თერმოსკრინინგი

რამდენად სანდოა თერმოსკრინინგის აპარატები და რა უნდა გავაკეთოთ „ჩვენ“

407
(განახლებულია 17:29 18.09.2020)
ნაცნობია არც ისე იშვიათი შემთხვევები, როდესაც თერმოსკრინინგის აპარატმა გადაწყვიტა, რომ ტემპერატურა არარეალურად დაბალი გაქვთ, ხოლო ადამიანი, რომელიც იმ პატარა ეკრანზე ამას კითხულობს, ჩუმად არის...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითი დღე რეკორდს ამყარებს, ყოველდღიური გამოვლინება უკვე სამნიშნა რიცხვებით იზომება.

რადგან ახალი რეგულაციების თანახმად საერთო მოხმარების სივრცეში – სკოლებში, გასართობ ადგილებში, ბანკებში, აეროპორტებში, მოლებში, მაღაზიებში, სარკინიგზო სადგურებში, ავტოსადგურებში, საგამოფენო დარბაზებსა თუ მუზეუმებში უნდა მოხდეს იქ მყოფი ადამიანების ტემპერატურის კონტროლი, ტრადიციული თერმომეტრის გამოყენება მისი დეზინფექციის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ შემოწმების წარმატებით და დროულად განხორციელება მხოლოდ თერმოსკრინინგის აპარატების (სიცხის საზომი უკონტაქტო თერმომეტრი) მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც უკვე ვიცით, თუ სადმე შესვლას ვაპირებთ, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37.0 გრადუსს. თუმცა...

ასეა თუ ისე, მით უფრო ამ ბოლო დროს, ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია არც ისე იშვიათი შემთხვევები, როდესაც აპარატმა გადაწყვიტა, რომ ტემპერატურა 33 გრადუსი, ან რაღაც მსგავსი, არარეალურად დაბალი გაქვთ, ხოლო ადამიანი, რომელიც იმ პატარა ეკრანზე ამას კითხულობს, ჩუმად არის. აქ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დანაშაული გვახსენდება...

ყველა აპარატს შეძენისას მოჰყვება ვარგისიანობის ვადა, რესურსი, რამდენჯერ შეუძლია გაზომოს ტემპერატურა. ნორმალური ხარისხის აპარატს საშუალოდ 10 ათასჯერ შეუძლია გაზომვა.

სიცხის საზომს უნდა ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატიც.

საქართველოში თერმოსკრინინგის აპარატის ღირებულება 65 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ხოლო თუ უცხოურ საიტებს გადავხედავთ, აპარატის შეძენას ბევრად იაფად, 7–10 დოლარადაც შევძლებთ.

ჩნდება კითხვა: რამდენად გამართულად მუშაობს ათასობით ობიექტზე აღნიშნული აპარატები და აქვთ კი უწყებებს ძალა და რესურსი ობიექტების კონტროლისთვის? ან იქნებ მართლაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედად ვართ?

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ერთ-ერთი ვალდებულებაა თერმოსკრინინგი, ხოლო აპარატის გამართულად მუშაობაზე ობიექტის მენეჯერია პასუხისმგებელი.

„მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების მიღების შემდეგ გაფრთხილებულია ყველა ობიექტი, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ წესების დაცვით. ერთ-ერთი ვალდებულებაა თერმოსკრინინგი. აპარატებს მოჰყვება პასპორტი, თუ რამდენჯერ არის შესაძლებელი ტემპერატურის გაზომვა. ამ შემთხვევაში მენეჯერი უზრუნველყოფს თერმომეტრის გამართულობას. ჩვენც ვცდილობთ, რომ პირველად არა სანქციებით, არამედ გაფრთხილებით და დახმარებით მოვახდინოთ პრობლემის აღმოფხვრა, მაგრამ იურიდიული პირი, რომელიც დადგენილ რეკომენდაციებს არ ემორჩილება, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით“, – განუცხადა მაია მიქაიამ სააგენტოს.

