საოფისე სამსახური

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, ანუ პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია

577
(განახლებულია 17:58 29.03.2019)
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.

ინტერვიუ ორმხრივი კომუნიკაციის პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ და ჩვენი მომავალი მენეჯერი როგორც თანასწორები, თანაბარ პირობებში ვსაუბრობთ – მენეჯერს უნდა მოვაწონოთ თავი და მენეჯერმაც უნდა მოგვაწონოს საქმე, კომპანია და საკუთარი თავიც. ინტერვიუერმა გასაუბრების დამთავრებამდე იცის, შესაფერისი კანდიდატი ხართ თუ არა კონკრეტული პოზიციისთვის.

როგორც ცნობილია, Facebook ცდილობს დაიქირავოს ის ადამიანი, ვისაც კომპანიაში მუშაობა ძალიან უნდა. გასაუბრებაზე კანდიდატებს ხშირად ეკითხებიან შემდეგ საინტერესო კითხვას: „მოგვიყევი იმ დღეზე, როცა სახლში მიხვედი და თქვი, რომ საუკეთესო სამუშაო დღე გქონდა. რა ხდებოდა იმ დღეს სამსახურში?“

PayPal-ის დამაარსებელი პიტერ თიელი კანდიდატებს ეკითხება: „მომიყევი რამე, რაც იცი რომ მართალია, მაგრამ არავის სჯერა ამისი“. როგორც ლიდერი ამბობს, ასეთი მიდგომით ის კანდიდატების გამბედაობას ამოწმებს.

თუმცა არსებობს სტანდარტული კითხვებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც კანდიდატები გასაუბრებაზე დასმულ კითხვებს დაუფიქრებლად პასუხობენ.

თუ თქვენ გასაუბრებაზე არ დაიგვიანებთ, იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგით.

შესაფერისი ჩაცმულობა

პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მხოლოდ 30 წამია საკმარისი, რომლის განმავლობაშიც თავდაპირველად ყურადღებას სწორედ გარეგნობა იქცევს. დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს კომპანიების Dress Code-ის შესახებ ინფორმაციის მოძიება. არც გადაჭარბებულად გაიპრანჭოთ და არც ზედმეტად თავისუფალი სტილი შეარჩიოთ. საერთო ჯამში თქვენი გარეგნული მხარე უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და გემოვნებიანი.

გაეცანით კომპანიას

მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომპანიისა და მისი კონკურენტების შესახებ, რადგან ამ ინფორმაციამ შესაძლოა იდეალური პასუხისკენ გიბიძგოთ.

მოგვიყევით თქვენ შესახებ

გულს ნუ გადაუშლით ინტერვიუერს. ამ შეკითხვის დასმით მას ყველაზე მეტად აინტერესებს ისეთი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს იმ უნარებს, რის გამოც ყველაზე მეტად ერგებით გამოცხადებულ ვაკანსიას. აუცილებელია, რომ რამდენიმე წინადადებით შეაფასოთ თქვენი განვლილი კარიერა. რეკრუტერისთვის ასევე საინტერესო მოსასმენია, როგორ მსჯელობს კანდიდატი საკუთარ თავზე.

რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან

ყოფილი დამსაქმებლის უარყოფითად მოხსენიება არაეთიკურია და აპლიკანტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ამ კითხვით ინტერვიუერი გამოავლენს იმ ფაქტორებს, თუ რა შეიძლება გახდეს მომავალში დემოტივაციისა და სამსახურის დატოვების მიზეზი.

თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები

ინტერვიუერები ამ კითხვას კანდიდატის თვითშეფასების შესამოწმებლად სვამენ. თითოეულ ძლიერ მხარეზე გაიხსენეთ სიტუაციები, რომელშიც ეს თვისებები გამოავლინეთ. დაფიქრდით თქვენ სუსტ მხარეებზე, რომლებიც მაინცდამაინც არ ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ ვაკანსიას, და აჩვენეთ ინტერვიუერს, რომ გაქვთ მათი გადალახვის სტრატეგია. იმედია, იმას არ ფიქრობთ, რომ სუსტი მხარეები არ გაგაჩნიათ.

სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ – რეკრუტერების საყვარელი კითხვა

ეს ძალიან ეშმაკური შეკითხვაა. მაინცდამაინც ამ კითხვისას ნუ მოინდომებთ თავმდაბლობას, მაგრამ ნურც ზედმეტ ქედმაღლობას გამოიჩენთ. თუ ფანტაზიის უნარს ცოტათი მოუხმობთ, ხუთი წლის შემდეგ იმავე თანამდებობაზე თქვენს თავს ვერ დაინახავთ.

ყველაზე მეტად რა მოგწონთ კონკრეტულ სამუშაოში

არასოდეს უპასუხოთ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხელფასი, ბონუსები, ბიზნეს-ლანჩი, ანაზღაურებადი შვებულება ან სხვა მატერიალური ფასეულობები. გახსოვდეთ, რომ თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა უნდა იყოს.

რა არის თქვენი მოტივაცია?

ამ კითხვაზე არ არსებობს ცუდი ან კარგი პასუხი. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია – გულწრფელობა, ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა. აი, რისი გაგება სურს დამსაქმებელს თქვენ შესახებ ამ კითხვაზე პასუხით.

რა რჩევას მისცემდით 10 წლის წინ საკუთარ თავს?

კითხვა ინდივიდუალურია. ეს კითხვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თვითგვემა უნდა დაიწყოთ. ეცადეთ იყოთ პოზიტიური, რადგან  ინტერვიუერს „ღიმილიანი“ ხალხი უყვარს.

გახსოვდეთ, რომ გამსაუბრებელიც ადამიანია და შეიძლება ისიც ნერვიულობდეს ან რუტინისგან იყოს გადაღლილი. ამიტომ ეცადეთ მასთან საერთო ენის გამონახვა. ხედავთ, რომ იმ სერიალის ჭიქა აქვთ, რომელსაც თქვენც უყურებთ? გაესაუბრეთ ბოლო სერიის შესახებ. ეს დაძაბულობას შეამცირებს და ინტერვიუ ბევრად მარტივად ჩაივლის.

თუ ინტერვიუერს არ უნდა თქვენი მაგალითის მოსმენა, მაშინ მზად უნდა გქონდეთ თემიდან გადახვევის გეგმა, რათა ინტერესი შეუნარჩუნოთ გასაუბრებას.

...შემდეგ კი ეცადეთ იყოთ შეუცვლელი, როგორც ეს ერთ დროს ჩემმა რედაქტორმა მითხრა.

 

577
მზის პანელები

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის როგორ მოვიპოვოთ

1581
(განახლებულია 15:25 25.05.2020)
ალბათ საკამათო არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის განვითარებას. ბოლო წლებია ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

რამდენიმე დღეს წინ სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 9 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა. კერძოდ, არაფერმერული ბიზნესის განვითარება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ხელის შეწყობა.

საგრანტო პროგრამის პირობები:

აღნიშნული საგრანტო პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. პროგრამის პირველ ეტაპზე განცხადებები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.

წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ. თავად სააგენტო კი თითოეულ ბიზნეს-პროექტზე გასცემს არანაკლებ 20 ათასი და არაუმეტეს 170 ათასი ლარის ოდენობის გრანტს.

კომერციული საქმიანობისთვის გათვლილი განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიების გამოყენებით თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს ფულადი სახსრები, ან ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს (პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებული) მეწარმე იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები.

ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება:

- საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ბენეფიციარს მოეთხოვება შემდეგი პირობების დაცვა:

- პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან მიღებული ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით

- უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);

- არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან შემოსავლების სამსახურის მიმართ.

- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის  ბენეფიციარი, მას განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროექტის პირობები დარღვეული.

რა სახის პროექტები არ დაფინანსდება:

პროექტები, რომლებიც უკავშირდება

- სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას

- სათამაშო ბიზნესს და აზარტულ თამაშებს;

- საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);

- საქველმოქმედო საქმიანობას;

- ვაჭრობას.

როგორ მივიღოთ თანადაფინასება:
თანადაფინანსების მისაღებად შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროთ:

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

განაცხადის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge). რეგისტრაცია ხორციელდება აუცილებელი ველების შევსების შემდეგ.

