წარსული და აწმყო: კადეტთა კორპუსიდან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმამდე

© Sputnik / Levan Avlabreliყოფილი კადეტთა კორპუსი ტფილისში
ყოფილი კადეტთა კორპუსი ტფილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „გასეირნება ტფილისში“ ამჟამინდელი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ანუ ყოფილი კადეტთა კორპუსის ისტორიას გაგაცნობთ.

აი, თურმე როგორი ყოფილა კადეტთა კორპუსის შენობა! რამდენჯერ ჩამივლია და შემიხედავს მის ფანჯრებში, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ისტორიის ნამდვილი საგანძური იქნებოდა.

გარეგნულად ზედმეტად მოკრძალებულად გამოიყურება. როგორც ჩანს, არქიტექტორს ამოცანა კარგად ჰქონდა გააზრებული და შენობაც მკაცრ კლასიკურ სტილში დააპროექტა — სადა ნაგებობა, ზედმეტი მხატვრული ელემენტების გარეშე.

© Sputnik / Levan Avlabreliკადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა თბილისში
კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა თბილისში

კადეტთა კორპუსი, სხვათა შორის, პირველი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც ამიერკავკასიისთვის სამხედრო კადრების მომზადების ყველა სტანდარტს შეესაბამებოდა.

თავდაპირველად ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა, შემდეგ ის 1875 წელს სამხედრო გიმნაზიად გადაკეთდა, რომლის ბაზაზე 1882 წელს უკვე კადეტთა კორპუსი ჩამოყალიბდა. სასწავლებელს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნაბოლარა ვაჟის, უკვე გარდაცვლილი მიხაილ რომანოვის სახელი მიენიჭა.

სად, ქალაქის რომელ ადგილზე მდებარეობდა პირველი ორი სასწავლებელი, ისტორია დუმს, კადეტთა კორპუსმა კი გოლოვინის გამზირის №31-ში დაიდო ბინა…

ამბობენ, რომ კადეტები ხშირად ანცობდნენ და შენობის ფანჯრებიდან „ცოცხალ ალმებს“ ჰკიდებდნენ ხოლმე — ანუ თანაკლასელებს, თანაც, თურმე, მუხლებზე უღიტინებდნენ. გამვლელები კი ჩერდებოდნენ და ხულიგნებს ზოგი ამუნათებდა, ზოგიც ეჩხუბებოდა…

© სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის არქივიკადეტები თოვლს ხვეტენ. არქივის ფოტო
კადეტები თოვლს ხვეტენ. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კადეტები თოვლს ხვეტენ. არქივის ფოტო

სამხედრო მუშტრა

სამხედრო სასწავლებლის ისტორიის ფესვები XIX საუკუნის დასაწყისში მიდის. ტფილისში პირველი სერიოზული სამხედრო სასწავლებლის გახსნის შუამდგომლობა, რომელიც 150 კაცზე იქნებოდა გათვლილი, ამიერკავკასიაში მომსახურე ოფიცრებმა და ჩინოვნიკებმა დააყენეს. მაგრამ კავკასიის იმჟამინდელ სამხედრო სარდალს, გენერალ–ფელდმარშალ პასკევიჩ–ერივანსკის ამ თემაზე განსხვავებული აზრი ჰქონდა, რომელსაც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე „მყარი არგუმენტებით“ იცავდა.

პასკევიჩი დარწმუნებული ბრძანდებოდა, რომ სკოლის დაარსების შემთხვევაში აუცილებლად გადააწყდებოდნენ ორ პრობლემას: პედაგოგების დეფიციტსა და ენობრივ ბარიერს.

გარდა ამისა, პასკევიჩს მიაჩნდა, რომ კავკასიელ ახალგაზრდებს სამხედრო მომზადება მაინც და მაინც არ სჭირდებოდათ. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ტფილისში სამხედრო სასწავლებლის გახსნა თავადაზნაურობას ფრიად გაახარებდა, რომლებიც საკუთარ ვაჟებს დიდი სიამოვნებით მიაბარებდნენ სკოლაში სამხედრო მუშტრის გასავლელად.

© სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის არქივითბილისის კადეტთა კორპუსის კადეტები. 1900 წ. არქივის ფოტო
თბილისის კადეტთა კორპუსის კადეტები. 1900 წ. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისის კადეტთა კორპუსის კადეტები. 1900 წ. არქივის ფოტო

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სამხედრო სკოლა ტფილისში XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიხსნა. პასკევიჩ–ერივანსკი იმპერატორის წინაშე ახალი შუამდგომლობით წარდგა: სკოლის ათამდე მოსწავლეს სანქტ–პეტერბურგის სამხედრო სკოლაში ესწავლა, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ექვსი წელი რუსეთში ემსახურათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში…

დროთა განმავლობაში სკოლა 200-კაციან გიმნაზიად გადაკეთდა, მერე კი მის ბაზაზე კადეტთა კორპუსი გაიხსნა. მასწავლებლები იგივე დარჩნენ, მოსწავლეთა რაოდენობა კი შეიცვალა: კადეტთა კორპუსში ახლა 350 კადეტი სწავლობდა.

სამხედრო სასწავლებლების შესახებ კანონის თანახმად, ტფილისის კადეტთა კორპუსს გენერალი ან პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა. სამხედრო საქმეს ყმაწვილებს კლასის ინსპექტორები და მათი დამხმარეები, ასეულის მეთაურები და აღმზრდელი ოფიცრები ასწავლიდნენ. კადეტთა კორპუსის გარემო მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული სამხედრო ცხოვრებას. საშტატო შემადგენლობაში ირიცხებოდა ორი მედოლე, ორი მებუკე, ექიმები და ფერშლები.

სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. თუმცა მაინც ოფიცერთა ოჯახების შვილები ჭარბობდნენ, რომლებისთვისაც, წესითა და რიგით, ისედაც ნაცნობი უნდა ყოფილიყო სამხედრო ცხოვრება, ღირსება თუ მოვალეობა.

© სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის არქივიკადეტთა ჯგუფი გაზეთის კითხვისას. კედელზე მოჩანს გრაფ დ.ა. მილიუტინის (მარჯვნივ) და დიდთავადი მიხაილ ნიკოლაევიჩის (მარცხნივ) პორტრეტები. არქივის ფოტო
კადეტთა ჯგუფი გაზეთის კითხვისას. კედელზე მოჩანს გრაფ დ.ა. მილიუტინის (მარჯვნივ) და დიდთავადი მიხაილ ნიკოლაევიჩის (მარცხნივ) პორტრეტები. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კადეტთა ჯგუფი გაზეთის კითხვისას. კედელზე მოჩანს გრაფ დ.ა. მილიუტინის (მარჯვნივ) და დიდთავადი მიხაილ ნიკოლაევიჩის (მარცხნივ) პორტრეტები. არქივის ფოტო

კადეტთა კორპუსის მოსწავლეები ტემპერამენტითა და ცხელსისხლიანობით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ჩხუბის საბაბის გამოძებნა არასდროს უჭირდათ. თითოეულ კლასს საკუთარი ფალავანი და ჩხუბისთავი ჰყავდა.

და მაინც, მიუხედავად ამ ყმაწვილკაცური ბატალიებისა, შესამოწმებლად ჩამოსულები გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ტფილისის კადეტთა კორპუსში დისციპლინა და წესრიგი სუფევდა.

პაპიროსი და სხვა ცელქობანი

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში დისციპლინარული პოლიტიკა ფრიად წარმატებული იყო, კადეტების სწავლის დონე მაინც მოიკოჭლებდა. რეჟიმს მიუჩვეველი მოზარდების სამეცადინოდ და საშინაო დავალებების მოსამზადებლად დასმა არც ისე იოლი გახლდათ. ყმაწვილი კადეტები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ სიბეჯითით. ის კი არა, ერთხელ მთელმა კლასმა განაცხადა უარი რუსული ენის დავალების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ თავისუფალი დრო არ რჩებოდათ.

!

კადეტების ნაწილი ჩუმ–ჩუმად პაპიროსსაც ეწეოდა (რასაც პედაგოგები ძალ-ღონის დაუზოგავად ებრძოდნენ), თუმცა ეს მათი ყველაზე დიდი დანაშაული იყო.

რას იზამ, ეს ხომ ცხელსისხლიანი კავკასიელი ჯიგიტები იყვნენ?!

დანარჩენი უსაქციელობები, რომელთა ჩამონათვალი მასალაზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ ღია წყაროში აღმოვაჩინეთ და რის გამოც კადეტებს ყოფაქცევაში ქულებს აკლებდნენ, ასე გამოიყურებოდა:

© სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის არქივიკადეტები ბილიარდის თამაშის დროს. არქივის ფოტო
კადეტები ბილიარდის თამაშის დროს. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კადეტები ბილიარდის თამაშის დროს. არქივის ფოტო

•    უფროსების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება — 13 ქულა

•    ცინიზმი — 8 ქულა

•    მოსამსახურე პერსონალისადმი უხეში დამოკიდებულება — 3 ქულა

•    ტყუილი — 2 ქულა

•    დღის განაწესის შეუსრულებლობა — 4 ქულა.  

დროთა განმავლობაში იმ მშობლების რაოდენობა, რომლებსაც შვილების კადეტთა კორპუსში მიბარება სურდათ, თანდათან გაიზარდა. აბა, როგორ, კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულებს ხომ განსაკუთრებული პრივილეგიები ენიჭებოდათ: სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მათ უგამოცდოდ შეეძლოთ ჩაებარებინათ ნებისმიერ უნივერსიტეტში.

ვერაფერს იტყვი, ეს სასწავლებელი ნამდვილად ძალიან პრესტიჟული იყო.

© სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის არქივიკადეტები იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტის წინ. არქივის ფოტო
კადეტები იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტის წინ. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კადეტები იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტის წინ. არქივის ფოტო

ასე რომ, 1914 წელს კადეტთა რაოდენობა უკვე 421 ადამიანს აღწევდა. კავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცრებმა და ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, 500 კადეტზე გათვლილი კორპუსი აეშენებინათ. ქართველმა თავადაზნაურობამ იმპერატორს მიწის ნაკვეთის გამოყოფა სთხოვა, რომელზეც ახალი სასწავლო კორპუსი, პედაგოგ-აღმზრდელი ოფიცრების საერთო საცხოვრებელი და მცირეწლოვან აღსაზრდელთა ცალკე კორპუსის აშენება სურდათ.

ეს გრანდიოზული გეგმები იქნებ კიდეც განხორციელებულიყო, რომ არა იმპერიის ცხოვრებაში მომხდარი მასშტაბური მოვლენები: ჯერ პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ კი ბოლშევიკური გადატრიალება…

და კადეტთა კორპუსმა 1918 წელს საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

კადეტთა კორპუსის ახალი სიცოცხლე

კადეტთა კორპუსის შენობასაც ის ბედი ეწია, რაც რევოლუციამდელი ტფილისის ყველა დანარჩენ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას: თავდაპირველი ფუნქცია ჩამოერთვა და სულ სხვა „მოვალეობა“ დაეკისრა.

ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ კადეტთა კორპუსის შენობა კომუნალურ სახლად იქცა. თითო დერეფანში ექვს–ექვსი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც უზარმაზარი საერთო სამზარეულო ჰქონდათ. რაც შეეხება ავეჯს, როგორც კადეტთა კორპუსის ახალმოსახლეები იხსენებდნენ, ის ეზოში გადაყარეს და დაწვეს…

დროთა განმავლობაში კადეტთა კორპუსის შენობამ ელექტროტექნიკურ მოწყობილობათა ინსტიტუტიც „შეიფარა“, საერთო საცხოვრებელიც, საბავშვო ბაღიცა და ბანკიც.

ასე რომ, 2000–იანების დასაწყისში კადეტთა კორპუსს ძველი დიდების ნატამალიც აღარ ჰქონდა შერჩენილი. ასე იყო მანამ, სანამ ის მხატვარმა ზურაბ წერეთელმა არ იყიდა და 2007 წელს შენობის რეკონსტრუქცია არ დაიწყო. ისტორიულ ნაგებობას საძირკველიც გაუმაგრეს, საყრდენი კედლებიც, სავენტილაციო სისტემაც დაამონტაჟეს, განათებაცა და გათბობაც.

რაც მთავარია, ფუნქცია არა, მაგრამ შენობის ფასადს თავდაპირველი იერი დაუბრუნდა და 2012 წელს მასში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა…

ყველა ახალი ამბავი
0