მაგალითად, აჭარაში რამდენიმე დღის წინ ობიექტების მიერ კორონავირუსის პრევენციის კუთხით რეკომენდაციების შესრულების შემოწმების დროს დეპარტამენტის თანამშრომლებმა 600 ბიზნეს-სუბიექტი სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო 15 – დააჯარიმეს.

საქმე რთულადაა. ქვეყანაში უფრო მეტი ობიექტია, ვიდრე შესაბამისი მაკონტროლებელი უწყების თანამშრომელი.

რა ხდება მაშინ, როდესაც პანდემიას მხოლოდ უწყებები ვერ ერევიან? როდესაც მე აღარ ვარ უბრალოდ „მე“, ვხდები „ჩვენ“ და პასუხისმგებელი ვხდები სხვა, ბევრი ადამიანის ბედ-იღბალსა და ჯანმრთელობაზე? მარტივია – ჩნდება ვალდებულება, რომ აღარ გაქვს იმის უფლება, რომ ჩაატარო ექსპერიმენტი მაშინ, როდესაც წინ უამრავი მაგალითი გაქვს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ინფექციის ზრდა ჩვენ ყველამ ერთად, სახელმწიფოსთან, ექიმებთან და მოსახლეობასთან ერთად უნდა შევაკავოთ.

„კორონავირუსულ პანდემიას მოერევა ერთად სახელმწიფო, ექიმები და საზოგადოება. საჭიროა მათი მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ამას ვერ გააკეთებენ ცალკეული სახელმწიფოები, ეს უნდა მოხდეს გლობალურად. ამიტომ საერთაშორისო თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განუცხადა სააგენტოს ამირან გამყრელიძემ.

რეალობამ დაგვანახა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თუ უწყებების მოწოდებებს იმისთვის არ უნდა დაველოდოთ, რომ მტვრიანი დეზობარიერები, არასწორად გაკეთებული პირბადეები და ვადაგასული თერმოსკრინინგის აპარატები აღარ იყოს.

არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს, მაგრამ ახლა ასეა: „მე“ – არა, „შენ“ – არა, არამედ „ჩვენ“ და ისევ ორი მეტრის დაშორებით...

 

407
ტესტირება კოვიდზე

იქნება თუ არა ამ სეზონზე საქართველოში გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

40
(განახლებულია 20:46 20.10.2020)
საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა ქვეყანა ნოემბერში გრიპის ორჯერ მეტ ვაქცინას ელოდება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანა გრიპის სეზონის პიკს დეკემბერი–იანვარში ელოდება და ამ დროისათვის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, აცრილი უნდა იყოს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

კლინიკის დირექტორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

„მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, უნდა აიცრათ. გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ. ვაქცინაციისთვის იდეალური არის ნოემბრის დასაწყისი. გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერი–იანვარში, თუმცა იმ რაოდენობას, რაც შარშან იყო გრიპის კუთხით, არ ვპროგნოზირებ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა, გასულ სეზონთან შედარებით, წელს A და B ტიპის გრიპის ორჯერ მეტი ვაქცინა შემოვა, რომელსაც ქვეყანა ნოემბერში ელოდება.

ივანე ჩხაიძის თქმით, წელს სახელმწიფოს მიერ ჯამში სულ 300 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაა განსაზღვრული. საუბარია სამ- და ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს უფასოდ გაუკეთებენ.

რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3, H1 ვირუსები და რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი 60%-ით შეამციროს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

40

ინფექციონისტი: მესამე ეტაპი არის ცდების ბოლო ეტაპი, უკვე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ვაქცინას

153
(განახლებულია 20:17 19.10.2020)
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18663-ს მიაღწია.

კვლავ მოსალოდნელია თუ არა მზარდი სტატისტიკა, როგორია კორონავირუსთან ბრძოლის სამეცნიერო სიახლეები, ეპიდსიტუაცია და პროგნოზები, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.

