ხევსურები

მათ შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში...

2445
(განახლებულია 21:57 13.02.2021)
ძველად ფშავ-ხევსურეთში არსებული წაწლობის და სწორფრობის ტრადიცია ხშირად განსჯის და კამათის საგანი ხდება. ზოგი მას არასწორ ურთიერთობებს უწოდებს, ზოგიერთის მოსაზრებით კი ამ დროს ქალ-ვაჟის ურთიერთობა მხოლოდ წმინდა და სუფთა ელემენტებისგან შედგებოდა.

,

რისთვის იყო საჭირო და რატომ გაქრა ეს ტრადიცია - ეთნოლოგი ნინო ღამბაშიძე გვიამბობს.

ნინო ღამბაშიძე
ნინო ღამბაშიძე

 –წაწლობა ფშავში, სწორფრობა კი ხევსურეთში გავრცელებული ტრადიცია იყო. როგორც ცნობილია, სწორფრობის წესის გაჩენას ხევსურები ჩრდილოეთ კავკასიელთა თავდასხმების გამო თავდაცვით ნაგებობაში შეხიზნული ახალგაზრდების დამეგობრებას უკავშირებდნენ. ისინი ასევე დასძენდნენ, რომ ეს წესი ღვთის გაჩენილი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს იყო მამაკაცის წრთობის საშუალება. ასევე ფიქრობდნენ, რომ ამ დროს ქალი მამაკაცთან ურთიერთობის ანბანს სწავლობდა. სწავლობდა ასევე თავშეკავებას, რადგან ეს ურთიერთობა თავშეკავებაზე დაფუძნებული ურთიერთობა იყო. ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მათ ამ ურთიერთობით, შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში.

ეს საკითხი არის ძალიან ბევრი მეცნიერის განსჯის საგანია და მას სხვადასხვა რაკურსი და სხვადასხვა მიმართულება აქვს. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს იყო სხვა ასაკობრივ ჯგუფში გარდამავალი ახალგაზრდებისათვის ინიციაციის საშუალება.

ძალიან საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს ირაკლი სურგულაძეს — რომ ეს არის დანათესავების ერთ–ერთი ფორმა. ჩვენ ვიცით, რომ ნათესაობა არის სისხლისმიერი და არასისხლისმიერი. არასისხლისმიერ ნათესაობაში იგულისხმება, ნათლობა, მეჯვარეობა, დაძმობილება, ძუძუმტეობა და მათ შორის წაწლობა – სწორფრობა.  სწორფრების და წაწლების დაქორწინება კატეგორიულად იკრძალებოდა. ძალიან მკაცრად იყო დადგენილი ის წესები, რაც მათ ურთიერთობის დროს უნდა დაეცვათ. იყო შემთხვევები ისეთი სიახლოვე ჩნდებოდა, რომ დობილ–ძმობილობაში გადადიოდა. შემდეგში ისინი ძალიან თავდადებული და ერთგული მეგობრები ხდებოდნენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან დიდ სიყვარულში იზრდებოდა.

სწორფრობის ნაირსახეობად იმასაც ასახელებენ, რომ სტუმარს ასე ვთქვათ, უმასპინძლდებოდნენ მეზობელი ქალით. ამ წესებს ქვია წოლა–დგომის წესები. ძირითადად სწორფრები ამ დროს მსუბუქ ალერსსა და საუბარში ატარებდნენ. ეპრანჭებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს. ვაჟს და ქალს მკაცრად დადგენილი უფლებები ჰქონდათ ერთმანეთის ალერსთან დაკავშირებით. უფლება ქონდა მხოლოდ ერთი ღილი შეეხსნა ქალისთვის. ამ დროს ყველამ ყველაფერი იცოდა, არაფერი არ იმალებოდა. თუ ქალი წამოუხტებოდა კაცს და გაექცეოდა, ეს კაცისთვის დიდი სირცხვილი იყო. ესე იგი მამაკაცი ქალს უპატივცემულოდ მოექცა და დადგენილ ნორმებს გადააჭარბა.

ხევსურები
ხევსურები

- რა ასაკიდან იწყებოდა სწორფრობა–წაწლობა და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ წაწლები?

— ეს იწყებოდა დაახლოებით 15 წლის ასაკში. ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო ყოფილიყო წაწალი, სწორფერი. ე.წ ელჩი არჩევდა წყვილებს და ერთმანეთს ახვედრებდა ახალგაზრდებს. მათი დაოჯახება, როგორც უკვე გითხარით წარმოუდგენელი იყო. თუ მაინცდამაინც მოხდებოდა ისე, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და დაოჯახებას გადაწყვეტდნენ, ისინი სასტიკად ისჯებოდნენ. სხვათა შორის ხშირად უყვარდებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ამ სიყვარულის განხორციელების საშუალება არ ეძლეოდათ. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და უნდა მასთან ურთიერთობა. შემდეგ ამ ურთიერთობას შეიძლებოდა გამოეწვია ღრმა, დიდი სიყვარული, რომელიც სჯობდა, რომ არ გასჩენოდათ, რადგან ამის განვითარება არ ხდებოდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ქალს ათხოვებდნენ და ამბობდა: არ მიყვარს საქმრო და როგორ გავყვე? მას პასუხობდნენ, გიყვარს რა სწორფერია?

- როგორ ისჯებოდნენ შეყვარებულები?

— თუ გაცხადდებოდა მათი კავშირი, ისინი მოიკვეთებოდნენ და განიდევნებოდნენ თემიდან.

- რა განსხვავებაა სწორფრობასა და წაწლობას შორის?

— როგორც უკვე გითხარით წაწლობა არის ფშაური ტრადიცია, ხოლო სწორფრობა ხევსურული. მათ შორის არის რაღაც განსხვავებები, მაგალითად წაწლობა შეიძლებოდა ხატში. ამბობდნენ, რომ ლაშარის ჯვარი იხდენს ამას. ხევსურეთში ეს არ შეიძლებოდა. განსხვავება კიდევ ის იყო, რომ ერთგან ქალი უნდა მისულიყო მამაკაცთან, მეორეგან კი პირიქით. დროთა განმავლობაში ძალიან მძიმე ფორმები მიიღო ფშაურმა წაწლობამ, რომელიც არაგვული წაწლობის სახელწოდებით არის ცნობილი. ის მიუღებელი გახდა საზოგადოებისთვის და ალბათ, ამიტომ მალევე გადავიდა, გადაშენდა.

სოფელი ახადი
სოფელი ახადი

- გოგოს შეეძლო უარი ეთქვა წაწლის არჩევის დროს?

— გოგონებს წაწლის არჩევის დროს შეეძლოთ უარი ერთქვათ, მაგრამ ქმრის არჩევის დროს ვერ იტყოდნენ უარს.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა სწორფრობა და რამდენი სწორფერი უნდა ჰყოლოდათ?

— შეგეძლო სწორფერი ან წაწალი მანამდე ჰყოლოდათ სანამ ქალი ან ვაჟი ოჯახს არ შექმნიდა. რაც უფრო მეტი სწორფერი ყავდათ, მით უფრო ამაყობდნენ და თავს იწონებდნენ ამით.

- რა ხნის მანძილზე არსებობდა ეს ტრადიცია?

— ჩემი აზრით, იმ მონაცემების მიხედვით რაც ჩვენ გვაქვს, გაჩნდა მე–17 მე–18 საუკუნეში. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ის უკვე გაქრობის გზაზეა.

- რა იყო ამ ტრადიციის გაქრობის მიზეზი?

