კვლევა: მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას მაქსიმალური შედეგის ჩვენებას

გამოწერა
წიგნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქართველი მოსწავლეების 14% მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს წაკითხულის გააზრებას, ასეთია წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS, 2016) უახლესი შედეგები, რომელიც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა.

PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) – წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე.

ზღაპრის კითხვა - Sputnik საქართველო
რომელი ზღაპრები უყვართ ქართველ ბავშვებს

მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სკალის თანახმად, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას უმაღლესი საფეხურის დაძლევას, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში, იგებს, იაზრებს, აანალიზებს ასაკთან შესაბამის როგორც ლიტერატურულ, ასევე საინფორმაციო ტიპის ტექსტებს.

მიღწევების მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%, საშუალო საფეხურზე — 60%, დაბალ საფეხურზე კი მოსწავლეთა 86% (მოცემულია კუმულაციური პროცენტი). მოსწავლეთა 14% კი ე.წ. კრიტიკულ ზღვარზეა, რადგანაც ისინი მინიმალურ დონეზეც კი ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. წინა კვლევაშიც, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი — 488 ქულა ჰქონდა. ამ ქულით საქართველო საშუალო მაჩვენებლების ქვეყნების სიაშია.

წიგნის კითხვა - Sputnik საქართველო
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 200 სკოლა, 5 741 მოსწავლე, 5 700 მშობელი და 200 დირექტორი.

PIRLS-ის კვლევა ჩატარდა 50 ქვეყანაში, თავისი მონაცემით საქართველო 50 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი, 581 ქულა რუსეთის ფედერაციას აქვს, მას მოსდევენ სინგაპური, ჰონგ-კონგი, ირლანდია და ფინეთი. ყველზე ცუდი შედეგი (320 ქულა) კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს.

PIRLS-ის კვლევა 2001 წლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო მას 2006 წელს შეუერთდა, 2016 წელს კვლევის მესამე ციკლი ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0