როდის ვეხუტებით ქართველები ერთმანეთს და რა მოსდევს ჩახუტებას?

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე
გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

ქართველები ძალიან მოსიყვარულე და თბილ ერად ვითვლებით. ერთმანეთს ყველა ხელსაყრელ თუ არახელსაყრელ შემთხვევაში ვეხუტებით. ვეხუტებით სიფხიზლესა თუ სიმთვრალეში, სიხარულის ან მწუხარების დროს, ვეხუტებით შერიგების ან განშორების დროს, მაშინ როცა გულით გვინდა ან პირიქით, სულაც არ გვაქვს ვინმესთან ჩახუტების სურვილი.

ვეხუტებით უცხოელს, როცა ქართულად ძლივს „აკერკებს“ რამდენიმე სიტყვის ქართულად წარმოთქმას. ვეხუტებით არჩევნების წინ ამომრჩევლებს და არჩევნების შემდეგ კი გამარჯვებული პარტიის მესვეურებს, ვეხუტებით საყვარელ ქალს და ხშირ შემთხვევაში სულაც არა აქვს მნიშვნელობა ამ ჩახუტების დროს ის ჩვენი საყვარელი ქალბატონია, თუ სხვისი….

ვეხუტებით ქართულ სუფრაზე ერთმანეთს და ამ შემთხვევაში ჩახუტებების რაოდენობა მიღებული ბახუსის რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია და ეს ფაქტიც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ქართველი მამაკაცები ორიენტაციას სუფრაზევე, თვალსა და ხელს შუა იცვლიან.

ვეხუტებით დედებს და შვილებს —მარტოდ დარჩენილები და სიდედრებს, დედამთილებსა და მულებს- სხვების დასანახად, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, ვეხუტებით უფროსებს, როცა ამის ნებას გვრთავენ, ვეხუტებით მეგობრებს ფოტო გადაღების დროს და მის გარეშეც, ვეხუტებით საკუთარ თავს სელფის მომენტში.  

…და აქედან გამომდინარე, ძალიან გასაკვირია, როცა ეს დღე ზეიმების მოყვარულმა ქართველებმა კი არა, სულაც ამერიკელებმა დააარსეს. 

ჩახუტების დღე - Sputnik საქართველო
ჩახუტების დღე: როგორ ვისწავლოთ სიყვარული და გავხდეთ ბედნიერნი

კერძოდ ეს იდეა ვინმე კევინ ზაბორნს მოუვიდა თავში აზრად და ამიტომ მას ჩახუტების ელჩს უწოდებენ. ეს დღე ამერიკლებმა პირველად 1986 წელს აღინიშნეს. მოგვიანებით მას მრავალი ქვეყანა შეუერთდა და ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა, არ ჩამოვრჩით ამ ამბავს ქართვეებიც და უკვე მერამდენე წელია, რაც მას სახალხო მსვლელობით აღვნიშნავთ ხოლმე. 

მაგრამ ყველაზე კარგი ის იქნება, თუ არ დღეს იმ ადამიანებს ჩავეხუტებით, რომლებიც ამას ჩვენზე მეტად იმსახურებენ და ელოდებიან — ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ვგულისხმობ…. სხვა დანარჩენების მიმართ კი უბრალოდ, ტრადიციისადმი ხარკის გაღება მოგიწევთ. სხვათა შორის გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერების აზრით, შეყვარებისთვის არც მეტი, არც ნაკლები, 4 წუთია საჭირო, ამიტომ ჩახუტებისა და საერთოდ პირველადი ურთიერთობის ხანგრძლივობაც ამის მიხედვით გათვალეთ. ასე რომ, თუკი დღეს უცნობი ადამიანი ქუჩაში გასულს ახლობელივით გადაგეხვევათ, სხვა გზა არ გაქვთ, თუკი იგივე გაკეთების სურვილი არ გაგიჩნდათ, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა მოდუნდეთ და წინააღმდეგობა მაინც არ გაუწიოთ!….  

და კიდევ  თურმე ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, რადგან ოქსიტოცინი, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება-ტკივილს აყუჩებს… ასე რომ დღეს თუკი თქვენთვის არასასურველი პიროვნება დაგიპირებთ ჩახუტებას, მიმტევებლები იყავით და ჩათვალეთ, რომ მას კეტონალისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა და ტკივილს ამ ფორმით იყუჩებს..  მოკლედ ყველა შემთხვევაში გილოცავ ამ დღეს და დღის მანძილზე მხოლოდ სასურველ ჩახუტებებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0