ტურისტული ავტობუსი

ბავშვებს სამართალდამცველები აცილებენ: როგორ ტარდება სასკოლო ექსკურსია ევროპის ქვეყნებში

611
(განახლებულია 18:27 28.05.2019)
საქართველოში ბოლო წლებია ექსკურსიების სეზონი ტრაგედიის გარეშე არ სრულდება, არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. თითქოს რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, ექსკურსიამ მაინც შეიწირა მოზარდის სიცოცხლე.

ბევრი მშობელი ექსკურსიების აკრძალვას მოითხოვს, ბევრი კი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. დღეს ეს თემა განხილვის და დავის საგანია, თუმცა ცხადია, ექსკურსია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი აკრძალვა კი, პირველ რიგში, ისევ ბავშვებს დააზარალებს.

დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს ექსკურსიის პროცესი ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ნინო პეტრიაშვილს დავუკავშირდით, რომლის 16 წლის შვილი ქალაქ ბოლონიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს.

- ვცხოვრობ იტალიის ქალაქ ბოლონიაში ჩემ 16 წლის შვილთან ერთად. ორი წელია, რაც საქართველოდან წამოვედით და აქ დავმკვიდრდით.

- როგორც მშობელი, რა განსხვავებას ხედავთ ქართულ სკოლას და ევროპულ სკოლას შორის?

- სხვაობა საკმაოდ დიდია. რადიკალურად განსხვავდება როგორც სწავლების დონით, ისე ბავშვებთან დამოკიდებულებით. დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპაში ყველა დეტალი არის წინასწარ განსაზღვრული და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვაცნობენ მშობლებს. ასევე ელექტრონული ჟურნალის საშუალებით ვაკვირდებით ჩვენი შვილების სწავლის დონეს. მშობლების ჩართულობას რაც შეეხება, აქ არ არსებობს მაღალ კლასებში მშობელთა კრება. ბავშვები მთლიანად დამოკიდებული არიან სკოლის ადმინისტრაციაზე. ბულინგის შემთხვევაში სკოლიდან ირიცხებიან ის მოსწავლეები, ვინც რაიმე სახით ზეწოლას ახდენს თანატოლებზე. სკოლებში მიმდინარეობს ინდივიდუალური სწავლება. მასწავლებლებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სასკოლო ღონისძიებებს, ის მთლიანად მიმართულია ქველმოქმედებისკენ.

- ექსკურსიების სეზონი საკმაოდ მტკივნეულად დაიწყო საქართველოში. ბევრი მშობელი საუბრობს, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს ტრადიცია, ზოგი რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს. ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა რეგულაციები არსებობს და როგორ მიმდინარეობს ექსკურსიის პროცესი?

- ექსკურსიას მთლიანად გეგმავს სკოლის ადმინისტრაცია. შემდეგ ფინანსებს და ხარჯვის სქემას გვაცნობენ მშობლებს. უსაფრთხოების ზომებს იღებს ქალაქის მერიის სამსახური. ექსკურსიაზე გამყოლად გამოყოფილია სამკაციანი კარაბინერების ჯგუფი, რომლებსაც ევალებათ მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა, რათა ყველა შესაძლო საფრთხისგან დაცულები იყვნენ ბავშვები. თუ რომელიმე ბავშვი იგვიანებს ექსკურსიაზე, წასვლის წინ დაუყოვნებლივ უკავშირდებიან მშობელს და იგებენ ბავშვის მდგომარეობას. ექსკურსიის დროს არც ერთი ბავშვი არ არის უყურადღებოდ. გზა და დანიშნულების ადგილი იგეგმება სკოლის ადმინისტრაციის მიერ, რაშიც ჩართულია ზემოხსენებული კარაბინერების ჯგუფი. გზა რაც შეიძლება უსაფრთხო უნდა იყოს.

- ექსკურსიაზე მშობლები თუ მიჰყვებიან შვილებს?

- არა, მშობლები არ დაჰყვებიან ბავშვებს და არც უცხო პირის გაყოლაა დაშვებული.

- ექსკურსიაზე წასვლამდე მოსწავლეები რამდენად არიან ინფორმირებული ადგილმდებარეობის შესახებ და ემორჩილებიან თუ არა მკაცრად წესებს?

- აქ ყველა ემორჩილება სკოლის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ტოვებს სკოლას. წასვლამდე ერთი თვით ადრე აცნობენ ბავშვებს სქემას, სად უნდა წავიდნენ, რა გზა გაიარონ, რა ტრანსპორტით მიდიან, ან რა ღირსშესანიშნაობები უნდა ნახონ.

წლის დასაწყისში ვიხდით დაზღვევის ფულს 100 ევროს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება სკოლაში, სკოლა ვალდებულია ბავშვი გადაიყვანოს ჰოსპიტალში. არ აქვს მნიშვნელობა – მუცელი სტკივა, თუ ხელი მოიტეხა, ყველა ვარიანტში მიჰყავთ ჰოსპიტალში და ატყობინებენ მშობელს. აქ ბავშვის უფლებები არის აბსოლუტურად დაცული და მშობლებიც მშვიდად ვართ.

- ყველაფრის მიუხედავად, შესაძლოა იშვიათად, მაგრამ ექსკურსიებზე მანდაც ხდება მსგავსი შემთხვევები. თქვენ თუ გახსენდებათ კონკრეტული შემთხვევა?

- ალბათ ხდება. მაგრამ ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, არც მსმენია ამის შესახებ. იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, სკოლის ადმინისტრაციასთანაც არასოდეს მქონია პრეტენზიები.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ საქართველოში, როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს პრობლემა?

- მე ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს სკოლის ადმინისტრაციის მიდგომები, სკოლასთან ერთად ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს მანდატურმაც. ისინი უნდა იყვნენ გადამზადებული, ერეოდენ ექსკურსიის დაგეგმვაში და მიჰყვებოდნენ ბავშვებს გასვლების დროს.

 

611
მადონა კოიძე

ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისთვის ბიზნესი მხოლოდ 1000 ლარით არ უნდა ჯარიმდებოდეს

123
(განახლებულია 18:26 12.11.2020)
ვინ და როგორ იცავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შესაბამისი კანონი არ არსებობს – „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე ესაუბრა.

- თქვენი შეფასებით, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს რესტორნებსა და კაფე-ბარებში მომზადებული საკვები?

- ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად პასუხი. მართალია, ბევრია საქართველოში ისეთი ობიექტი, სადაც ნაწარმოები პროდუქტი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია, მაგრამ ასევე ბევრია კეთილსინდისიერი ბიზნეს-ოპერატორიც, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ცნობილ უცხოურ რესტორნებსაც კი. ამიტომ მარტო „სახალხო კონტროლის“ საფუძველზე მსჯელობა არასწორი იქნება. ჩვენ გადაცემაზე მუშაობისას ძირითადად ვცდილობთ გამოვავლინოთ პრობლემები და დავეხმაროთ ობიექტებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში. 

- გადაცემაში ბევრი წერილი შემოდის და რამდენად შეესაბამება იქ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს?

- მართლაც ძალიან ბევრი წერილი შემოდის „სახალხო კონტროლში“. მომხმარებლები ისეთი ობიექტების შესახებ გვწერენ, სადაც ნაკლოვანებები შემჩნეული აქვთ. თუმცა არის კონკურენტების ან განაწყენებული თანამშრომლის მიერ დაწერილი წერილებიც. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ გავფილტროთ და მხოლოდ დასურათებულ და ვიდეომასალით გამყარებულ ინფორმაციაზე მოვახდინოთ რეაგირება.

- ძირითადად რა სახის დარღვევები გხვდებათ ხოლმე საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებში?  

- ყველაზე ხშირად თვალში საცემია საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა – დასასუფთავებელი იატაკი, კედლები, ჭერი, ნიჟარების და მაცივრების მდგომარეობა, დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები.

- რამდენად ახერხებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა ობიექტის შემოწმებას?  

- სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს დღე და ღამე. მე წვდომა მაქვს თვეში მაქსიმუმ 20 ობიექტზე, მაშინ, როდესაც ამ უწყების მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს ჩემზე მეტი ობიექტი გაკონტროლებული თვის განმავლობაში. მაგრამ მათი მუშაობა არ ჩანს, მე კი ყველაფერს ვაშუქებ და ეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც წერენ, რას აკეთებს სურსათიო… სურსათი აკეთებს თავის საქმეს, მეორე საკითხია, რომ არასაკმარისი რესურსი აქვთ, ჩემი აზრით, რადგან ათეულობით ათასი ობიექტია საქართველოში და ეს ნამდვილად არის გადასახედი.

- კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით ამ სფეროში?

- პრობლემა არის ძალიან დაბალი საჯარიმო სანქციები. სირცხვილია, როდესაც საწარმოს პროდუქციით შეიძლება ასობით ადამიანი მოიწამლოს და ამისთვის მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდეს ბიზნეს-ოპერატორი, ხოლო სამუშაო პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეუჩერდეს. ჯარიმა უნდა იყოს ძალიან მაღალი. როდესაც ამ ჯარიმებს აწესებდნენ, მაშინდელი პარლამენტის კომიტეტის პოზიცია იყო, რომ ჯარიმა ბიზნეს-ოპერატორისთვის ძალიან მტკივნეული არ ყოფილიყო. არასამთავრობო სექტორი მაშინ ამას ძალიან ვეწინააღმდეგებოდით. ბიზნეს–სექტორი უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დაიცვას ყველა პირობა და საერთოდ არ გადაიხადოს ჯარიმა. მისთვის არც დიდი და არც პატარა ჯარიმა არ იქნება მტკივნეული. თუ ის საერთოდ არ გადაიხდის და თუ ის, მაგალითად, დააზარალებს ათეულობით და ასეულობით მომხმარებელს თავისი არაკეთილსინდისიერების გამო, საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო, ან პროდუქტის არასწორი შენახვის გამო, იმდენად მკაცრი უნდა იყოს მისთვის სასჯელი, რომ სხვა ბიზნეს-ოპერატორებისთვის ეს მაგალითი გახდეს. ეს ყველა ვარიანტში უნდა გადაიხედოს ახალი პარლამენტის მიერ და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი. თუ ერთი ადამიანი მეორის ჯანმრთელობას დააზიანებს და მის სიციცხლეს საფრთხეს შეუქმნის, მან ციხე უნდა მოიხადოს სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა თუ სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი თავისი უყურადღებობით და არაკეთილსინდისიერებით რისკის წინაშე დააყენებს ათობით და ასობით მომხმარებლის ჯანმრთელობას, მხოლოდ 1000 ლარი უნდა გადაიხადოს – ძალიან შეუსაბამობა გავქვს ამასთან დაკავშირებით და ამას უნდა მიეხედოს რაც შეიძლება სწრაფად.

- რამდენად იცავს კანონი მომხმარებელს და რა უნდა ქნას მომხმარებელმა, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა?

- სამწუხაროდ, ცალკე კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოში არ გაგვაჩნია და მომხმარებლის უფლებების დაცვა არის გადანაწილებული სხვადასხვა კანონებში თუ კოდექსებში. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომ არის, საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მომხმარებელთა ფედერაცია, არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც პროექტი აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სურსათის კოდექსშია კიდევ ჩანაწერი მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და უფლებების შესახებ, მაგრამ სანამ ცალკე კანონი არ იქნება მიღებული, მანამ ჩვენი ორგანიზაციები ვეხმარებით მომხმარებლებს და ვცდილობთ ვასწავლოთ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები.

ნატა პატარაია

 

123
პოლიცია მეტროში

ვინ უზრუნველყოფს ქუჩასა და ტრანსპორტში პირბადის სწორად ტარებასა და სოციალურ დისტანციას

57
(განახლებულია 17:05 06.11.2020)
შსს-ს მიერ გაკონტროლდება თბილისის ყველა მეტროსადგურის ჩასასვლელი. სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ასევე მონიტორინგს გაუწევს ბაზრობების ტერიტორიას.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრომ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესების აღსრულების მიზნით მიიღო.

უწყების ცნობით, პატრულ ინსპექტორები მობილიზებულები არიან თბილისში არსებულ მეტროსადგურებთან და .კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეების მიერ მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

„სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ“,  - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულო გახდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

57
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში