სამყაროში ორი პროფესიაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გააკეთილშობილოს ან დაამახინჯოს...

© FB / Buckswood International School - Tbilisiსასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში
სასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი პროფესია, რომელსაც ადამიანის სულის თავდაპირველ გაკეთილშობილებაზე ზრუნვა ავალია – პედაგოგობაა. წარმოგიდგენთ ელენე ჩერქეზიშვილს – საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდ–თბილისის დაწყებითი კლასების პედაგოგს 25-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

ელენე მასწავლებელი თვლის, რომ სასკოლო ოთახი ერთი მსახიობის თეატრია, სადაც ბავშვები მარტო წიგნებიდან ამოკითხულ ფრაზებს კი არ უნდა იგებდნენ, ცხოვრების მართალ ამბებსაც ისმენდნენ.

© სკოლა ბაქსვუდის არქივიელენე ჩერქეზიშვილი
ელენე ჩერქეზიშვილი - Sputnik საქართველო
ელენე ჩერქეზიშვილი

– ქალბატონო ელენე, ცხოვრებაში ყველანაირ არჩევანს თავისი ახსნა აქვს…

— სიმართლე გითხრათ, დაწყებითი კლასის მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სკოლის პერიოდში და შემდგომაც ძალიან კარგად გამომდიოდა ჩემზე ბევრად პატარებთან ურთიერთობა — ეს ალბათ ხსნის ჩემ არჩევანს…  

– როგორი იყო თქვენი პირველი გაკვეთილი პირველკლასელებთან? 

— ჩემი პირველი გაკვეთილი არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო 1992 წელი და გურამ რამიშვილის მეექვსე საავტორო სკოლა, (რომელიც დღეს მე-20 საჯარო სკოლაა). წინასწარ არაფერზე მიფიქრია, უბრალოდ, თავიდან ჯერ მშობლებისთვის ჩავატარე რამდენიმეწუთიანი კრება. იმ მშობლებიდან კლასში ჩემზე უფროსებიც ისხდნენ და კარგად მახსოვს რა სიტყვებით მივმართე: ეს ჩემი, როგორც მასწავლებლის პირველი სასწავლო წელია, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ამიტომ თუ რამე შემეშლება, გთხოვთ, ლმობიერები იყოთ, ფრთხილად მიმანიშნეთ შეცდომაზე და ვითანამშრომლოთ, უფრო სწორედ, ვიმეგობროთ-მეთქი. იმ დღის შემდეგ, არ ვიცი, ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა თუ რა მოხდა, მშობლებმაც და ბავშვებმაც აბსოლუტური ნდობა გამომიცხადეს. ეს იყო საოცარი წლები. ის, რაც მაშინ ვასწავლე, სამწლიანი კურსი იყო და მეოთხე კლასიდან უკვე საგნობრივი სწავლება იწყებოდა. ეს სამი წელი ჩემთვის უბედნიერესი დრო იყო. 

© სკოლა ბაქსვუდის არქივისასწავლო წლის დაწყება საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდში
სასწავლო წლის დაწყება საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდში - Sputnik საქართველო
სასწავლო წლის დაწყება საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდში

– გაიხსენეთ ყველაზე დიდი გაკვეთილი ან გამოცდა, რაც ცხოვრებამ ჩაგიტარათ… 

— რა მახსენდება, იცით? აი, ის რთული და ძნელი წლები… მაშინ დიდ დიღომში ვცხოვრობდი და სკოლა ერთი დღე არ გამიცდენია. უშუქობისა და ომიანობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა სწავლა და მოდიოდნენ თუ არა ბავშვები სკოლაში, მე მაინც მივდიოდი და სხვანაირად მართლა არ შემეძლო. ისიც ყოფილა, რომ ქუჩებში სროლების გამო მასწავლებლები ლამის იატაკზე ვიყავით გართხმული. კარგად მახსოვს პალტოებში ჩაცმული მოსწავლეები და გაყინული სასკოლო ოთახები. რა ბედნიერება იყო, როცა შემდეგ ღუმელები დავდგით. ვთვლი, რომ ის წლები ჩემთვის იყო გაკვეთილი და გამოცდა, რომელიც, მგონი, კარგად ჩავაბარე… და, კიდევ, აუცილებლად უნდა გითხრათ: მიუხედავად იმ სირთულეებისა, ყველაფერი მაინც ტკბილად მახსენდება და, იცით, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება არსებობდა და ურთიერთობებიც სუფთა და ნამდვილი იყო…

© FB / Buckswood International School - Tbilisiსასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში
სასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში - Sputnik საქართველო
სასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში

– ქალბატონო ელენე, თავად რომელმა მასწავლებელმა დაგამახსოვრათ თავი?

— მე თბილისში 140-ე საშუალო სკოლა დავამთავრე დიღომში. გამორჩეულად მახსენდება ისტორიის მასწავლებელი ვლადიმერ კუჭაიძე, რომელიც ომის მონაწილე ვეტერანი იყო. იგი საქართველოს ისტორიას არა წლებისა და მშრალი თარიღების მიხედვით გვასწავლიდა, არამედ საინტერესო ცხოვრებისეული ფაქტებითა და ამბებით. კლასში ყველანაირი კატეგორიის ბავშვი იჯდა, მაგრამ როცა ეს ადამიანი ოთახში შემოდიოდა და საუბარს იწყებდა, ჩვენთვის ეს ნამდვილი ზეიმი იყო. კიდევ გვყავდა გეოგრაფიის მასწავლებელი ეკატერინე ხელაშვილი, რომელსაც იმ პერიოდში, კომუნისტების დროს მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და გეოგრაფიას ძალიან ცოცხლად გვასწავლიდა. ეს მარტო წიგნებიდან ამოკითხული ფაქტები და რუკაზე შემოხაზული გეოგრაფიული დასახელებები არ იყო, ის გაკვეთილს სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ ნანახსა და უშუალოდ განცდილ ამბებზე აგებდა.  

– გაკვეთილი სადღაც ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს…

— გეთანხმებით, მე ჩამიტარებია ისეთი გაკვეთილი, რომლის დროსაც ზღაპარი მომიყოლია და ეს მართლა იყო ერთი მსახიობის თეატრი, იქ საჭირო დროს ინტონაციებიც იყო, ემოციაც და გამოსახვის ფორმებიც…

– სიტყვამ მოიტანა და დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ 21-ე საუკუნის ბავშვებმა ყველაფერი ზედმიწევნით იციან და მათთვის ზღაპარი ზედმეტი რამაა, ანუ პირდაპირ რეალობას უნდა დავაჯახოთო. ზღაპრის უნდა სჯეროდეთ ბავშვებს?

— იცით, რაშია საქმე? ბავშვს რეალობას ვერაფრით დააჯახებ. ოცნება რა არის? ეს შენი ზღაპრული, ლამაზი წარმოდგენაა ბევრ რამეზე, მისი აზროვნება რეალისტური უნდა იყოს, მაგრამ ბავშვის შემეცნებაში ეს ყველაფერი – ლამაზი წარმოდგენები, ზღაპრის მოლოდინი და რწმენა ზის და ვერ დაუშლი. როცა ადამიანი სიზმარს ხედავს, ეს ოცნება და ზღაპარი არ არის?

© სკოლა ბაქსვუდის არქივიელენე ჩერქეზიშვილი მოსწავლეებთან ერთად
ელენე ჩერქეზიშვილი მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
ელენე ჩერქეზიშვილი მოსწავლეებთან ერთად

– სიზმარი ახსენეთ და გაკვეთილი თუ ჩაგიტარებიათ სიზმარში?

— ხშირად ჩამიტარებია გაკვეთილი ძალიან უცხო და უცნაური გარემოში, სადაც უცხო ბავშვები ისხდნენ. კიდევ, იცით, რა დამმართნია? ახლა ხომ ბავშვი არ ვარ? ძალიან ხშირად მესიზმრება, რომ მოსწავლე ვარ, გაკვეთილზე ვზივარ და ვაბარებ ფიზიკის გამოცდას, თან ისე მეშინია, რომ ოფლში გაწურული ვიღვიძებ. 

– ალბათ იმიტომ, რომ არ გიყვარდათ ეს საგანი…

— არა, არასოდეს მყვარებია ფიზიკა და ქიმია, ეტყობა, ეს არ იჯდა ჩემში ან სწორად არ მაწვდიდნენ. როცა მასწავლებელი საინტერესოდ ხსნის გაკვეთილს, მაშინ ყველაფერი გამახსოვრდება და ის საგანიც გიყვარდება. ზემოთ შიში და სიფრთხილე ვახსენე. სამყაროში ორი პროფესიაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი დაამახინჯოს ან, პირიქით – ლამაზი გახადოს, ესაა ექიმის და მასწავლებლის პროფესია. პირველს ეს შეუძლია სხეულზე მოახდინოს, მეორეს – სულზე… როცა ჩემი შვილები გაიზარდნენ და სკოლაც დაამთავრეს, ჩემმა შვილმა მკითხა – კარგად გამოგივიდა ყველაფერი, მაგრამ ამ საქმეს როცა იწყებდი, წარმოდგენა თუ გქონდა, რამხელა პასუხისმგებლობას იღებდიო. მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა. ისე კი, ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილია, სადაც მუდმივად რაღაცას სწავლობ…

ყველა ახალი ამბავი
0