წარმატება უცხო მიწაზე: ქართველი მეცნიერები, რომელთაც სახელი საზღვარგარეთ გაითქვეს

© photo: courtesy of NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათობით ქართველი მეცნიერი დღეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო პროექტებშია ჩართული

ისინი იკვლევენ პარალელურ სამყაროთა არსებობის შესაძლებლობას, ეძებენ აივ-ინფექციისა და კიბოს დასამარცხებელ წამლებს, მათ სახელებს ანიჭებენ ლაბორატორიებსა და ცენტრებს, აჯილდოებენ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებით.

Sputnik-საქართველო“ იმ ქართველ მეცნიერებზე მოგითხრობთ, რომელთაც საზღვარგარეთ მეცნიერული საქმიანობის წყალობით საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს აღიარება.

გია დვალი

გია დვალი თეორიული ფიზიკის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერადაა მიჩნეული. კვანტური გრავიტაცია, კოსმოლოგია, ადრეული სამყაროს ევოლუცია, შავი ხვრელები, დიდი ჰადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტი - დვალი კოლეგებთან ერთად პარალელურ სამყაროთა არსებობის თეორიაზე მუშაობს.

ის არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ცენტრისა და ლუდვიგ-მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი, ასევე მიუნხენის მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.

სტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან - Sputnik საქართველო
თბილისში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

გია დვალმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაიცვა დიპლომი უმაღლესი ენერგიისა და კოსმოლოგიის ფიზიკის დარგში და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მუშაობდა ტრიესტში აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში და CERN-ში, ჟენევაში. არის კვანტური გრავიტაციისა და დიდი აფეთქების სპეციალისტი.

2000 წელს ქართველი მეცნიერი დააჯილდოვეს ნიუ-იორკის მერის პრემიით განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნიკაში. იგი გახდა დევიდ და ლუსილ პაკარდებისა და ალფრედ სლოუნის სახელობის ფიზიკოსთა საზოგადოებების წევრი, ასევე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი 2008 წელს.

დვალის სიტყვებით, მეცნიერება - ისეთი მექანიზმია, რომელიც გვეხმარება, არ მოვიტყუოთ თავი და ერთმანეთი.

ზაზა კოკაია

ზაზა კოკაია შვედეთში ცხოვრობს და ლუნდის უნივერსიტეტს, ასევე ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ ცენტრს ხელმძღვანელობს.

კოკაიამ გასაოცარი მეცნიერული უნარები გამოავლინა ტვინის პათოლოგიის, ეპილეფსიის, ტვინის იშემიური ინსულტის კვლევისას. უძღვება ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის საქმიანობას. ქართველი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ღეროვანი უჯრედები ახალი, ჯანმრთელი უჯრედების მომწოდებლები არიან. მათი დახმარებით შესაძლებელია ისეთი მძიმე დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა კიბო, დიაბეტი, ალცჰეიმერი და სხვ.

კაცობრიობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თეორიის გამოკვლევის პრივილეგიას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ფლობს. მათ შორისაა შვედეთი და მეცნიერთა ვიწრო წრე, რომელთა შორის კოკაიას ღირსეული ადგილი უჭირავს.

ძველი ხელნაწერი - Sputnik საქართველო
ქართველმა მეცნიერებმა დაღესტანში ნაპოვნი უძველესი ქართული ხელნაწერი გაშიფრეს

კოკაიამ 1984 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1990 წელს მიიღო სტიპენდია შვედეთიდან და სამეცნიერო პროექტის შესასრულებლად გაემგზავრა ლუნდის უნივერსიტეტში. პროექტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა მალე კვლავ შვედეთში გაემგზავრა, რადგან მიხვდა, რომ საქართველოში პროფესიული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ალექსანდრე ესაძე

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება, აივ-ინფექციის დამარცხება მეცნიერებმა ჯერ ვერ მოახერხეს. მსოფლიოში ამ საშინელი ვირუსული დაავადებით 36,7 მილიონი ადამიანი იტანჯება.

ჯონ ჰოპკინსის ამერიკის უნივერსიტეტში აივ-ინფექციისგან განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობენ. მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ესაძეც.

სამეცნიერო-სამედიცინო საქმიანობა ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა ტეხასის უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც ერთი წელი სწავლობდა. სწორედ იქ გაათვითცნობიერა, რომ ბიოფიზიკა მისი მოწოდება იყო. ესაძე სხვადასხვა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტში მონაწილეობს.

თამარ პაზიაშვილი

თამარ პაზიაშვილი სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია. შარშან მან ეპილეფსიასთან დაკავშირებულ საკითხთა კვლევაში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა მეთოდი, რომლის დახმარებითაც ეპილეფსიით დაავადებულ ვირთხებს კრუნჩხვები უწყდებოდათ. ეს მეთოდი მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, გაააქტიურონ ან „გათიშონ“ ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის დახმარებით.

Michael Prize - ნობელის პრემიის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

კომპანია მაიკროსოფტი - Sputnik საქართველო
ახალი დონე: რა სიახლეებს დანერგავს Microsoft-ი საქართველოს სკოლებში

უმაღლესი განათლება პაზიაშვილმა პარიზში მარი და პიერ კიურების უნივერსიტეტში მიიღო. 2007 წელს მეუღლესთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მუშაობა დაიწყო სტენფორდის უნივერსიტეტში.

33 წლის ასაკში იგი სტენფორდის უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გახდა. აშშ-ის გლადსტონის ინსტიტუტმა ქართველ მეცნიერს ტვინის შესასწავლად შესთავაზა ლაბორატორიის გახსნა, რომელიც მის სახელს ატარებს - Paz Lab. პაზიაშვილი საზღვარგარეთ ცნობილია თამარ პაზის სახელით.

ალექსი ბაიდოშვილი

ქართველი მეცნიერის, ალექსი ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ლაბორატორია Labpon აღმოჩნდა პათოლოგიების პირველი ლაბორატორია მსოფლიოში, რომელიც კვლევის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადავიდა. ამგვარად, ბაიდოშვილი გახდა პირველი მეცნიერი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც მიაღწია, ლაბორატორია ახალი ტექნოლოგიებით აემუშავებინა.

ბაიდოშვილი მსოფლიოში ცნობილი პათოლოგანატომია და ხელმძღვანელობს ჰოლანდიის Image Analysis პროგრამის ჯგუფს.

მეცნიერის თქმით, ენობრივი ბარიერისა და ფინანსური პრობლემების გამო მასა და მის მეუღლეს რთული გზის გავლა მოუხდათ, მაგრამ შეძლეს, ყველა სირთულე გადაელახათ და ახალი ცხოვრება აეწყოთ. ყველა მიღწევასა და წარმატებას ბაიდოშვილი თავის სამშობლოს უძღვნის.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ექიმებმა, რომლებიც ჰოლანდიაში ცხოვრობენ, მათ შორის, ბაიდოშვილმაც, გადაწყვიტეს გაერთიანება და საქართველოს სამედიცინო სფეროსთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთება. ისინი დაუკავშირდნენ ქართველ კოლეგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და შექმნეს ასოციაცია GIMPHA – Georgian International Medical and Public Health Association (საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საყოველთაო ჯანმრთელობის ასოციაცია). ასოციაცია ერთმანეთთან აკავშირებს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო და სამედიცინო კონფერენციებს და ხელს უწყობს პროფესიონალი კადრების მოძიებას.

ლევან ზანდარაშვილი

მთელი მსოფლიოს მეცნიერები თავს იმტვრევენ იმაზე, რომ შექმნან წამალი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს კიბოს. მათ შორის არის ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ლევან ზანდარაშვილი. იგი მუშაობს პენსილვანიის სამეცნიერო ლაბორატორიაში და იკვლევს ერთ-ერთ ცილას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის აღდგენაში. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ და მიჩნეულია მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად.

თბილისის კიბოსთან ბრძოლის მოძრაობას შეუერთდა - Sputnik საქართველო
თბილისელებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარებიან

ზანდარაშვილი ფიქრობს, რომ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კიბოსგან განკურნების გასაღები ნაპოვნი იქნება.

ზანდარაშვილი თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. მეოთხე კურსზე იგი ბიოფიზიკით დაინტერესდა და თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. ამის შემდეგ კი მუშაობა ტეხასის უნივერსიტეტში განაგრძო.

სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ქართველი მეცნიერი ლაბორატორიაში ატარებს. როგორც ამბობს, ვერ უხსნის ექსპერიმენტს, რომ სამუშაო დღე დასრულდა და საჭიროა დასვენება.  

ნატო ტეტელოშვილი

ნატო ტეტელოშვილი აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ, იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და იკვლევს გენების რეგულაციას პირველი ტიპის დიაბეტის მიმართ.

2008 წელს  ტეტელოშვილმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. იყო პროფესორ ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებში. მუშაობდა პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში.

მაგისტრატურა ტეტელოშვილმა დაამთავრა ჰოლანდიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს გრონინგენის უნივერსიტეტში. აქვე დაიწყო მუშაობა. ქართველი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კლონური თერაპიის განვითარების წყალობით შესაძლებელია მრავალი დაავადების განკურნება. იმუნოგენეტიკითა და აუტოიმუნური პათოლოგიებით იგი გრონინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლისას დაინტერესდა.

დოქტორანტურის დასრულებისას, ტეტელოშვილმა რეზიუმე გაგზავნა სადოქტორო პროგრამებზე. აშშ-დან მას ერთბაშად სამი კვლევითი ინსტიტუტი დაუკავშირდა. მან კოლუმბიის უნივერსიტეტი აირჩია. გასაუბრებისა და პრეზენტაციების შემდეგ იგი 150 კანდიდატს შორის შეარჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0