კახა კალაძე

კალაძე: სიამაყით ვაცხადებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით უამრავ წარმატებას მივაღწიეთ

42
(განახლებულია 18:49 08.06.2021)
დედაქალაქში გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა მთავარი პრიორიტეტია და მომავალში დაგეგმილი ნებისმიერი პროექტი ამ სტანდარტების მიხედვით განხორციელდება, აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის განვითარება იყო.

„საკითხის შესწავლისას ცხადი გახდა, რომ თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ნებისმიერი რეფორმა გვიანი იქნებოდა და ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წყალში ჩაიყრებოდა“, – განაცხადა პრეზენტაციისას კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ მან ჯერ კიდევ 2017 წელს თბილისელებს მისცა პირობა, რომ არ გაიცემოდა არც ერთი ნებართვა და არ აშენდებოდა არაფერი ისეთ ადგილებში, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსებია.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუ გარემოსდაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს", – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი გახდება, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების მიხედვით გაგრძელდება.

42
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (164)
მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩაზე

როდის აღდგება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

47
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ორ თვე-ნახევარში აღდგეს, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

აპრილის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი ჩაერთო.

47

პროტესტი კომუნალურ მომსახურებებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ვიდეო

72
(განახლებულია 22:42 14.06.2021)
თბილისში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გააპროტესტეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორიც პარტია „ქართული დასი“ იყო, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ავტოკოლონით გაემართნენ მთავრობის კანცელარიისკენ.

თავდაპირველად ისინი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ევროვნული მარეგულიერებელი კომისიის ოფისთან გეგმავდნენ მისვლას, თუმცა მოგვიანებით მარშრუტი შეიცვალა. „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, მთავრობამ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი სიღარიბისთვის გაწირა.

„მთავრობის კორუმპირებული ინტეერესების გამო გაზზე, ელექტროენერგიაზე და წყალზე ტარიფები გაიზარდა, უკანონოდ და უსამართლოდ. ჩვენი გამოთვლებით, ზამთარში პენსიონერებს 45-60 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. წელს სუბსიდია 700 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო, ანუ ამდენი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

1 ივნისიდან კომპანია Tbilisi Energy-ს მოთხოვნით გაზზე ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრს გადაიხდიან.

ტარიფი გაიზარდა წყალზეც. 1 იანვრიდან თბილისისა და მცხეთის მოსახლეობას, რომლებსაც მრიცხველები აქვთ, 0,33 ლარის ნაცვლად, ერთ კუბური მეტრი წყალი 0,5 ლარი დაუჯდება. დანარჩენები საფასურს ოჯახის სულადობის მიხედვით გადაიხდიან. ასეთი აბონენტებისთვის ყოველთვიური ტარიფი ერთ სულზე 4,518 ლარი იქნება 3,9 ლარის ნაცვლად.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ის ფასი 3,5 თეთრით გაიზარდა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.

72
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0