— ვფიქრობ, გაქრობის მიზეზი იყო ის, რომ ფშავში ამ ტრადიციამ მიიღო ძალიან ცუდი ფორმები. გახშირდა სწორფრებს და წაწლებს შორის დაოჯახების ფაქტები. ალბათ ეს ტრადიცია თანდათან შეირყვნა და გაქრობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

 

 

2445
გიორგი მურვანიძე

ჩვენ გიორგისთვის! - ბიჭი, რომლის გადასარჩენად მთელი სოფელი ერთ მუშტად შეიკრა

877
(განახლებულია 18:31 05.03.2021)
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ერთ ლანჩხუთელ 12 წლის ბიჭზეა - გიორგი მურვანიძეზე, რომელიც იშვიათი სახეობის სარკომას ებრძვის. გარდა ამის ეს ამბავი არის სიკეთეზე, მეგობრობასა და ძმობაზე.

გიორგის ძმა, ერთადერთია ოჯახში, ვისაც მუშაობა შეუძლია, ამიტომ ძმის გადასარჩენად თავს არ ზოგავს, დაუღალავად შრომობს და ასე, კაპიკ-კაპიკ აგროვებს ძმისთვის სამკურნალო ფულს.

გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება ქიმიოთერაპიის კურსი და ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რომელიც  61.000 დოლარი ჯდება. ამის სახსრები ოჯახს  არ გააჩნია, მეტასტაზები კი ფილტვეშია გასული. გიორგის დედა, ქალბატონი ციცო შვილის ჯანმრთელობის შესახებ გვესაუბრა.

დათო მურვანიძე
გიორგი მურვანიძე

- ერთ დღეს სრუალიად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. დეკემბრის თვეში, სრულიად ჯანმრთელ, საღ-სალამათ ბავშვს დაეწყო ხშირი შარდვა, გაუსაძლისი ტკივილები თირკმელის, კუჭის და შარდის ბუშტის არეში. დაეწყო სიცხეები და დაუყონებლივ წავიყვანეთ ბათუმში ექიმთან. გვითხრეს, რომ შარდის ბუშტზე ჰქონდა წანაზარდი და გაგვაგზავნეს თბილისში. თბილისში გვითხრეს, რომ ბავშვს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, სარკომა და თითქმის ყველა ორაგნოზეა გადასული მეტასტაზები.  მანამდე თურქეთშიც გვყავდა. იქ მითხრეს, რომ შეიძლება ბავშვი დაკარგოთ, ამიტომ სჯობს თქვენს ქვეყანაში წახვიდეთო.

ახლა  იაშვილის კლინიკაში ვწევართ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ ჩემი შვილის გადასარჩენად. ქიმიო თერაპიას უტარებენ, მეორე კურსი დავამთავრეთ უკვე. სოციალური დახმარება შეჩერებული გვქონდა, ამიტომ დაფინანსება ვერ მივიღეთ და საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგვიწია.

ახლა მივხვდი, რამხელა ძალა აქვთ ადამიანებს, რამდენი რამე შეუძლია მათ თანადგომას. კეთილი ადამანების მხარში დრომით შევძელით ამ თანხების გადახდა. ახალ ისევ სახელმწიფო პორგარამაში მოვხვდით და დაზღვევით გარკვეული შეღავათები გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიორგის კლასელებს, ჩვენს ახლობლებს, თანასოფლელებს. კარდაკარ დადიოდნენ ისე შეგვიგროვეს თანხა. ამხნევებენ ჩემს ბიჭს და ბრძოლის სტიმულს აძლევენ.

სოციალურად დაუცველ ოჯახს მივეკუთვნებით. ოთხი შვილის დედა ვარ. მყავს 19 წლის გოგონა, რომელიც არის შშმ პირი. ორივე ხელი პარალიზებული აქვს, ვერ მეტყველებს. წლის და ორი თვის იყო გეგმიური აცრა გავუკეთეთ და იმის მერე ასეა. მყავს ავადმყოფი მეუღლე, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

ოჯახში მხოლოდ ჩემი უფროსი ბიჭი, დათო მუშაობს. ძმის გადასარჩენად თავს და ენერგიას არ ზოგავს, არაფერს თაკილობს. კაპიკ-კაპიკ აგროვებს პატარა ძმისთვის სამკურნალო თანხას.  ჩემი ერთადერთი დიდი იმედია.

