სიმონიშვილი: „ყაზტრანსგაზი“ გაზის მოხმარებას მაქინაციებით ვერ გაზრდის

გამოწერა
ტექნიკურად შეუძლებელია, რომ გაზის კომპანიამ ბუნებრივი აირის მოხმარება რაიმე მაქინაციებით გაზარდოს. ვინმეს რომც მოუვიდეს თავში აზრად ხალხს გაზი გაუძვიროს, ამის განხორციელებას ფიზიკურად ვერ შეძლებს, მიაჩნია ექსპერტს.

ნანა პატარაია

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის პრეტენზიები გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, მიაჩნია ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს.

„მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, თითქოს გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს ზოგჯერ ჰაერს ურევენ, ზოგჯერ კი სხვა გაზს, რათა გაზარდონ  დახარჯული გაზის მოცულობა, კალორიულობა შეამცირონ, რათა მეტი დაიწვას, ენერგია კი ნაკლები გამოიყოს და შედეგად მეტი გადასახდელი დაგროვდეს. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად შეუძლებელია“, — განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

ექსპერტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად გაზი საშიში თბომატარებელია, მასში, მაგალითად, იმავე ჰაერის ჩამატებამ შეიძლება მილების შიგნით აფეთქება გამოიწვიოს.

„ეს რომც მოინდომოს ვინმემ, ტექნიკურად ძალიან ძნელია, იმიტომ რომ გაზის მილებში გაზი წნევით მოდის“, — აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

რაც შეეხება ბუნებრივი აირისთვის წყლის ან ორთქლის დამატების შესაძლებლობას, სოსო სიმონიშვილის განცხადებით, წყალი ან ორთქლი გაზის მილებში შეიძლება ბუნებრივად წარმოიშვას და აორთქლდეს კიდეც გარკვეულ ტემპერატურაზე, მაგრამ ეს დანახარჯის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამან მხოლოდ შეიძლება შეუცვალოს ფერი გაზის ალს და ცოტა მოწითალო გახადოს.

„ტექნიკურად შეუძლებელია, რომ გაზის კომპანიამ ბუნებრივი აირის მოხმარება რაიმე მაქინაციებით გაზარდოს. ვინმეს რომც მოუვიდეს თავში აზრად ხალხს გაზი გაუძვიროს, ამის განხორციელებას ფიზიკურად ვერ შეძლებს“, — მიაჩნია ექსპერტს. 

სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ქვითრები გაავრცელეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ ინფორმაციას ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორი ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძეც გამოეხმაურა.

მისი თქმით, აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის დეკემბერთან შედარებით.

„2016 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ, როცა ნოემბერში მიღებული იყო 82 მლნ კუბომეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული ბუნებრივი აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბური მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა“, — განაცხადა თურმანიძემ.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, თურმანიძის განმარტებით, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” გაზს აწვდის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს გაზის ხარისხს და ინფორმაციას ათავსებს თავის საიტზე. დღეს საქართველოში შემოსული გაზის ხარისხი შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.

თურმანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ტარიფი არ გაზრდილა და ამ ეტაპზე არც კომპანიას აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ტარიფზე განაცხადი  შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0