მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში

ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა

77
(განახლებულია 17:54 03.07.2021)
შუალედური დასკვნის თანახმად, ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრული პროცესები უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული დასკვნა გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა დადეს.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა და მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია, ამის შესახებ ვიზუალურ-გეოლოგიურ შუალედურ დასკვნაშია ნათქვამი. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე სამი დღის წინ გააქტიურდა. ადგილზე ბეტონის ჯებირებია მიტანილი, მობილიზებულია პოლიცია.

მეწყრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობდნენ.

რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი თანხები გამოიყოფა. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა 1 ივლისიდან გადაკეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა აღნიშნულ გზაზე.

სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.

ლისის ტბასთან ახლოს, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონა გაზაფხულზე გაჩნდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2 თვეში აღდგება.

77

ვუვუზელები და დოლები: საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ვიდეო

123
(განახლებულია 00:14 29.07.2021)
მმართველი პარტიის მთავარ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. დაწვრილებით – იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ ნელდება. ოპოზიცია და მასმედიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ოთხშაბათს პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დადებული შეთანხმება გააუქმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის შუამდგომლობით იყო მიღწეული.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკას დასჯერდა. მეორე ნაწილი კი სამოქმედო გეგმას განიხილავს. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკვე განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

123
მშენებლობა

სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა თბილისის მერმა დეტალები განმარტა

44
(განახლებულია 22:02 28.07.2021)
დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი ძლიერდება – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის შესრულებისთვის აუცილებელ წესებსა და პროცედურებს დაამტკიცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კანონი უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გამოქვეყნდა და 28 ივლისიდან ამოქმედდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ კანონით დადგენილი შეღავათები და სპეციალური რეჟიმები.

„კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.“ – აღნიშნა კალაძემ.

კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზანს

„კანონი ითვალისწინებს... კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, მერის განცხადებით, ეს ეხება ობიექტის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში ჩაბარებას.

„ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება შენობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში“, – აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნული წესი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და გავრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა აშენების ნებართვა 2022 წლის 1 იანვრიდან გაიცემა.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ამნისტია უპირობო აქტი არ არის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეაგირება ექნება.

44
თემები:
თბილისი დღეს
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

0
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა