზე არაორიენტირებული დაკრედიტება საგრძნობლად შემცირდა და პრიორიტეტად ჩამოყალიბდა ბიზნესსაქმიანობის ფინანსური სტიმულირება.

საფინანსო სფეროს ექსპერტების შეფასებით, რეგულაციებს ძირითადი გავლენა სამომხმარებლო სესხებზე ჰქონდა. მოლოდინის მიუხედავად ფულად გამოსახულებაში არ შემცირებულა, თუმცა საერთო დაკრედიტებაში მისი წილი 15.6 პროცენტიდან 13.3 პროცენტამდ შემცირდა. აქვე, ისიც აღვნიშნოთ, რომ სალომბარდე სესხებშიც კლება დაფიქსირდა

კარგი იქნება, თუკი ყურადღებას საბანკო სექტორის არასაკრედიტო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზეც გავამახვილებთ. მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკებმა საკომისიოების სახით 32.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე სამი მილიონით მეტია. 

საგულისხმოა, საანგარიშო პერიოდში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალიც შემცირდა. კლება 1.7 მილიონი ლარია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს დაახლოებით სამჯერ გაეზარდა ვალუტის გადახურდავებით მიღებული შემოსავლები. რატომ? ექსპერტთა შეფასებით ეს ლარის გაუფასურებით აიხსნება. მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკემბა ვალუტის გადახურდავებით 46.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.2 მილიონი ლარით მეტია.  

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაც შემოსავლებში მოიაზრება. ეს მაჩვენებელიც მაღალია. კომერციული ბანკების ანგარიშგების მონაცემებით, 2019 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ 174.3 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. მეორე კვარტლის მონაცემებით, ამ მიმართულებით, „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. მის ანგარიშზე 75 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. მეორე პოზიცია „თიბისი ბანკს“ უკავია − თითქმის 55 მილიონი ლარით. სამეულშია „ქართუ ბანკი“ − 25 მილიონი ლარით. მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე 9-9 მილიონი ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებით, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და „ბაზის ბანკი“ არიან. ნიშანდობლივია, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, „პროკრედიტ ბანკსა“ და „იშ ბანკი საქართველოს“ დასაკუთრებული ქონება არ ერიცხება.

ერთი სიტყვით, საბანკო საქმიანობის შეფასების ყველა პარამეტრით, კომერციულ ბანკებს კარგი შემოდგომა უდგათ, თუმცა ბოლო დროს არასასურველი ტენდენციაც იკვეთება, ბანკების მიმართ საჩივრების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. შესაძლო კითხვას, რამ გამოიწვია კლიენტების პრეტენზიების ზრდა, უახლოეს მომავალში ვუპასუხებ. მანამდე გეტყვით, საბანკო რეგულაციებს ბანკირებისთვის ბევრი არაფერი დაუკლია... მოგების მარჟა კვლავაც მაღალია!   

1106