-  ეს პერიოდი, რაც საავადმყოფოში ხართ ვინ უვლის თქვენს გოგონას?

- დედაჩემი უვლის, მაგრამ მასაც ინფარქტი აქვს გადატანილი და ძალიან უჭირს.

- გიორგი როგორ უმკლავდება მკურნალობის პერიოდს?

- მარტივი არ არის ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიმიხვდება ამას. ძნელია ყველაფრის ახსნა და ენით გადმოცემა. მხნედ არის, გამოჯანმრთელების იმედი აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, წინ დიდი ბრძოლა გველის. დიდი დრო სჭირდება საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. მე, როგორც დედას გატეხვის და უკან დახევის უფლება არ მაქვს.

ჩვენ ვესაუბრეთ გიორგის მასწავლებელს, ქალბატონ ლელა სარიშვილის, რომელიც კლასთან ერთად გულშემატკივრობს გიორგის და პერიოდულად ლამაზ სიურპრიზებსაც უკეთებს.

ლელა სარიშვილი გაკვეთილზე
ლელა სარიშვილი გაკვეთილზე

- გიორგი  ზრდილობიანი, პასუხისმგებლიანი, მშვიდი, კარგი მოსწავლე  და საუკეთესო მეგობარია. ყოველთვის ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო კლასგარეშე მუშაობაში, ღონისძიებებში. მორიდებით გვეტყოდა, მეც მინდა სიმღერა, ამ როლს მე შევასრულებ. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიაში გაიზარდა. ყველა წირვა - ლოცვაზე  მიდიოდა დედასთან, ან თანატოლებთან ერთად. თითქმის ყველა კვირას და დღესასწაულზე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ამ ამბავმა ყველა გააოცა, აღაშფოთა, შეაძრწუნა. პირველადი დახმარება შეიძლება ითქვას თანაკლასელებმა გაუწიეს. მეორე დღესვე გადაუგზავნეს შეგროვებული თანხა. სოფლის ყველა ოჯახი ცდილობს ფინანსურ დახმარებას და ხელაპყრობილი თხოვენ უფალს გიორგის ჯანმრთელობას.

იმედი მაქვს, თუ კეთილი ხალხის ნებაც იქნება და არ დავიშურებთ თითო ლარსაც კი გიორგის დასახმარებლად, მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მალე დაგვიბრუნდება

თანაკლასელები თითქმის ყოველ დღე ურეკავენ, ამხნევებენ, თანადგომას  უცხადებენ. დაბადების დღეც კი აღუნიშნეს  „ონლაინ“, რამაც ძალიან გააბედნიერა გიორგი.

მივმართავთ საზოგადოებას, თუ კი გექნებათ დახმარების სურვილი, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

თი-ბი-სი ბანკი: GE04TB7045845064300006

მიმღები დავით მურვანიძე

საქართველოს ბანკი: GE05BG0000000477017911

მიმღები მალხაზი ჯინჭარაძე

877
ფილტვების რენტგენი

კოვიდი და ონკოლოგია: შესაძლოა თუ არა, COVID-19-მა გაამწვავოს ონკოლოგიური დაავადება

324
(განახლებულია 21:22 08.02.2021)
შესაძლოა კორონავირუსული ინფექცია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც სერიოზულ გართულებად იქცეს. თუმცა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და თავდაცვას საჭიროებენ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები, რომლებიც ახლა გადიან, ან უკვე ჩაუტადრათ მკურნალობა.

სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში შეუძლებელია ინფიცირების თავიდან აცილება. საქართველოში ბევრმა ონკოლოგიურმა პაციენტმა გადაიტანა კორონავირუსი. როგორ მიმდინარეობს COVID-19 ონკოლოგიურ პაციენტებში, რა გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე ონკოლოგმა  ნია შარიქაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონიათან“ ისაუბრა.

- კორონავირუსული ინფექცია და პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ყველასათვის პრობლემა. როგორია ის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის?

