ბავშვთა გასართობი ცენტრი

თბილისის მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს დაეხმარება

34
(განახლებულია 12:40 02.06.2021)
ორგანიზაციები დედაქალაქის მთავრობისგან დახმარებას მერიაში შესაბამისი განცხადების საფუძველზე მიიღებენ.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ბავშვთა გასართობი ცენტრები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერიისგან 70-მდე ობიექტი დაფინანსდება, თითოეული მათგანი კი დახმარების სახით 5 ათას ლარს მიიღებს. ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 350 ათას ლარამდე დაიხარჯება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბავშვთა გასართობი ცენტრები პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან ცენტრები ვირუსის გავრცელებიდან მალევე დაიხურნენ და მუშაობა დაახლოებით ერთი წლით შეწყვიტეს. თბილისის მერის განცხადებით, სუბსიდიას ის ბიზნესსუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.

დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება 2 ივნისიდან 10 ივნისამდე გაგრძელდება. ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერიაში უნდა შეიტანონ განცხადება.

საქართველოში ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა პირველად მუშაობა 2020 წლის მარტში შეაჩერეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ზაფხულში ობიექტებმა ფუნქციონირება განაახლეს, თუმცა ნოემბერში ეპიდვითარების გაუარესების გამო ცენტრები ისევ დაიხურა.

ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა მუშაობა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან განაახლეს.

34
თემები:
თბილისი დღეს (2048)

საქართველოში შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ ვიდეო

64
(განახლებულია 18:46 18.06.2021)
გუშინ პარლამენტთან ახალი შრომის კოდექსის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

აქციის ორგანიზატორი იყო ოპოზიციური პარტია „ქართული დასი“. ამ პარტიას ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა მშრომელი ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში წარადგინეს.

აქციაში დაახლოებით ოცი ადამიანი მონაწილეობდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა ლოზუნგები: „დამლაგებელი მონა არ არის “, „მუშა მონა არ არის“, „არც ექიმია მონა“, „არც ოფიციანტია მონა“, „მონის კოდექსი შევცვალოთ შრომის კოდექსით“.

პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი შრომის პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისადმი სამართლიან დამოკიდებულებას, მინიმალური ანაზღაურების ზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას.

წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არაერთი აქცია გაიმართა ხელფასების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. უმეტეს შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებმა მიზანს მიაღწიეს.

64
ვაკის პარკი

თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა

46
ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის აღსადგენი სამუშაოები თბილისის 2021-2022 წლის ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

როგორც სატენდერო მოთხოვნებიდან ირკვევა, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების საგარანტიო პერიოდად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი არის განსაზღვრული.

ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021-2022 წლებში თბილისის ბიუჯეტით დაფინანსდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 2021 წელს 3 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს – 8,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამასთან, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ანუ მიმწოდებელმა ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში უნდა დაასრულოს და საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11,5 მლნ ლარს აჭარბებს.

2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიან  რემონტზე მთლიანად დაიკეტა.

ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა.  2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ალი იწვის. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.

46
ნიკა სეხნიაშვილი მორიგი გამარჯვების შემდეგ

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

0
(განახლებულია 13:33 21.06.2021)
თავიდან არათუ წარმატებული, საერთოდ სპორტსმენი თუ გახდებოდა,  არავის ეგონა, პირველ რიგში კი, თავად მას. სპორტული ჟინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პირველად გაუგო გემო გამარჯვებას. მას მერე სხვა შეგრძნება მისთვის უცნობია და ღმერთმა ქნას, ბოლომდე ასე იყოს.

ეს ამბავი 27 წლის ქართველ მოკრივეზე, ნიკოლოზ სეხნიაშვილზეა. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელსაც კრივის პოპულარიზაციაში მსოფლიო ლიდერმა კომპანია Top-Rank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. ეს კომპანია სხვადასხვა დროს მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი გახლდათ. ამჟამად სპორტსმენი, მორიგი ბრძოლის მოლოდინში, ამერიკაშია.

საქართველოს სახელით რინგზე
საქართველოს სახელით რინგზე

− ნიკა, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ: როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კრივი?

− დავიბადე და გავიზარდე გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში, სკოლაც იქვე დავამთავრე. ვფიქრობ, რომ ისეთივე ცხოვრება მქონდა, როგორც ჩემი თაობის ბავშვებს. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული შემნიშნეს და სექციაში მიმიყვანეს. კრივი დღემდე ყველაზე ვაჟკაცურ სახეობად მიმაჩნია.

თავიდან სხვებზე მეტი ან იმედის მომცემი არ ვიყავი, მაგრამ როდესაც პირველად გავიმარჯვე, ყველაზე მეტად მაშინ შემიყვარდა კრივი. სწორედ პირველი გამარჯვების მერე, 13-14 წლისას გამიჩნდა გამარჯვების მუღამი და ჟინი. მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი გამაჩერებდა და ამის მერე ყოველთვის წინ უნდა წავსულიყავი.

− როგორი იყო საქართველოში თქვენი სპორტული მიღწევები?

ნიკა სეხნიაშვილი რინგზე
ნიკა სეხნიაშვილი რინგზე

- საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავართ ყველა ასაკში. ასევე ვარ არაერთი საერთაშორისო „ა“ კლასის ტურნირის პრიზიორი და  გამარჯვებული.  

− მიიჩნევა, რომ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებელი ხართ...

− ამის დასტურად მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან: შვიდი ბრძოლიდან ყველა მოგებული მაქვს, აქედან ხუთი  − ნოკაუტით.

− პირველი ქართველი ხართ, რომელსაც ხელშეკრულება მსოფლიო რანგის  კომპანიამ გაუფორმა. რომელი კომპანიაა ეს?

− დიახ, პირველი ქართველი ვარ, ვისაც მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ TopRank-მა  გაუფორმა ხელშეკრულება. ამერიკაში ჩასულს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან მიწევდა სპარინგი და თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინე. არაერთი შეთავაზება მქონდა, თუმცა, ჩემი აზრით, TopRank-ი ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო.

რიგნს მიღმა
რიგნს მიღმა

ეს კომპანია1973 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი იყო, მათ შორის, მუჰამედ ალის, ალექსის არგუელოს, ტაისონ ფიურისა და სხვების.

−  როგორი იყო ამერიკასთან თქვენი შეხვედრა, რამ გაგაოცათ?

− ამერიკაში 2019 წელს ჩამოვედი. აქ ჩამოსვლამდე მსოფლიო მქონდა შემოვლილი, ამიტომ დიდად არაფერი გამკვირვებია, თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქით, უფრო მეტის მოლოდინი მქონდა.

− გარდა ფიზიკური ძალისა და კარგი მომზადებისა, რაშია დაუმარცხებელი სპორტსმენის ძალა?

− ზოგადად კრივი სპორტის ისეთი სახეობაა, რაც ძალასთან ერთად ითხოვს, რომ მასში გულიც და გონებაც იყოს ჩართული. სპორტსმენი  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მომართული და რინგზე მხოლოდ გამარჯვების სურვილით და ჟინით უნდა გავიდეს.

ნიკა სეხნიაშვილი
ნიკა სეხნიაშვილი

− რატომ არ გაიმართა მაიამიში დანიშნული კრივის ივენთი?

−  სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ერთ-ერთ მებრძოლს, ტიოფიმე ლოპესს, კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ბრძოლა 14 აგვისტომდე გადაიდო, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც შედგეს − ზუსტად არ ვიცი.

კრივის ეს მნიშვნელოვანი ივენთი 19 ივნისს loanDepot-ის პარკის დიდ სტადიონზე უნდა გამართულიყო. მასში მე, როგორც ქართველ მებრძოლს, ისე უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამ ბრძოლისთვის გუნდთან ერთად საკმაოდ ინტენსიურად ვემზადებოდი. აქვე გეტყვით, რომ 19 ივნისის ივენთის ორგანიზატორი Triller Fight Club-ი გახლდათ. ეს კლუბი კრივის უდიდეს ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას და მისი ერთ-ერთი პარტნიორი ცნობილი სნუპ დოგია.

ვარჯიშის დროს
ვარჯიშის დროს

− რინგზე საქართველოს სახელით გამოდიხართ. როგორ ფიქრობთ, წლების მერე შეიცვლება ეს ფაქტი?

− ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ამიტომ, არა მგონია... რინგზე საქართველოს სახელით და ქართული დროშით გამოვდივარ. უცხოეთში ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან...

0