პაატა იმნაძე

ტკიპების სეზონი იწყება პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

519
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსებისა და ინფექციების შესახებ ისაუბრა.

გაზაფხულზე აქტიურდება ტკიპების სეზონი, ამიტომ ფერმერებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვართ, პაატა იმნაძე ურჩევს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი დაიცვან ტკიპებისაგან. მინდორში ყოფნის დროს მაქსიმალურად დაიფარონ სხეული და გამოიყენონ რეპელენტები, ანუ დამაფრთხობლები. მან ასევე ისაუბრა წითელას შესახებ, რომელიც დღეს ასევე აქტუალური პრობლემაა.

პაატა იმნაძე: ამ დროისათვის წითელას პრობლემა კვლავ რჩება. 1 იანვრიდან დღემდე გვაქვს 2100-ზე მეტი შემთხვევა, მაშინ, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირდა იგივე რაოდენობა. კარგად მიდის აცრები – გარდა იმისა, ვისაც გეგმიურად ეკუთვნის, დამატებით 95 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. ეს  ძალიან კარგი შედეგია, თუმცა თუ მხოლოდ ეს ადამიანები დაიცავენ თავს, წითელა არ გაჩერდება.

ჩვენ სხვა ქვეყნებმაც გაგვიწიეს დახმარება. შევიძინეთ 95 ათასი ვაქცინა, თურქეთმა გვაჩუქა 100 ათასი ვაქცინა, სომხეთმა – 30 ათასი. ანუ დღეს საქართველოში ვაქცინა იმდენია, რომ თუ ჩვენ წელს ავცრით 350 ათას ადამიანს, წითელას არა თუ გავაჩერებთ, საერთოდ მოიხსნება წითელას პრობლემა საქართველოში. ვაქცინები, რაც საქართველოში შემოდის, არის მაღალი კლასის, მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული. ამიტომ თუ ასე აქტიურად გაგრძელდება აცრები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს წითელას პრობლემას დავამარცხებთ.

– რაც შეეხება წითელათი გარდაცვალების შემთხვევებს, როგორია დღევანდელი მაჩვენებელი საქართველოში?

– ევროპის რეგიონმა გამოაქვეყნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შარშანდელი ოფიციალური მონაცემები. ევროპაში შარშან 72 ადამიანი გარდაიცვალა წითელათი. სამწუხაროდ, მათ შორის არის ის სამი შემთხვევა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა. აქ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს სამივე ბავშვი არ იყო აცრილი, რადგან ორს ჯერ არ უწევდა ასაკობრივად, ხოლო ერთს ჰქონდა ისეთი დაავადება, რომლის დროს აცრა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისი აცრაც არ შეიძლება, მაგრამ მათი სიცოცხლეც დაცული იქნება, თუ წითელა არ იქნება, ანუ ყველა სხვა იქნება აცრილი, ვისი აცრაც შეიძლება.

სამწუხაროდ, საქართველოში წელს წითელათი გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

– რაც შეეხება გაზაფხულის სეზონს და მასთან დაკავშირებულ ვირუსულ ინფექციებს, რა პრობლემაა ძირითადად მიმდინარე სეზონზე?

– გრიპი გრძელდება, არსად არ წასულა, თუმცა საგრძნობლად მოიკლო. დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორნახევარჯერ მოიკლო. მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა H1N1. უკვე ცირკულირებს H3N2-ც. გამოჩნდა B ტიპის ვირუსიც. ავადმყოფისთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ტიპის ვირუსი დაემართება, გრიპი გრიპია და უნდა მივუდგეთ სერიოზულად.

– ვირუსების გარდა სხვა რა ინფექციებია გავრცელებული?

– რესპირატორული ვირუსის სეზონი ჯერ არ მთავრდება. ჯერ კიდევ გრძელდება და ამინდებზეც არის დამოკიდებული რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ვირუსები. კიდევ ერთი, რაც გაზაფხულზე იჩენს თავს, არის ტკიპა. მოსახლეობა იწყებს ბუნებაში გასვლას, განსაკუთრებით ფერმერები, გლეხები. სწორედ ამ დროს იწყება ტკიპების სეზონი. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციებია თავი დავიცვათ ტკიპების კბენისგან. მინდვრის სამუშაოების დროს, ბუნებაში გასვლის დროს მაქსიმალურად დავიფაროთ სხეული, ცხოველებს ხელით ნუ მოაშორებთ ტკიპებს. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ფერმერებმა ხელით მოაცილეს ტკიპები, რამაც ცუდი შედეგი გამოიწვია. ამ დროს სრულებით შესაძლებელია რაიმე დაავადება დაგემართოთ, მათ შორის ყირიმ-კონგოს ცხელებაც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება.

ყველა ტკიპა არის ბალახზე, ბალახიდან გადადის ცხოველზე. ამიტომაც საფრთხილოა ცხოველი და თვითონ ბალახში მუშაობაც. როცა ბუნებიდან სახლში დაბრუნდებით, უნდა დაათვალიეროთ როგორც ბავშვის, ასევე საკუთარი სხეული. ტკიპა თუ დაგაჯდებათ სადმე, რაც უფრო დიდი ხანი იქნება სხეულზე, მით დიდი შანსია გადაიტანოს დაავადება. ცოტა ხანი თუ იქნება, პრაქტიკულად გადატანის შანსი არ არის. ამიტომ ტკიპას დროულ მოშორებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ტკიპას მოსაშორებლად სასურველია მივიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში და მათ მოგვაშორონ, რადგან ფრთხილად, მოტრიალებით უნდა მოშორდეს, რომ არ ჩარჩეს მისი სხეულის ნაწილები კანში.

– რა ჩვენებები აქვს ტკიპის ნაკბენს?

– ეს არის ჰემორაგიული ცხელება, სისხლჩაქცევა, სისხლდენა, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა. ამიტომ იყავით ყურადღებით.

ტყის ტკიპისგან თავის დაცვა
© RIA Novosti .
ტყის ტკიპისგან თავის დაცვა

 

519