„საცობი თბილისში

კალაძის დაპირება: თბილისში „საცობები" აღარ იქნება

80
(განახლებულია 15:08 03.06.2021)
კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეფერხებებისა და დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეფორმის განხორციელებას.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ჩვენ დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რათა გარკვეული წლების შემდეგ დედაქალაქში „საცობების" პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რა გაკეთდა ბოლო ოთხ წელიწადში – კახა კალაძე თბილისელების წინაშე ანგარიშით წარდგება>>

ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვასთან ერთად მიზნად ისახავს, რომ თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს.

„საცობების" მიზეზი ისაა, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ამას, რა თქმა უნდა, თავისი საფუძველი აქვს. თუ 2012 წლამდე თბილისში 125 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 680 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ეს რიცხვი მზარდია, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 6%-ით იზრდება.

კალაძის განცხადებით, თბილისში არის ისეთი ქუჩები, რომელთა გაფართოება შეუძლებელია. ამასთან, რაც უფრო აფართოებ ქუჩებს, თუ ამის შესაძლებლობაა, კიდევ უფრო ჩიხში შედის პრობლემა, რადგან ეს გარკვეული წახალისებაა კერძო ავტომობილებისთვის.

„ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის მოგვარების არის რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენ შეიძლება დღეს შედეგი ვერ დავინახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში „საცობების" პრობლემა იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამ სისტემაში დღეს რთული ვითარებაა, რეფორმა ახლახან დაიწყო და ის გრძელვადიანია, თუმცა მერი იმედოვნებს, რომ შედეგი ახლო მომავალში დადგება.

„კომფორტულ პოზაზე და პიარულად ქულების დაწერაზე უარი ვთქვით. შეგვეძლო გვეთქვა, რომ ავტობუსები ჩავანაცვლეთ და ნახეთ, რა მაგრები ვართ. მაგრამ ამით რეალურად პრობლემა არ მოგვარდება. მოსახლეობას თვალში ნაცარს ხომ არ შევაყრით“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ასევე დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მან აღნიშნა, რომ პიკის საათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არ უნდა არსებობდეს.

„ჭავჭავაძის გამზირი ზუსტად შეესაბამება ამ სტანდარტს, სადაც პიკის საათი საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აფერხებს. სატრანსპორტო დერეფანი არის თანაბრად გადანაწილებული ძველი დიზაინისგან განსხვავებით, სადაც 90% ათვისებული ჰქონდა კერძო სატრანსპორტო საშუალებებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

კალაძე: ეს ქალაქი არის ყველასთვის>>

ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს თავისი, დამოუკიდებელი დერეფანი და შეფერხების გარეშე გადაადგილდება.

ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიის მიზანია დედაქალაქში ათი სწრაფი დერეფანი მოეწყოს ისე, რომ პიკის საათი არ აფერხებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას.

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, „საცობების" თავიდან აცილების მიზნით, თბილისის მასშტაბით ინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული სისტემა შეამცირებს გზებზე „საცობების“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო) მანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას.

გარდა ამისა, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მიმდინარე წლის იანვარში დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები, ავარიული შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ღამის საათებში განახორციელებენ.

80
თემები:
თბილისი დღეს (2043)
მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩაზე

როდის აღდგება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

47
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ორ თვე-ნახევარში აღდგეს, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

აპრილის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი ჩაერთო.

47

პროტესტი კომუნალურ მომსახურებებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ვიდეო

72
(განახლებულია 22:42 14.06.2021)
თბილისში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გააპროტესტეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორიც პარტია „ქართული დასი“ იყო, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ავტოკოლონით გაემართნენ მთავრობის კანცელარიისკენ.

თავდაპირველად ისინი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ევროვნული მარეგულიერებელი კომისიის ოფისთან გეგმავდნენ მისვლას, თუმცა მოგვიანებით მარშრუტი შეიცვალა. „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, მთავრობამ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი სიღარიბისთვის გაწირა.

„მთავრობის კორუმპირებული ინტეერესების გამო გაზზე, ელექტროენერგიაზე და წყალზე ტარიფები გაიზარდა, უკანონოდ და უსამართლოდ. ჩვენი გამოთვლებით, ზამთარში პენსიონერებს 45-60 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. წელს სუბსიდია 700 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო, ანუ ამდენი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

1 ივნისიდან კომპანია Tbilisi Energy-ს მოთხოვნით გაზზე ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრს გადაიხდიან.

ტარიფი გაიზარდა წყალზეც. 1 იანვრიდან თბილისისა და მცხეთის მოსახლეობას, რომლებსაც მრიცხველები აქვთ, 0,33 ლარის ნაცვლად, ერთ კუბური მეტრი წყალი 0,5 ლარი დაუჯდება. დანარჩენები საფასურს ოჯახის სულადობის მიხედვით გადაიხდიან. ასეთი აბონენტებისთვის ყოველთვიური ტარიფი ერთ სულზე 4,518 ლარი იქნება 3,9 ლარის ნაცვლად.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ის ფასი 3,5 თეთრით გაიზარდა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.

72
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0