მართლმსაჯულება

შეიძლება თუ არა, ბრალდებული სრულად გათავისუფლდეს სასჯელისგან საპროცესო შეთანხმებით

53
(განახლებულია 12:25 17.10.2020)
ბევრმა არ იცის, რომ ბრალდებული საპროცესო შეთანხმებით, შესაძლებელია,  სრულად გათავისუფლდეს სასჯელისგან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს, თუ რა შემთხვევაში იდება საპროცესო შეთანხმება, ვინ დებს მას და როდის ათავისუფლებს კანონმდებლობა ბრალდებულს სასჯელისგან სრულად, ან ნაწილობრივ. დღევანდელი სტატიით ვეცდებით, სწორედ ამ კითხვებზე გაგცეთ პასუხი.

საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი 2004 წლიდან ამოქმედდა და მან ქვეყანაში არსებულ სისხლის სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. დღევანდელი მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეების უმეტესი ნაწილი სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

 რა არის საპროცესო შეთანხმება?

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს განაჩენის გამოტანას საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ამ შემთხვევაში ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და პროკურორს უთანხმდება სასჯელზე, მის შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

ვის შეუძლია საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება?

მისი დადების შეთავაზება შეუძლია, როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. ასევე, საქმის განხილვისას სასამართლოსაც აქვს უფლებამოსილება, მხარეებს შესთავაზოს საპროცესო შეთანხმების დადება.

საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასჯელი შეიძლება, შემცირდეს, შემსუბუქდეს, ან ნაწილობრივ მოიხსნას. ამის თაობაზე სასამართლოსთან შუამდგომლობის უფლება აქვს პროკურორს. ამ დროს გასათვალისწინებელია საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რა როლი ითამაშა ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენაში.

რა შემთხვევაში თავისუფლდება ბრალდებული სასჯელისგან სრულად საპროცესო შეთანხმებისას

განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა უკვე სახელმწიფოზე გადადის.

საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს, რა იგულისხმება განსაკუთრებულ შემთხვევაში.

კერძოდ,  როდესაც ბრალდებული/ მსჯავრდებული ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რის შემდეგაც გამოვლინდება დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის,  ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები.

ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და  გენერალურ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.

საპროცესო კოდექსის მიხედვით, განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის, მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.

თუ შეთანხმების დადების შემდეგ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეთანხმება გაბათილდება.

კანონმდებლობის მიხედვით,  სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.

გასათვალისწინებელია, რომ სასჯელისგან სრულად განთავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

ბრალდებული/მსჯავრდებული არ გათავისუფლდება სასჯელისაგან სრულად,  თუ მას ჩადენილი აქვს შემდეგი სახის დანაშაულებს: წამება,დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა, აგრეთვე მას ედავებიან არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ( გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, გარყვნილი ქმედება, პროსტიტუციაში ჩაბმა და ა.შ.)

 დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

კანონმდებლობა ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

53
სასწრაფო დახმარების მანქანა

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი

45
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია საუბრობს, თუ რა გზას გადის კოვიდდადასტურებული პაციენტი 112-ში ზარიდან კოვიდ-კლინიკაში ან კოვიდ-სასტუმროში მოხვედრამდე

გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“... პანდემია ომზე ნაკლები არ არის, ამიტომ სამედიცინო ქსელი მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული. ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი...

ქვეყანაში თითქმის ყოველ დღე ცვლილებაა - ემატება კოვიდ სასტუმროები და კლინიკები, ადგილები PCR ტესტირებისთვის... ინფიცირების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში 32 ათასს აჭარბებს. სლოგანი „დარჩით სახლში“ ისევ აქტუალური გახდა... და დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ვის რომელ გზაზე შეხვდება ვირუსი...

სად ტარდება PCR ტესტირება

COVID19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც. თუკი პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, (არ აღენიშნება სიმპტომები და არ ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი) მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება.

როგორია სავალდებულო და საკუთარი გადაწყვეტილებით ტესტირებულთა თანაფარდობა, ეს ცნობები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული.

PCR ტესტი საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: „ულტრამედი“, „მედისონი“, „მედკაპიტალი“, „ნეოლაბი“, „ციტო“, „ევექსი“, „გორმედი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“, „ონის სამედიცინო დაწესებულება“, „ზუგდიდი ინფექციური საავადმყოფო“.

ტესტის ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს; პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, იზრდება თანხა, თუმცა, მცირდება დრო და ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში, პასუხი მზადაა. ზოგიერთ ლაბორატორიაში, PCR ტესტის ასაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. ცოცხალი რიგითაც. ზოგიერთი ლაბორატორია უზრუნველყოფს ბინაზე მომსახურებასაც.

მაგალითად, მსურველებს აღნიშნულ სერვისს სთავაზობს ლაბორატორია „ციტო“. თუმცა, ამ შემთხვევაში, ტესტის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. პასუხის დამზადების მაქსიმალური დრო 24 საათია. ტესტის გაკეთების მსურველებს წინასწარ, ერთი კვირით ადრეც უწევთ თადარიგის დაჭერა.

ამჟამად, ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.

რა გზას გადის კოვიდინფიცირებული ვირუსის დადასტურების შემდეგ - ვინ აფასებს ინფიცირებულის პირველად მდგომარეობას და ვინ წყვეტს სად განათავსონ პაციენტი – კლინიკაში, კოვიდსასტუმროსა თუ სახლში

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მუშაობს შემდეგი სქემა: პირველი ნაბიჯი არის ონლაინ-კლინიკა. საქართველოში ჯერ კიდევ აპრილიდან პროცესში ჩაერთვნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებსაც პირობითად ონლაინ-კლინიკები შევარქვით. პაციენტი უკავშირდება 112-ს და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამისი ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმთან. ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პაციენტს - იღებენ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა მას ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ტესტირება არ სჭირდება და საჭიროა ბინაზე მეთვალყურეობა, ოჯახის ექიმები ახორციელებენ მეთვალყურეობას ორი კვირის განმავლობაში ყოველ მესამე, მეექვსე, მეცხრე დღეს, პაციენტთან დარეკვით. ხოლო თუ პაციენტი კოვიდ-დადებითია და ბინაზე მკურნალობს, ამ შემთხვევაში მას ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება.

რაც შეეხება ონლაინ-კლინიკის მიერ პაციენტის გადამისამართებას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში - თუ პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ის ხვდება კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ დაავადების მიმდინარეობა რთულია და მისი ბინაზე დატოვება არ შეიძლება, ის ხვდება კოვიდ-კლინიკებში. თუ ბინაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, მას აუცილებლად გადაიყვანენ კოვიდ-კლინიკაში. კოვიდ-კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები იმართებიან ინფექციონისტების, ოჯახის ექიმების ან რეანიმატოლოგების მიერ, საჭიროების შესაბამისად.

სააგენტოსთან საუბრისას ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-კლინიკებში ადგილები აღარ დარჩება, განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, გაიზრდება კოვიდ-სასტუმროების რიცხვიც და არც ერთი ინფიცირებული უყურადღებოდ არ დარჩება.

„ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. ინფიცირებულს, რომელიც მკურნალობას სახლში გადის, სულ მალე ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმებს და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ დაწესებულებებში მობილიზებულია 3 ათას 700-მდე საწოლი. საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით არის შემდეგი: თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1 ათას 987, აჭარაში - 11 კლინიკა, საწოლების რაოდენობა 731, იმერეთში 10 კლინიკა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით და გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 ათას 692 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 3 ათას 832 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 ათას 249 პირი, 12 ათას 611 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები უკვე მეცხრე თვეა პანდემიას ებრძვიან. მათ დასახმარებლად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერისტეტების უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2 ათასს მიაღწია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 32 ათასს აჭარბებს. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2238 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

45
ტესტირება კოვიდზე

იქნება თუ არა ამ სეზონზე საქართველოში გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

57
(განახლებულია 20:46 20.10.2020)
საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა ქვეყანა ნოემბერში გრიპის ორჯერ მეტ ვაქცინას ელოდება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანა გრიპის სეზონის პიკს დეკემბერი–იანვარში ელოდება და ამ დროისათვის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, აცრილი უნდა იყოს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

კლინიკის დირექტორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

„მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, უნდა აიცრათ. გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ. ვაქცინაციისთვის იდეალური არის ნოემბრის დასაწყისი. გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერი–იანვარში, თუმცა იმ რაოდენობას, რაც შარშან იყო გრიპის კუთხით, არ ვპროგნოზირებ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა, გასულ სეზონთან შედარებით, წელს A და B ტიპის გრიპის ორჯერ მეტი ვაქცინა შემოვა, რომელსაც ქვეყანა ნოემბერში ელოდება.

ივანე ჩხაიძის თქმით, წელს სახელმწიფოს მიერ ჯამში სულ 300 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაა განსაზღვრული. საუბარია სამ- და ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს უფასოდ გაუკეთებენ.

რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3, H1 ვირუსები და რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი 60%-ით შეამციროს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

57
იუსტიციის სახლი, რომელშიც ეროვნული ბანკი მდებარეობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა

0
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2237 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 609,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

ოთხშაბათისთვის, 28 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2242 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა