ლარის სადღესასწაულო ნიშნული... ხანმოკლე გამონათება თუ უკვე ტენდენცია?

© Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტა მყარდება! მზარდი ეკონომიკური პარამეტრები და ექსპერტ-ანალიტიკოსთა ოპტიმისტური პროგნოზები... სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი?

მიუხედავად იმისა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, ვის როგორი მოლოდინები გვქონდა ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მოვლენათა შესაძლო განვითარების საკითხზე, ფაქტია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულოდ, ეროვნული ვალუტი დასტაბილურდა. მეტიც,  ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი სწრაფად მყარდება. წინასადღესასწაულო დღეებში ეროვნული ვალუტა 2.40-ის ნიშნულს ჩამოსცდა. საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია. 2017 წლის 7 აგვისტოს შემდეგ პირველად იზრუნა სავალუტო რეზერვების შევსებაზე და პირდაპირი ინტერვენციის გზით, 20 მილიონი დოლარის შესყიდვით შეაჩერა ლარის გამყარების ჩქარი ტემპი. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს რაინე კონკრეტული ნიშნული ეროვნული ვალუტის, რომელზეც არის სწორება. „ამავე დროს, ეს რეჟიმი არ გამორიცხავს ბაზარზე ინტერვენციებს და მაშინ, როდესაც შესაძლებელი არის, რომ ინტერვენცია გაკეთდეს ისე, რომ გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეიცვალოს, ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს… ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური, საჭიროა მათი ზრდა. ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის…", — აღნიშნა ქვეყნის პირველმა ბანკირმა.

ლარი - Sputnik საქართველო
ვის აწყობს და ვის არ აწყობს ლარის ზედმეტად გამყარება

ამასობაში კი, ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ  უახლოეს პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი 2.36-ის ფარგლებში დაფიქსირდება. ეროვნული ვალუტის სწრაფ გამყარებას ხელს უწყობს დოლარის შესუსტებაც. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ერთმანეთს დაემთხვა კვარტალის ბოლო და წინასააღდგომო სამზადისი. ამ დროს ლარზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენცია, შესაძლოა, კურსი უკვე 2.35-მდე ჩამოსულიყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტალღა საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის, ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ლარი აღებულ კურსს საშუალოვადიან პერიოდშიც შეინარჩუნებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია: „ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს შეინარჩუნებს და ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ურიგო არ იყო. საკმაოდ სწრაფად მყარდება ეროვნული ვალუტა და ჩარევა ცუდი არ არის. პარალელურად, ეროვნული ბანკიც რეზერვებს შეავსებს. გადაჭარბებული იყო მოლოდინი ლარის გაუფასურებისადმი, თუნდაც წინასაახალწლო პერიოდში. საკმად ღიად საუბრობდნენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა. ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები იყო, ვიდრე რეალურ არგუმენტებზე დაფუძნებული. ლარი მომავალშიც გააგრძელებს გამყარებას და შეინარჩუნებს ამ მაჩვენებელს, თუ რამე საგანგაშო არ მოხდა. კონკრეტულ ნიშნულს ვერ ვიტყვი, რადგან რა იქნება მომავალში, ძნელი გამოსაცნობია, ტენდენციის განსაზღვრა კი შეიძლება. იგი გამყარებისკენ არის მიმართული და ასე გაგრძელდება. გაცვლითი კურსის ფორმირება ისეთი საკითხია, რომ რთულია მისი პროგნოზირება. შეიძლება, ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტა დასჭირდეს, მოითხოვოს ის და ერთბაშად შეიცვალოს ყველაფერი. მთავრობასა და ეროვნულ ბანკსაც შეუძლია გაცვლითი კურსის კორექტირება… ამაში უცხო არაფერია. დადებითი ის არის, რომ უკვე იწყება ტურისტული სეზონი. ეკონომიკა ჯანსაღდება და პროცესი პოზიტიურია. ერთი სიტყვით, საშუალოვადიან პერიოდში გაუფასურების ტალღის მოლოდინი არ არის, თუ რამე სპეკულაციას არ ექნება ადგილი…“

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
სიახლის მოლოდინში... ანუ მათთვის, ვინც იპოთეკურ ვალს ვერ იხდის!

საკამათო არ არის, რომ მაშინ, როცა ე.წ საგარეო ფაქტორები ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე ხელს უწყობს სტაბილურობას, ლარის კურსის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ექსპორტ-იმპორტის, უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარების ტემპი. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოს 1.5 მილიონი მოგზაური ესტუმრა. მხოლოდ 2018 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. აქვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მზარდია ტურისტების რაოდენობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.  კერძოდ, ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების ზრდამ 74 პროცენტი შეადგინა, გერმანიიდან – 47 პროცენტი, ლატვიიდან – 45 პროცენტი, ლიტვიდან — 35 პროცენტი და ბოლოს
საფრანგეთიდან — 25 პროცენტი. სპეციალისტები ტურისტების რაოდენობის ზრდას პირდაპირი ავიარეისების მატებას და ზოგადად, ბოლო დროს ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირებენ. არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს, მსოფლიოს 136 სახელმწიფოთა შორის, 29-ე პოზიცია უკავია. პოზიტიური დინამიკაა საგარეო ვაჭრობაში. კერძოდ, 25 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი, იმპორტი კი — 8.7 პროცენტით… 20 პროცენტით გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობაც… საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ყველა წინაპირობაა, რომ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ განაგრძოს გამყარება. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოკლევადიან პერიოდში ანალიტიკოსთა უმრავლესობა გამორიცხავს.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ვისაც ქონება „აწუხებს“ და ბანკში ჯერ არ შეუვლია...

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია: „მიუხედავად იმისა, რომ 5 მარტს ლარი  გაუფასურდა,  მომდევნო დღეებში ეროვნული ვალუტის კურსი 2.36-ის ფარგლებში იტრიალებს, რადგან ასეთი ვითარება დღეს ბაზარზე შეიმჩნევა. მიმდინარე პროცესებს დოლარის შესუსტებამაც შეუწყო ხელი. ცოტა ხნის წინ გვქონდა განცხადება გაკეთებული, რომ 2.36-მდე ჩამოვიდოდა კურსი. ამის ნიშნები დღეს ბაზარზე ნამდვილად შეიმჩნევა. საერთოდ, მსოფლიოში დოლარია შესუსტებული. ეს გამოიწვია ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობამ. ყველას აინტერესებს, რამდენ ხანს გაგრძელდება გამყარება. საამისო მზადყოფნა იგრძნობა სავალუტო ბაზარზე. ვიტყვი, რომ დღევანდელი ტენდენცია მაისის თვემდე აუცილებლად შენარჩუნდება…“ 

აღსანიშნავია, რომ ახალი სავაჭრო კვირა დოლარის ინდექსმა კლებით დაიწყო. ამის მიზეზია ჩინეთის საპასუხო ქმედება ამერიკის მიმართ, რომლითაც პეკინმა ამერიკაში წარმოებულ 128 პროდუქტზე საბაჟო გადასახადები 25 პროცენტით გაზარდა. ეს ყველაფერი ინვესტორებს მსოფლიო სავაჭრო ომის შიშს უძლიერებს. ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი ვალუტისადმი მის საშუალო კურსს ასახავს, 0.16 პროცენტით, 89.61-მდე შემცირდა. ამასთან, ამერიკულ ვალუტაზე გარკვეულწილად უკვე მოქმედებს ის გარემოებაც, რომ კვირის ბოლოს შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება. ის აღმავლობის გზაზეა. აქსიომაა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მკვეთრ ქმედებებს გლობალური ეკონომიკის დაზარალება შეუძლია.

როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როგორი იქნება მისი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ პროცესებზე დრო გვიჩვენებს, მანამდე კი უნდა ვეცადოთ, რომ ამჟამად არსებული პოზიტიური პარამეტრები შევინარჩუნოთ…

ყველა ახალი ამბავი
0