მაია ბუწაშვილი
მაია ბუწაშვილი

- ყოველ დილით ყველა ძალიან მოუთმენლად ველოდებით ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. სამწუხაროდ, ციფრები დღესაც მზარდია. ჩვენ თუ გადავხედავთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყველგან დაახლოებით მსგავსი სურათია, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის გარდა, სადაც მუდმივად სტაბილური სიტუაციაა. ყველგან არის მზარდი ციფრები, შემდეგ სტაბილიზაცია, რასაც მოჰყვება კლება. არის ქვეყნები, სადაც ხელახლა დაიწყო აღმავლობა და ისევ დაიწყეს მკაცრი ღონისძიებების გატარება. ჩვენც იმის მოლოდინი გვქონდა, რომ რეალურად შეკავების ფაზის შემდეგ, როდესაც რეგულაციები სუსტდება, ეს აღმავლობა იქნებოდა.

რატომღაც ჩვენ ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა ზაფხულში, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორს იყო, ან არ არსებობს. მე ვუყურებ სოციალურ ქსელებში და დღესაც უამრავი ასეთი პოსტი დევს. ამ ადამიანებს ათასჯერ კიდევ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას. როგორ შეიძლება თქვა, რომ კორონა არ არსებობს. ბევრს დიაგნოზის დასმის შემდეგაც არ სჯერა. თუმცა ფაქტია, რომ სტატისტიკა მზარდია.

- გაზრდილი შემთხვევების ფონზე რამდენად მიზანშეწონილია სახლში ან კოვიდ–სასტუმროში მკურნალობა?

- ბინაზე ან კოვიდ–სასტუმროში მკურნალობის პერიოდში შესაძლებელი რომ იყოს ადამიანებისთვის მუდმივად ლაბორატორიული მონიტორინგი, ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი. ეს ალბათ არარეალისტურია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყანაში ბინაზე მოვლა ნიშნავს უბრალოდ დისტანციურად შეფასებას. სამწუხაროდ, არ არის იმის საშუალება, რომ მუდმივად კონტროლდებოდეს სისხლის ანალიზი. ყველაზე ხშირი გართულება თრომბოემბოლიაა და ამის მონიტორინგი კარგი იქნებოდა. მაგრამ მედიცინაც სტატისტიკას ეყრდნობა და სტატისტიკურად ძალიან მცირეა თრომბოემბოლიით გართულება, იმდენად მცირე, რომ არ ხდება ამის მუდმივად ლაბორატორიული მონიტორინგი.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo: press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

- რა სიახლეები აქვთ მეცნიერებს დღეისათვის, პირბადის და ხელების დაბანის გარდა კიდევ რამე ხომ არ გამოჩნდა საიმედო?  

- ჩვენ ყველას გვაქვს ის განცდა, რომ რაღაც უფრო ჩქარა გვინდა, მაგრამ შევხედოთ იმას, როგორია ტემპები. მე ეპიდემიოლოგიას ვასწავლი სტუდენტებს და ერთ-ერთი თემაა – რამდენი ხანი, რამდენი წელი სჭირდება ვაქცინის შემუშავებას და გამოცდას. ახლა რაც ხდება, ეს არის უპრეცედენტო ტემპი. ამიტომ ასე შევხედოთ – 10-ჯერ უფრო სწარაფად მიდის ყველაფერი, ვიდრე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სიტუაციაში იქნებოდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წლის დასაწყისში ვაქცინა იქნება. ეს იქნება საოცრება, ძალიან დიდი გამარჯვება. 140-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა არსებობს და ხუთი არის მესამე ფაზაში. მესამე ფაზაში ყოფნა ნიშნავს, რომ უკვე ალბათობა იმისა, რომ წარმატებით დასრულდება, არის ძალიან მაღალი და, შესაბამისად, უკვე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ვაქცინას. მესამე ეტაპი ნიშნავს ცდების ბოლო ეტაპს და ამის შემდეგ უკვე ხდება ბაზარზე გამოშვება.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლაგაზრდებს დიდად არ ერჩის კორონავირუსი. საქართველოში არის დათვლილი ასაკოვანი მაჩვენებელი, რა კატეგორიის, ან რა ასაკის ადამიანებს ემართებათ?

