მუზის ძეგლი პირბადით

თუ გააგრძელებთ დაბინძურებული პირბადეების გამოყენებას...

7540
(განახლებულია 12:14 18.06.2020)
ახლა უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძვირფასი პირბადე, ერთჯერადი მოხმარების ნივთი, მრავალჯერადი გახდა.

ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გზა სამედიცინო ნიღბის ტარებაა. მისი დანიშნულება ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.

საქართველოში პირბადის ტარების აუცილებლობა 15 ივლისამდე მოქმედებს, თუმცა მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ეს ვადა გაგრძელდეს.

ექსპერტები თეთრზე შავად წერენ, რომ ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს და ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია. საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირბადის ტარების წესიც კი დაადგინა.

წესი დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს ჩათვლით, ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი, რომელმაც ადამიანის პირბადის გარეშე ყოფნა დაუშვა, 500 ლარით დაჯარიმდება.

ვერავინ იტყვის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხია თუ ჯარიმების, მაგრამ პირბადიან ადამიანს ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. თუმცა ძალიან ხშირად ადამიანებს პირბადე მოვალეობის მოხდის მიზნით უკეთიათ, ხშირად დაბინძურებულიც, რომელიც არათუ დაიცავს მათ ინფექციისგან, არამედ ახალი ინფექციის წყარო თავად ხდება. აქ საუბარია დაბინძურებულ პირბადეეზე, რომელიც ჯიბეში უდევთ მოქალაქეებს იმის შიშით, რომ არ დააჯარიმონ.

„Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო გულუა განმარტავს, რომ ნიღბის ხანგრძლივი ტარება, მით უმეტეს დაბინძურებულის, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. თუ გაგრძელდება დაბინძურებული პირბადეების ტარება, უმართავი გახდება სიტუაცია და ბევრად უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ.

„ჩვენს ცხვირ-ხახაში უხვადაა არაპათოგენური, ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი დამაზიანებელი გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როდესაც აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში, მატარებელში 5-6 საათის განმავლობაში 80 მგზავრის ერთად ყოფნა მიუღებელია, თუნდაც პირბადეებით“, – განაცხადა ნინო გულუამ.

მედიცინის აკადემიური დოქტორის განმარტებით, თუ ვამბობთ, რომ დასჯადია ნიღბის გარეშე სიარული დახურულ საჯარო სივრცეში, მაშინ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეები ერთჯერადი სტერილური პირბადეებით და დაავალდებულოს ბიზნესიც, რომ იქონიონ მომხმარებლებისთვის ერთჯერადი პირბადეები.

ნინო გულუა
ნინო გულუა

ამის პარალელურად ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, თუ რამდენად ბევრი ადამიანი მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე. ვარგისია თუ არა ამ დროს პირბადე, ეს უკვე მეორე საკითხია.

ყოველდღიურად ხშირად ვხედავთ, რომ მოქალაქეებს პირბადე ნიკაპზე უკეთიათ და ის ცხვირს და პირს სრულად არ ფარავს. ამან შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის რისკი შექმნას.

ვირუსის განადგურების და სტერილიზაციის რამდენიმე ეფექტიანი გზა არსებობს. მაგალითად, დასხივება, გამოხარშვა, ორთქლით დამუშავება, ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაცია. თუმცა მეთოდის არჩევისას სტერილიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბმა არ დაკარგოს პირველადი სახე, სტრუქტურა და დარჩეს უსაფრთხო მოხმარებისთვის.​

კორონავირუსის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და თავდაცვის საშუალებების გამოყენების წესების დაცვა. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯარიმებით უნდა იყოს თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.

7540
ბარბარე 21

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

151
(განახლებულია 22:01 09.07.2020)
მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდება, საქართველოში იმდენი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა მაღალი კლასის მომსახურებითა და სერვისით. ყველას სახელი შესაძლოა ვერ გავიხსენოთ, მაგრამ არც ისე გამორჩეული, პატარა სასტუმრო „ჭალის ჩიტების“ სახელს დღეს ბევრი ვერ ივიწყებს.

ამის მიზეზს მიხვდებით, თუ გეტყვით, რომ სასტუმროს მეპატრონე საზოგადოებისთვის „მამიდას“ ნიკით ცნობილი როენა ხუცურაული გახლდათ. მიუხედავად მავანთა მიერ ამ სასტუმროში გატარებული დღეებისა, რომელიც ზოგისთვის ტკბილი მოგონება იყო, ზოგისთვის კი იმედგაცრუება, ის სასტუმრო აღარ არის, თქვენ რომ გახსოვთ...

გასული წლის მაისში აქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიებამ დალუქა სასტუმრო „ჭალის ჩიტები“, როგორც პროსტიტუციის ობიექტი. ყველა მთავრობისგან დევნილ ქალს, ერისა და ბერის „მამიდას“, როენა ხუცურაულს კი „ამაგი“ არ დაუფასეს, ხელბორკილები დაადეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„მამიდა“ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა…

„Sputnik–საქართველოს“ როენა ხუცურაულმა მოუთხრო, თუ როგორ აქირავებს დღეს სიმბოლურ ფასად სასტუმროს შშმ პირების დასახმარებლად და არც სამომავლო გეგმები დამალა. მისი ნათქვამიდან ყველაზე ნიშანდობლივი კი მაინც ერთი რამ იყო – „ჩემ სიბერეს ჩემს სასტუმროში ვხედავ“.

ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
ბარბარე 21

„ქველმოქმედების მიზნით სასტუმროში სათნოების სახლის გახსნას ვაპირებდი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შევძელი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გავხადე და პანსიონატისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ათას ლარად გავაქირავე. ესეც დახმარებაა. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ამ კეთილ საქმეში თავადაც ჩავერთვები. ყველაფერი ღვთის ნებაა. როცა წლებში შედიხარ ადამიანი, უკვე სხვანაირად ფიქრობ. ჩემ სიბერეს კი ჩემს სასტუმროში ვხედავ“, - გვითხრა როენა ხუცურაულმა.

ქველმოქმედება – ლამაზი სიტყვაა, ქმედება – კიდევ უფრო ლამაზი. ხოლო ნებისმიერი ქმედება, თუ სიკეთეს არ ემსახურება, მხოლოდ შიშველი ინსტინქტია. ძნელია ისაუბრო ქველმოქმედი ადამიანის მოტივაციაზე. ალბათ, ეს უფრო ბუნებრივი მოთხოვნილებაა, სიამოვნებაა, რაც ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე გაცილებით ძლიერია.

„მამიდის“ ნათქვამის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენმა ჟურნალისტმა მისი მონათხრობი გადაამოწმა, ესტუმრა ახლა უკვე თავშესაფარს და, როგორც აღმოჩნდა, მას პირობა შეუსრულებია…

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

დაწყებული საქმიანობა მოხუცთა თავშესაფრის „ბარბარე 21“-ის მფლობელმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა მერაბ შათირიშვილმა განაგრძო. დაწესებულების კედლებში კი ახალი სიცოცხლე დაიწყო. მთლიანი შენობა და ცალკეული ოთახები მოძღვარმა აკურთხა, აურა გაიწმინდა და ახლა შენობის ფანჯრებიდან ბენეფიციარების ბედნიერი ხმა გამოდის.

შენობა 16 ბენეფიციარზეა გათვლილი. თითოეულ ოთახს აქვს თავისი სველი წერტილები, ცხელი და ცივი წყალი, გათბობა. სართულებს შორის გადასაადგილებლად კი არის ადაპტირებული ლიფტიც.

სააგენტოსთან საუბრისას მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ შენობა ხუთი წლით იქირავა, სხვა სასტუმროებს კი მოუწოდა, როენა ხუცურაულისგან მაგალითი აიღონ.

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

„მეპატრონეს თავად სურდა თავშესაფრის დაარსება. ნებართვაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ ცოტა გაუჭირდა თავის გართმევა, დამიკავშირდა და ბოლოს იმავე მიზნით ხუთი წლით ვიქირავე. ქირას სიმბოლური თანხაც შეიძლება ვუწოდოთ. მანამდე მეპატრონეს არ ვიცნობდი. მიკვირს, რატომ არის როენას სასტუმრო ასეთი ყურადღების ცენტრი, ან დღეს რა აზრი აქვს ადრე აქ რა იყო. თვითონ ცხოვრებამ გარკვეულწილად იმ გზით წაიყვანა, რომ გართობის ადგილი ყოფილიყო, მაგრამ თბილისის სხვა ნებისმიერ სასტუმროშიც შეუძლია წყვილს ღამის გათენება. ასეთ სასტუმროებს ვურჩევ ასეთ სიკეთის სახლებად გადაკეთებას, ვიდრე შეფარულად ყოფნას“, – გვითხრა შათირიშვილმა.

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

კითხვაზე, თუ როგორ ახდენს თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, შაბათს ვაკის პარკში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მათი თავშესაფრიდან ბენეფიციარი იღებს მონაწილეობას.

ასე მოხდა... ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ქველმოქმედი და პატიოსანი ადამიანი შეემატა, „სასტუმროების ბიზნესს“ კი ერთი მზრუნველი ადამიანი გამოაკლდა.

რამდენად ქველმოქმედია „მამიდა“, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა აქვე ცნობილი ფრაზა აგეკვიატება – ყველამ თავის მამიდას მიხედოს...

ჩვენ კი დავძენთ, სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს!..

151
ჯანმრთელი საკვები

როგორ გამოვიყენოთ ზაფხული წონაში დასაკლებად

1410
(განახლებულია 16:56 06.07.2020)
ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად ზაფხული საუკეთესო დროა, რადგან ამ სეზონზე განებივრებული ვართ ახალი ხილითა და ბოსტნეულით, ეს საკვები კი დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალურ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

როგორ გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი როგორც ჭარბ წონასთან საბრძოლველად, ასევე ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „Sputnik-საქართველოსთან“ ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
photo: courtesy of Tinatin Katcharava
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

- რატომ არის ზაფხულში წონაში დაკლება უფრო ადვილი?

- ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთარში ორგანიზმს გასათბობად დიდი რაოდენობით ცხიმი სჭირდება, ხოლო ზაფხულში ამის საჭიროება არ არის, ამ პერიოდში ჩქარდება ნივთიერებათა ცვლაც, რაც კიდევ ერთ ხელშემწყობ  პირობას წარმოადგენს წონაში კლების პროცესისთვის. 

წონაში დაკლება
© CC0 / Pixabay
წონაში დაკლება

- როგორი უნდა იყოს ზაფხულში კვების რაციონი?

- კვების რაციონი უნდა იყოს მდიდარი ახალი სეზონური ხილით და ბოსტნეულით. უნდა ვერიდოთ მძიმედ მოსანელებელ ცხიმიან საკვებს. სიცხის მიუხედავად უარი არ უნდა ვთქვათ წვნიანებზე, რადგან ისინი დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა წონის კლებისთვის.

სასურველია კერძები მოვამზადოთ უშუალოდ კვების წინ, რადგან მაღალი სიცხის დროს ინტოქსიკაციების (მოწამვლების) რისკი იზრდება. გარდა ამისა, უარი უნდა ვთქვათ მალფუჭებად პროდუქტებზე. სასურველია მინიმუმამდე შემცირდეს ყავის და ჩაის რაოდენობა რაციონში, რადგან ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ზაფხულში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სუფთა წყალს და ახალ გამოწურულ წვენებს.

საზამთროს წვენი
© CC0 / Pixabay
საზამთროს წვენი

- რა სიხშირით უნდა ვიკვებოთ და რა რაოდენობით?

- დღის მანძილზე აუცილებელია ჯერადი და მრავალფეროვანი რაციონი. სასურველია ვიკვებოთ დღეში ოთხჯერ. საუზმეზე შეგვიძლია მივირთვათ უფრო ნოყიერად, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთებში. საუზმიდან დაახლოებით სამ საათში სასურველია ცალკე სრულფასოვან კვებად მივიღოთ სეზონური ხილი, დაახლოებით 300-400 გრამის ოდენობით. შუადღეს სადილზე სასურველია იყოს წვნიანი, ცილოვანი საკვები, სალათები. ხოლო ვახშამი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, მაგალითად, ბოსტნეულის სალათა ან რძის ნაწარმი. ზოგადად, ყველა ადამიანზე ერთნაირი რაციონის მორგება ძალიან რთულია, რადგან ყველა ადამიანს მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური მეტაბოლიზმი აქვს. რაც შეეხება ბოლო კვების დროს, სასურველია საღამოს 6-7 საათის შემდეგ არაფერი მივირთვათ.

ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა
© CC0 / Pixabay
ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა

- მარილი და შაქარი როგორ მოქმედებს წონაში კლების პროცესზე?

- მნიშვნელოვანია ასევე რაციონიდან პრაქტიკულად ამოვიღოთ შაქარი და მარილი. მარილი ხელს უწყობს ორგანიზშმი წყლის შეკავებას და აძლიერებს მადას. რაც შეეხება შაქარს, იგი ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონია და ამ შემთხვევაშიც ხდება მადის გაძლიერება. 

მარილი
© CC0 / Pixabay
მარილი

- რანდენი კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა წონაში დასაკლებად?

- კონკრეტული კალორაჟის დასახელება, თუ როდის იწყება წონაში კლება, ძალიან რთულია, რადგან ეს არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე და იმაზე, თუ რამდენი კილოგრამი აქვს ადამიანს დასაკლები. მაგალითად, ზოგი ადამიანი 2500 კილოკალორიაზე იწყებს კლებას, ზოგი კი 1000-ზე, ამიტომ კონკრეტული კალორაჟის ყველა ადამიანზე მორგება შეუძლებელია.

- წონაში კლების პროცესში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წყლის მიღებას?

- პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზმის 70% შედგება წყლისგან. წყლის შენარჩუნებულ ბალანსზეა დამოკიდებული ორგანიზმის სწორი ნივთიერებათა ცვლა.

გარდა ამისა, წყლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებას და მრავალ სხვა სიმპტომს: გულის ფრიალი, თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება, კანის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასწორი ფუნქციონირება და ა.შ. განსაკუთრებით კი საყურადღებოა ზაფხულის პერიოდი, რადგან ცხელ დღეებში ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, ოფლთან ერთად ასევე იკარგება მიკრო- და მაკროელემენტები და ვიტამინები, სწორედ ამიტომ შენარჩუნებული წყლის ბალანსი და კვების ჯანსაღი რაციონი აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება) და ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი).

ნატა პატარაია

1410
ტედროს ადანომ გებრეისუსი

არასტანდარტული ანგარიში: ჯანმოს საქმიანობას სპეცკომისია შეისწავლის

0
(განახლებულია 10:08 10.07.2020)
სპეციალური კომისია არასტანდარტულ მოხსენებას ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქმნის ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის მის საქმიანობასა და ასევე სხვა ქვეყნების მიერ გატარებულ ზომებს COVID-19–თან ბრძოლის კუთხით, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოს 194 ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალურ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ჯგუფის ხელმძღვანელობას უკვე დაეთანხმნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ჰელენ კლარკი და ასევე ლიბერიის ექს–პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი.  კომისიის მანდატი ჯანმოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებით შემუშავდება.

როგორც მოსალოდნელია, შუალედურ მოხსენებას კომისია ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„ეს არ იქნება სტანდარტული ანგარიში, რომელიც შემდეგ თაროზე შემოიდება და დაიმტვერება. ეს არის ის, რასაც ჩვენ მტელი სერიოზულობით ვუდგებით“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

როგორც ცნობილია, ჯანმოს საქმიანობა პანდემიის დასაწყისიდან არის სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის საგანი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი  განაცხადა, რომ შეეღტებული შტატები ოფიციალურად დატოვებს ორგანიზაციას მომავალი წლის 7 ივლისს. მანამდე მან არაერთხელ დაადანაშაულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი ლოიალობაში, სადაც იფეთქა კიდეც კორონავირუსულმა ინფექციამ.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს