მმართველმა პარტიამ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე დაასახელა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს დედაქალაქის მერობის პოსტზე მეორე ვადით იბრძოლებს. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს კახა კალაძეს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს დედაქალაქის მერობის პოსტზე მეორე ვადით იბრძოლებს. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი. რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, რომელიც არის გუნდური მოთამაშე, რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება, რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე, მეუღლე, მამა, შვილი, რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება თბილისსა და თბილისელებს, რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში“, – განაცხადა კობახიხემ.
ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახა კალაძე კიდევ უფრო ბევრ საქმეს გააკეთებს დედაქალაქისთვის.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის დედაქალაქის საუკეთესო მერი და მადლობა კიდევ ერთხელ კახას. კახამ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად, ძალიან ბევრი პრობლემა მოაგვარა, მან წარადგინა საკუთარი ხედვა შემდგომი განვითარების, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, გამწვანებას და ა.შ. და მე ვიცი, რომ კახა კიდევ უფრო ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავად კახა კალაძემ მმართველ პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი სტიმულია, როდესაც ადამიანები უზიარებენ მას საკუთარ პრობლემებს და ენდობიან.
„ჩემო მეგობრებო, დღეს ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი, რა შემძინა ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები. და, რაც მთავარია, დღეს ზუსტად ვიცი რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ყოველი წამოწყების, ახალი პროექტების განხორციელების დროს, რამხელა სტიმულია, როდესაც გულწრფელად გიზიარებენ დარდსაც და სიხარულსაც, გენდობიან და სჯერათ შენი“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მოქმედმა მერმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. 2017 წლის შემოდგომაზე ის თბილისის მერად პირველად აირჩიეს.
წინასაარჩევნო კამპანია იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ ... ვინ გახდება თბილისის მერი 2021-ის არჩევნებზე
განათლებით ისტორიკოსმა კალაძემ წარმატებას საფეხბურთო კარიერაში მიაღწია. 1993-2012 წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში“, კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და „ჯენოაში“. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.
2007 წელს კალაძემ საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“ დააარსა, შემდეგ კი „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი იყო.

განსაკუთრებული არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი საერთოდ არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0