- ონკოლოგიური პაციენტის მართვა არის გუნდური საქმე. ყოველთვის ვეუბნებით პაციენტებს, რომ ჩვენ ვართ ერთ მხარეს და ერთად ვიბრძვით. სწორდ ამ გუნდურობით შევძელით, სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში ვერა, მაგრამ უმეტეს შემთვევაში დავამარცხეთ ონკოლოგიური პაციენტების გართულებული კოვიდური მდგომარეობა. ეს ძალიან აქტუალური თემაა. პოსტკოვიდური გართულებები ახალია, ამიტომ მისი მართვა და გამოვლინება ერთად უნდა მოვახერხოთ სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა. ერთადერთი რაც მინდა გითხრათ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველა სიმპტომატიკა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე არ მივაწეროთ, რადგან  ამ სიმპტომების უმრავლესობა ძალიან ხშირად ახასიათებს ონკოლოგიურ პაციენტებს, ანუ დაავადებას, მკურნალობის გართულებას, ასევე პოსტ ქიმიოთერაპიულ თუ პოსტსისტემურ მკურნალობის გართულბას.

- რატომ არის საშიში ამ სიმპტომების მხოლოდ კოვიდეზე გადაბრალება?

- რათა არ გამოგვრჩეს ამ სომპტომებს ამოფარებული დაავადების პროგრესირება. ჩვენი პაციენტების კლინიკაში ვიზიტი გადავაწყვეთ რამდენიმე ჯგუფის მიხედვით. ისინი ვინც არიან მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებმაც შესაძლოა ბინაზე გადაიტანეს კოვიდი, ან გადაიტანეს ისე, რომ მათ არ აქვთ აქტიური ონკოლოგიური პრობლემა, მაგრამ დარჩათ გარკვეული სიმპტომები. ამ შემთხვევაში ასეთი პაციენტები აუცილებლად ზედმიწევნით უნდა გამოვიკვლიოთ, რომ ჩვენ არ მოგვცეს ამ სიმპტომებმა ვოალირება იმ დაავადების, რომელიც თეორიულად შეიძლება გააქტიურდეს. მე არ მინდა მოსახლეობა შევაშინო, უბრალოდ ეს არის ზედმეტი სიფრთხილე, ისევე როგორც ჩვენ  ონკოლოგები ვიჩენთ ონკოლოგიურ სიფხიზლეს. არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ეს სიმპტომები მალავს ონკოლოგიას, უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რომ არ გამოგვრჩეს, ვიყოთ ყურადღებით. გავითვალისწინოთ, რომ ამ დაავადების უკან იმალება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელთანაც გამოსარიცხია ყველა ორგანული პათოლოგია.

- თქვენი პაციენტების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა კოვიდი. თქვენი გამოცდილებით, რომელი სიმპტომებია ყველაზე აქტუალური ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, რომელიც გავს კოვიდის სიმპტომებს?

- ჯერ საქართველოში კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა და ალბათ დაიგეგმება მომავალში. მაგრამ მე შემიძლია ჩვენი კლინიკის გამოცილებით გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი.  ჩვენი პაციენეტებისთვის შფოთვა და დეპრესია ისედაც დამახასიათებელია. ეს სიმპტომი განსაკუთრებით გაამძაფრა კოვიდმა. ამიტომ შფოთვა და დეპრესია უფრო ამყარებს დაავადების პროგრესირებას. ამ მიმართულებით მინდა გითხრათ, რომ არა მარტო პაციენტებს, არამედ გადაღლილ მედპერსონალსაც ახასიათებს ეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ გამოიწვიოს ამ განწყობამ ზედმეტი „შენჯღრევა“ პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ფსიქიკის, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ყველაზე მეტად მაინც დამახასიათებელია შფოთვა და დეპრესია, მაგრამ გარდა ამისა,  სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით დამახასიათებელია ფილტვის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის. თუმცა, იქ აუცილებლად გამოსარიცხია კარდიოლოგიური პრობლემები, რომელიც ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია. ჩვენ გვყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელსაც გულმკერდის არეში ტკივილი ჰქონდა. ჩვენი სიმპტომატიკით ეჭვი გვქონდა, რომ შესაძლოა ყოფილიყო კარდიოლოგიური პრობლემა, თუმცა დადასტურდა კოვიდ ინფექცია. განსაკუთრებით, მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ეს სიმპტომატიკა ნებისმიერი მკურნალობის გართულებას წარმოადგენს. ამიტომ მადლობა ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მხარში გვიდგანან და ასეთ პაციენტებს დროულად უკეთებენ დიფირენციალურ დიაგნოსტიკას, ეს არის დაავადებასთან, თუ კოვიდ ინფექციასთან ასოცირებული.

ეს სიმპტომატიკა არ არის მარტო პოსტ კოვიდური, ეს არის მწვავე კოვიდის სიმპტომატიკაც. უბრალოდ ეს სიმპტომატიკა წესით უნდა გადიოდეს კოვიდის დასრულებასთან ერთად, მაგრამ ზოგს რჩება, ზოგს სამწუხაროდ გვიან ფაზაზე უჩნდება. გვიან ფაზაზე გაჩენილი სიმპტომატიკა უფრო საფრთხილოა ჩვენთვის, რადგან თითქოს კოვიდი დაამარცხა ადამიანმა, პაციენტი თითქოს მკურნალობას ექვემდებარება, ამ დროს კი ჩნდება ახალი სიმპტომატიკა და ამ დროს ისევ „ზღვაში თავით ვეშვებით“, ვიწყებ ძიებას, რასთან არის ეს სიმპტომატიკა კავშირში კოვიდთან, თუ ონკოლოგიურ დაავადებასთან.

 - ადამიანმა, რომელმაც უკვე დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება, რამდენად სახიფათოა მისთვის კოვიდ ინფექცია? შესაძლოა თუ არა მოხდეს უკვე დამარცხებული დაავადების კვლავ პროვოცირება?

- საერთაშორისო არენაზე ჯერ არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ კორონავურუსმა გაამწვავა უკვე მიძინებული ან უკვე დამარცხებული ონკოლოგიური პათოლოგია. სავარაუდოდ ეს მონაცენები იქნება ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც მსოფლიო გადახედავს ონკოლოგიური პაციენტების სტატისტიკას. მაგრამ ჯერჯერობით ამისი სარწმუნო მონაცემი არ გვაქვს.

- თუ ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის პროცესში დაემართება კორონავირუსი. მკურნალობა უნდა შეწყდეს, გადაიდოს თუ გაგრძელდეს ჩვეულებისამებრ?

- მკურნალობის პროცესში დაინფიცირების დროს, რასაკვირველია ცოტა უფრო მაღალი რისკია, რადგან მკურნალობას თან ახლავს ბევრი ტოქსიურობა, მათ შორის ჰემატოლოგიური, ანუ სისხლზე გარკვეული გავლენა. ამიტომ ასეთი პაციენტები არიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის ჩემს კოლეგებს. რასაკვირველია დაინფიცირებიდან სამი კვირის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მკურნალობის გაგრძელება. კატასტროფა არ მოხდება თუ მკურნალობის რეჟიმი დაირღვევა. ინფიცირების შემთხვევაში გართულების გაცილებით მაღალი რისკი არსებობს, ვიდრე რამდენიმე კვირით მკურნალობის გადადების შემთხვევაში.

- ეკუთვნით თუ არა ონკოლოგიურ პაციენტებს კოვიდ-19 -ის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთ პირველებს?

- ჩვენ ვიცით, რომ პირველ რიგში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აიცრება. ჯერჯერობით რაც დაგროვდა მსოფლიოში ინფორმაცია, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანებს და პაციენტებს ცრიან. ონკოლოგიაც მოიაზრება ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფად და სავარაუდოდ ესეც ერთ-ერთი პირველი აიცრება და იცრება კიდეც მთელს მსოფლიოში.

 

324
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

0
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

0