უეფა თავის ვალს აბრუნებს

© https://www.facebook.com/sevillafc.eng?fref=ts"სევილია"
სევილია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მაისურაძე
დღეს, თბილისში, „ბარსელონასა“ და „სევილიას“  შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება. 34 წლის შემდეგ უეფა თავის ვალს აბრუნებს.
დიახ, სწორედ 34 წლის წინ უეფას სუპერთასის გათამაშების მატჩი შეიძლება თბილისში გამართულიყო — ორიდან ერთი მატჩი. ბევრ ჩვენგანს კიდევ ახსოვს 1981 წელი, როცა თბილისის „დინამო“ თასების თასის გამარჯვებული გახდა. პარალელურად „ლივერპულმა“ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. 
ორმატჩიან დაპირისპირებაში ამ კლუბებს სუპერთასის გამარჯვებული უნდა გამოევლინა. არ გამოვიდა. მხარეები მატჩის ჩატარების თარიღზე ვერ შეთანხმდნენ.
წაგებული ქართველი და ინგლისელი გულშემატკივარი დარჩა. დიდწილად ქართველი, რადგანაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო უეფას სუპერთასისთვის ბრძოლის ერთადერთი შანსი. 
და აი, სხვა საუკუნეში, სხვა ათასწლეულში თბილისი მაინც გახდება ევროპული დუელის მოწმე ჩემპიონთა ლიგისა („ბარსელონა) და ევროპის ლიგის („სევილია“) გამარჯვებულებს შორის.
ამასთან დაკავშირებით, კლასიკა მინდა გავიხსენო მსუბუქი პერიფრაზით: „ამხანაგებო, რა არის „სევილია“ და რა არის „ბარსელონა“? „სევილია“, ამხანაგებო, ეს არის „Quasi una fantasia“. ხოლო ბარსელონა, ამხანაგებო, ეს ლოგიკური საფეხბურთო ფორმით შემოსილი ადამიანური აზრია“.
 „სევილია“, რა თქმა უნდა, თასებისთვის გამოცდილი მებრძოლია. ჯერ მარტო ევროპის ლიგაში რეკორდული ოთხი გამარჯვება რად ღირს. თანაც, ანდალუზიურმა კლუბმა ეს გამარჯვებები ერთგვარი დუპლეტით აღნიშნა — 2006, 2007 და 2014, 2015 წლებში.
უნაი ემერის გუნდმა უეფას სუპერთასიც მოიგო. 2006 წელს თავად „ბარსელონა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
თუმცა, „სევილიის“ უპირატესობა „ბარსაზე“ ამით მთავრდება კიდეც. დანარჩენი უკვე „unafantasia“-ს სფეროდანაა. ბოლო შვიდი წლის მანძილზე ესპანეთის ჩემპიონატში „სევილია“ მესამე ადგილს არ ასცდენია, მეხუთე და მეცხრე ადგილებს შორის მოძრაობდა. ეროვნულ პირველობაში მან ერთადერთხელ — შორეულ 1946 წელს გაიმარჯვა.
ამავე 7 წლის განმავლობაში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი ხუთჯერ (!) გახდა. მის ტიტულებს კი უბრალო სტატისტიკის მოყვარული და კატალონიელების მხურვალე თაყვანისმცემელი თავისუფლად ჩამოგითვლით.
ეს არის სწორედ ადამიანური აზრი, რომელიც ლოგიკურ ფორმაშია გამოსახული. რა თქმა უნდა, შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ გუნდების ბიუჯეტის ერთმანეთთან შედარებაც არ შეიძლება და მესის, ნეიმარისა და სუარესის ერთად აღებული ბიუჯეტი თუ მიუახლოვდება მთელი „სევილიას“ ღირებულებას. მაგრამ ეს ბიჭები უფრო მეტს იძლევიან, ვიდრე მათში ჩადებული ინვესტიციაა. 
ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს სუარესი, რადგან დროდადრო მასში პირველყოფილი ინსტინქტი იღვიძებს და მოწინააღმდეგეების კბენას იწყებს. მესი- იმიტომ, რომ ბავშვებთან ფოტოების გადაღება და ავტოგრაფების დარიგება არ უყვარს. ნეიმარი, რომელიც ხანდახან „პიჟონობაში“ ამლაშებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, მაგრამ ფეხბურთის თამაში მათ შეუძლიათ და ამ ფაქტს ვერ შეეწინააღმდეგები.
სხვათა შორის, ნეიმარი თბილისში არ იქნება. ყბაყურის გამო სახლში დარჩა და იმ აჟიოტაჟს გამოტოვებს, რაც საქართველოს დედაქალაქში „ბარსელონას“ ჩამოსვლას უძღვის წინ.
ერთი კინოფილმის გმირი ამბობს: „დაბალი და განსაკუთრებით მაღალი კლასის მოსწავლე გოგონებს ვაგზალზე გამოჩენა ეკრძალებათ, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დიზელ-ელექტრომატარებელი ჩაივლის“. 
ასევეა ამ შემთხვევაშიც. უეფას სუპერთასი თბილისისა და საქართველოსთვის პატარა პროვინციული ქალაქის სადგურზე დიზელ-ელექტრომატარებლის ჩამოსვლას ჰგავს, რომელმაც მოსახლეობა ააფორიაქა.
ახლაც — გულშემატკივარს სანახაობა, აზვირთებული ემოციები სურს, უნდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო თამაშით დატკბეს.
ასეთი რამ თბილისში უკვე იყო, როცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები — გერმანელები, ესპანელები და იტალიელები ჩამოვიდნენ. მაგრამ ეს სულ სხვაა. ყველა ეს გრანდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ან მსოფლიოს შესარჩევ მატჩებში თამაშობდ. ამ დროს ღიად უგულშემატკივრო შვაინშტაიგერს, კასილიასს ან პირლოს — ლამაზი არაა. ბოლომდე მაინც იმედი გაქვს საკუთარი ნაკრების, იქნებ წინააღმდეგობა გაუწიოს.
ახლა კი შეიძლება უგულშემატკივრო მთელი ძალით და არ მოგერიდოს. ზოგიერთი გულშემატკივარი ათენებდა და აღამებდა ვაკის პარკში, რომ როგორმე მატჩზე დასასწრები ბილეთი ეშოვა. ვიღაცას არ გაუმართლა. 22 ათასს — გაუმართლა (თუმცა,  მსურველი 120 ათასი მაინც იქნებოდა). სწორედ ამდენი ბილეთი გამოყო უეფამ ქართველი გულშემატკივრისთვის. იყო ექსცესები, შეხლა-შემოხლა, იყო დაკარგული 6 ათასი ბილეთი. მაგრამ ეს ყველაფერი უკანაა და ამას ცოტა ვინმე თუ იხსენებს.
წინ სცენაა „დინამო არენას“ სახით და სპექტაკლი სათაურით „უეფას სუპერთასი“, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0