ფულის დათვლა

ჭარბვალიანობა ახრჩობს, კრედიტებზე წვდომის შეზღუდვა გუდავს: არსებობს თუ არა გამოსავალი

1092
(განახლებულია 14:45 25.03.2019)
მკაცრი საბანკო რეგულაციების ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები

სამსონ ხონელი

ქვეყნის საფინანსო სისტემაში საბანკო რეგულაციების სრული პაკეტის ამოქმედებიდან ძალიან მოკლე დროში კომერციული ბანკებიდან თვიდან თვემდე სულ უფრო ნაკლები თანხა გაიცემა. სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, რომ საგრძნობლად შემცირდა ფიზიკური პირების სამომხმარებლო დაკრედიტების პორტფელი. ეს კი ეკონომიკასა და დასაქმებაზე ნეგატიურად პირდაპირ აისახება. „თიბისი რესერჩის“ ანგარიშის თანახმად, 2019 წლის თებერვალში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპმა მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა. ეს გასული ექვსი წლის მინიმალური მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური პირების არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ბაზარმა ზრდა თითქმის შეწყვიტა. არადა, ეს სწორედ ის სესხებია, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, მაგალითად, განვადებები, საკრედიტო ბარათები და მიკროსესხები.

შემცირების ტენდენცია ჯერ კიდევ 2018 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც ეროვნული ბანკის ბრძანებით კომერციულ ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ამ ტიპის სესხებზე ერთიანი ჭერი დაწესდა, რაც კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ამ ცვლილების მიღებამდე არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი თვეში 13 პროცენტი იყო. ახალი ნორმის ამოქმედებიდან ხუთ თვეში ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი უკვე განახევრდა და 6.7 პროცენტამდე დაეცა. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებით ამ ტიპის სესხების ზრდა კიდევ შემცირდა და პრაქტიკულად განულდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი შემცირება საბოლოოდ იმ წესებმა განაპირობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შემოღებით საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი 50-პროცენტიანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება. დაზუსტდა ამა თუ იმ ტიპის სესხის ხანგრძლივობა. აქვე მკითხველს, რომელიც ჯერ კიდევ არ იცნობს ახალ წესებს, მოვახსენებ, რომ იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად – 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად – 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად – 4 წელი განისაზღვრა. 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული ნორმით, თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა საკრედიტო ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი, რომელიც ცვლადია და პირდაპირ დამოკიდებულია მოქალაქის შემოსავლებზე. მარტივი ფორმულაა: რაც უფრო დიდია შემოსავალი, მით უფრო მეტი თანხის სესხებაა შესაძლებელი. ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით კოეფიციენტების სულ ოთხი კატეგორია ჩამოყალიბდა.

პირველი − თუ შემოსავალი არის 1000 ლარამდე, სესხის ყოველთვიური გადასახადები არ უნდა აღემატებოდეს 35 პროცენტს, ანუ მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს;

მეორე − თუ შემოსავალი არის 1000-2000 ლარამდე, სესხის ყოველთვიური გადასახადები არ უნდა აღემატებოდეს 45 პროცენტს, ანუ მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს;

მესამე − თუ შემოსავალი არის 2000-4000 ლარამდე, სესხის ყოველთვიური გადასახადები არ უნდა ღემატებოდეს 55 პროცენტს, ანუ მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს;

მეოთხე − თუ შემოსავალი არის 4000 ლარზე მეტი, სესხის ყოველთვიური გადახდები არ უნდა აღემატებოდეს 60 პროცენტს.

ასეთია ამ „მარტივი ფორმულის“ ძირითადი მოცემულობა. თუმცა სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელის მკვეთრი შემცირება მისმა ამოქმედებამ განაპირობა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაბალშემოსავლიანია, მის უმრავლესობას კი თამაშის ახალი წესების შემოღებამდე უკვე ჰქონდა საბანკო ვალდებულება, რომლის მომსახურებასაც შემოსავლების დიდი მოცულობა, საუკეთესო შემთხვევაში 50-60 პროცენტი ხმარდებოდა. ეს კი ჭარბვალიანობას განაპირობებდა. ამ ვითარებაში იმთავითვე ნათელი იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების შემოღება უკიდურესად გაართულებდა საკრედიტო რესურსებზე წვდომას, რაც უარყოფითად აისახებოდა კომერციული ბანკების შემოსავლებზე და დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა ბიზნესის ცალკეულ სფეროებს. კომერციულ ბანკებთან მიმართებაში გამოთქმული ვარაუდის დასტურად ეროვნული ბანკის ბოლო სტატისტიკური მონაცემებიდან მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვიყვან: 2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 55.743 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 34.272 მილიონი ლარით, თითქმის 60 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იმედია დამეთანხმებით, სხვაობა საგრძნობზე მეტია... საგულისხმოა, რომ რეგულაციის მოახლოებამდე, 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იპოთეკური სესხები განსაკუთრებით გაიზარდა. ნოემბერში მან რეკორდულ 37 პროცენტსაც მიაღწია. სავარაუდოდ, მოქალაქეებმა საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდე დაჩქარებული წესით აიღეს სესხები, რათა მათზე ახალი მოთხოვნები არ გავრცელებულიყო.

სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელის შემცირება მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. საბანკო რეგულაციებმა ხელშესახები გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე. საგრძნობლად შემცირდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. თბილისის სავაჭრო ცენტრებში მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იკეტება იმის გამო, რომ განვადებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დახურულ მაღაზიებსა და დაკარგულ სამუშაო ადგილებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ზარალი, რომელიც ბიზნესს მიადგა, უკვე საგანგაშოა და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ბუნებრივია, მეოცნებე მმართველი პოლიტიკური ელიტა ოპოზიციის შეფასებას არ იზიარებს, თუმცა სამთავრობო გუნდის ლიდერი საბანკო რეგულაციების გადახედვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. „რა შედეგები შეიძლება მოუტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკას? ბუნებრივია, რომ სამომხმარებლო ნაწილში დაკრედიტების მოცულობა მცირდება და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ. ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების აქამდე არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. ეკონომიკური პარამეტრების ანალიზის შემდეგ, თუ საბანკო რეგულაციები შემსუბუქებისკენ კორექტირებას მოითხოვს, ამ მიმართულებითაც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, − განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის პოზიციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი რეგულაციების გაუქმების მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. კობა გვენეტაძის უწყების პათოსს ექსპერტები არ იზიარებენ. მათი შეფასებით, საბანკო რეგულაციები ზედმეტად მკაცრია და თუ არაფერი შეიცვალა, სამშენებლო სფეროში, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ბაზრებზე მომავალში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ერთი სიტყვით, ვითარება რთულია, რადგანაც მოსახლეობას ერთი მხრივ ჭარბვალიანობა ახრჩობს, მეორე მხრივ კი საკრედიტო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა გუდავს. ჯერჯერობით არც რეცეპტი ჩანს და არც მიქსტურა. ეკონომიკური ფაქტორის გარდა არის პოლიტიკურიც. კარზე მომავალი საპარლამენტო არჩევნები აკაკუნებს და ხელისუფლებისთვის არსებული ვითარება არც პოლიტიკურად უნდა იყოს მისაღები. ძნელი არ არის გათვლა, რომ „საკრედიტო შიმშილით“ პოლიტიკური ბატალიების წინ ელექტორატის გულს ვერ მოიგებ... შესაძლოა, მიზანიც ეს არის!       

 

1092