რეგისტრაციისას სავალდებულოდ შესავსები ველები:

• სახელი/გვარი;

• დაბადების თარიღი;

• პირადი ნომერი;

• მობ/ტელ ნომერი;

• დამატებითი ტელ. ნომერი;

• ელექტრონული ფოსტის მისამართი;

• პაროლი

განაცხადის შევსება
 1. შედიხართ ვებ-გვერდის საკუთარი მართვის პანელში;

2. აჭერთ ღილაკს „განაცხადის დამატება“;

3. ირჩევთ - „ფიზიკური პირი“/„იურიდიული პირი“;

4. ავსებთ განაცხადის ელექტრონულ ფორმას;

5.  ავსებთ განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;

6.  განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ავსებთ ბიზნეს-მოდელის ელექტრონულ ფორმას;

7. ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი;

8.  აჭერთ ღილაკს „განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შენახვა“.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდეგ ვებ-გვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ – „ვეთანხმები“.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ მისი კორექტირება დაუშვებელია.

აპლიკაციის შეფასება

პოტენციური ბენეფიციარების მიერ გაგზავნილი განაცხადები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღირიცხება და ავტომატურად გადაუნაწილდება სააგენტოს თანამშრომლებს განსახილველად. განაცხადების განხილვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროს ხელმისაწვდომია განაცხადით მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის, პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობის და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.

სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, პროექტის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის და პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტის/ექსპერტის/აუდიტორის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისი განაცხადის ფორმები და ბიზნეს-მოდელის ფორმა, ასევე მომზადების ინსტრუქციები მოცემულია ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge) და ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

1581
Грузинское застолье онлайн

სადღეგრძელოები ონლაინ ანუ როგორ ვცდილობ გადავაგორო „კორონობა“

143
(განახლებულია 18:47 17.05.2020)
საქართველოში გვიყვარს დალევა, თან ერთად: სუფრასთან აზრების გაცვლა, სიცილი, ხარხარი, მუსიკა, მოფერება. თუმცა რა ხდება ახლა? ყველანი თვითიზოლაციაში, სულ მარტო - თან მთელი დღე ოთხ კედელს ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი, მგონი დროა ყველამ მოვიძიოთ  სახლებში ღვინის ბოთლები...  

წარმოუდგენელია, ერთმა პატარა ვირუსმა როგორ წამართვა ერთ დღეში ყველაფერი... იმდენად იმოქმედა სახლში ჩაკეტილობამ ჩემზე, რომ ეს ბოლო ორი თვეა აღარც სწავლის და აღარც მუშაობის სურვილი აღარ მაქვს. აღარც ერთი ფილმი, სერიალი, წიგნი, თამაში, სტატია, ნახატი თუ მუსიკა რომელიც ერთ დროს მოტივაციის წყაროდ მქონდა ქცეული, უკვე ვეღარ მხიბლავს და ჩემი რაიმე პროდუქტიულის გაკეთების ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება...

უკვე ორი თვეა ვზივარ სახლში, ოთხ კედელს შუა, ვუყურე ყველა ფილმს რისთვისაც კი მინდოდა მეყურებინა, ყველა სერიალს. ესენი რომ მოვილიე, წიგნებს მივადექი - მერე კომპიუტერულ თამაშებს. მოკლედ, ყველაფერი რისი გაკეთებაც დროის არ ქონის გამო არ შემეძლო ამ ორ თვეში ჩავატიე. ვიცი, რომ კიდევ ბევრია საკითხავი და სანახავი, მაგრამ სიმართლეს გეტყვით და დავიღალე. დავიღალე ამდენი თავისუფალი დროის ქონით.

არადა არასოდეს მიყვარდა უძრავად ყოფნა. სულ გარეთ მიმიწევდა გული, მაგრამ ახლა „დარჩით სახლშის“ - გარდა ვეღარაფერს გაიგებ ტელევიზორიდან, ალბათ ასეც არის საჭირო და ვრჩებით კიდევაც, მაგრამ ის მაინც გვითხარით, ამდენი ხანი ოთხ კედელს შორის გამოკეტილებმა რა ვაკეთოთ.

თავიდან, როგორც ყველა, მეც ვფიქრობდი, რომ ორ კვირიანი დასვენება არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ორი კვირა ორ თვედ რომ იქცა, მაშინ უკვე გავაანალიზე, რომ სახლში ჯდომისგან გაგიჟება არ ამცდებოდა.

ზემოთ აღშნიშნული რისკის შემცირება კი სასმელით დავიწყე. ისე, რომ ჩემს ოჯახს ამის შესახებ არ გაეგო და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, საქვეყნოდ რომ არ გამომეჭენებინა სტატიაში.

მოკლედ, როგორც ყველა ქართველს, მეც მიყვარს დალევა, თან ამ კარანტინის გადამკიდე მე კი არა, ყველა თქვენი მეგობარი, ვის ხელში ლუდის ბოთლიც კი არ დაგინახავთ, ცოტათი მაინც ეტანება სასმელს. აბა ისე აქამდე აუცილებლად გადავიდოდა ჭკუიდან. ამას მაშინ მივხვდი, როცა რამდენიმე დღის წინ მარტოობით შეწუხებულმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და უცბად ერთმანეთის მოკითხვა და ლაპარაკი სმაში გადაგვეზარდა. ყოველი ჭიქის მერე თითო ადამიანს ვამატებდით სასაუბრო ჩატში და აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველა მათგანმა გამოაჩინა მშობლებისგან გადამალული სასმელი და მოგვეხმარა მამაპაპურ საქმიანობაში.

ზოგადად ქართველები ხშირად ვსვამთ განსხვავებულებით და ზიარების არ იყოს  - ერთი სასმისიდან. მერე ჩახუტება და მოფერება... სიმთვრალისას ხომ საერთოდ სიყვარულის ბუშტი გვისიკდება და ძალიან ბევრს ვიკოცნებით ხოლმე უაზროდ. ახლა კიდევ რა ხდება - ერთი სასმისიდან დალევა  და კოცნა კი არა ერთ მეტრზეც ვეღარ ვუახლოვდებით ერთმანეთს. აღარც აზრების გაცვლა თანამოსაუბრესთან, აღარც ხმაური, აღარც ყვირილი, აღარც ხმამაღალი მუსიკა, აღარც ხუმრობა და სიცილი. ასე ყველაფრისგან იზოლირება ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის...

ღვინო გაზიარებისთვისააო, ნათქვამია. ყოველთვის სირცხვილად მიმაჩნდა მარტო დალევა, რადგან ჩემთვის სულ ლოთობასთან და უსაქმურობასთან ასოცირდებოდა. ახალმა კორონა ვირუსმა ყველანაირი შეხედულება შეცვალა და ყველანი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სიტუაციაში ჩაგვყარა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ალკოჰოლთან პრობლემები გაქვთ, თუ დამოკიდებული ხართ მასზე ანდა დეპრესია გაწუხებთ დალევა გამოსავალი არასოდეს არის არის.

თუმცა სხვა შემთხვევაში რატომაც არა, შეიძლება ვახშამთან ერთად ვისიამოვნოთ ერთი ჭიქა ღვინით.

ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის სიტყვებით: „ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი - სვამ, ტირი - სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში“.

ჩვენ ყველანი, ჩვენი ცხოვრების რამდენიმე თვეს ვწირავთ ისევ ჩვენივე თავის, ჩვენივე ოჯახისა და გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თავს ვარიდებთ მოგზაურობას, ბარებში სიარულს, აღარ ვნახუალობთ მეგობრებს, აღარც ვმუშაობთ, ვეღარც ვსწავლობთ და ვკარგავთ ძვირფას დროს ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირი გასართობი უნდა მოვიკლოთ და  სახლში გამოკეტილებმა ვიგლოვოთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველამ ისიამოვნოს ამ რამდენიმეთვიანი დასვენებით და ასე შორიდან თითო ჭიქით სადღეგრძელო შევსვათ იმ დღის, როცა ჩვენ ყველა ისევ ერთად შევიკრიბებით.

ჯერჯერობით კი დარჩით სახლში!

 

143
დაცარიელებული მცხეთა

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/27 მაისი

78334
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • დაკეტილია რესტორნები, სასტუმროები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები;
  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 732 ადამიანს შეადგენს, აქედან 537 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 300 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78334
თემები:
COVID-19 საქართველოში