- დაინფიცირება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის თანაბარია. აქ ლაპარაკია რომელ ასაკობრივ ჯგუფში რთულდება და არის ლეტალური გამოსავალი, თორემ ინფიცირების რისკი ერთნაირი აქვს ყველას. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს კორონავირუსი, უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, შემდეგში ვინ როგორ გადაიტანს. რაღაც კვლევები არსებობს, სადაც ამბობენ, რომ ბავშვებს ოდნავ ნაკლებად ემართემათ, მაგრამ სტატისტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ბავშვები სერიოზული გადამტანები არიან. მაგალითად, სკოლებს როდესაც კეტავენ, იმიტომ კი არ ხდება ეს, რომ მაინცდამაინც გვეშინია ბავშვები ძნელად გადაიტანენ ვირუსს, ბავშვები, როგორც გადამტანები – აი, ეს არის ძირითადი პრობლემა. აქ საუბარია, ვისთან გართულდება და მივიღებთ მძიმე შედეგებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე პროცენტში, მაგრამ მაინც, ახალგაზრდებშიც შესაძლებელია იყოს გართულებები.

- საუბრობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ვირუსი კარგავს ძალას და ისე ძლიერად აღარ გამოიკვეთება სიმპტომები. რამდენად სწორია ეს მიდგომა?

- სამწუხაროდ არ არის სწორი. რაც პანდემია დაიწყო, ვირუსის მუტაცია ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. საკმაოდ მყარი და სტაბილური ვირუსია. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ არის, რომ ჩვენ იმედი გვაქვს – ვაქცინის პასუხი სწრაფად არ შეიცვლება და ვაქცინა შესაცვლელი არ გაგვიხდება. ცუდი იმიტომ არის, რომ ვერსია, თითქოს ის თანდათან სუსტდება, არ არის სწორი. შესუსტებას რაც შეეხება, აქ სხვა მექანიზმია. როდესაც ბევრი ადამიანი ინფიცირდება, გადაცემის ჯაჭვი იზრდება. შემდეგში ამ ვირუსს დახვდება ის ადამიანი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს ვირუსი და ეს ჯაჭვი წყდება. ეს არის გავრცელების კუთხით და არა დაავადების სიმძიმის კუთხით. ჩვენ თითქოს ვიზუალურად ვხედავთ სტატისტიკას, რომ სიკვდილიანობის პროცენტი იკლებს. ეს იმიტომ კი არა, რომ ვირუსი სუსტდება, იმიტომ, რომ გამოვლენა მატულობს. მთელ მსოფლიოში თავიდან მხოლოდ სიმპტომიანები და სტაციონარში მოხვედრილი პაციენტები იტესტებოდნენ. ახლა ძალიან ფართო ტესტირება ხდება უსიმპტომოებისაც. ეს უბრალოდ ვიზუალური ეფექტია და არა ჭეშმარიტი.

- როგორ ფიქრობთ, დღეს ვირუსის გავრცელებამ სახიფათო მასშტაბები შეიძინა?

- სიტყვა სახიფათო ძალიან პირობითია. გასაგებია, რომ სერიოზული სიტუაცია გვაქვს, ვინაიდან არის  ეპიდემიოლოგიურად მზარდი სიტუაცია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებს და ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად, სხვებისგან განსხვავებით ვერ მოვერევით ამ ვირუსს. დამაიმედებელი ის არის, რომ ვაქცინა იქნება გარდატეხა ამ პანდემიის. ვაქცინამდე კი არც ისე შორია. მანამდე ჩვენ უნდა მივიტანოთ თავი ჯანმრთელად, რამდენადაც შეგვიძლია ამ პრიმიტიული და მარტივი მეთოდებით, რისი გამეორებაც არ გვეზარება და ყველამ ისედაც ვიცით. პირბადის ხსენება მობეზრდა ხალხს, მაგრამ ახლა, როგორც არასდოს, ისეთი მნიშვნელოვანია მისი ტარება. ეს არის დაცვის მთავარი იარაღი, რა თქმა უნდა, სწორად გამოყენების შემთხვევაში. 

 

153
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში