წვიმა თბილისში

მცურავი ავტობუსი დიდ დიღომში - თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა: ვიდეო

153
(განახლებულია 23:29 31.05.2021)
დიდ დიღომში დაიტბორა ქუჩები და ეზოები, უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. კოკისპირული წვიმის შედეგად დიდ დიღომში ქუჩები და ეზოები დაიტბორა. სოციალურ ქსელებში სტიქიის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტობუსი, რომელშიც განათება ჩართულია, დატბორილ ქუჩაში „მიცურავს“.

უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.
153

საქართველოში შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ ვიდეო

61
(განახლებულია 18:46 18.06.2021)
გუშინ პარლამენტთან ახალი შრომის კოდექსის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

აქციის ორგანიზატორი იყო ოპოზიციური პარტია „ქართული დასი“. ამ პარტიას ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა მშრომელი ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში წარადგინეს.

აქციაში დაახლოებით ოცი ადამიანი მონაწილეობდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა ლოზუნგები: „დამლაგებელი მონა არ არის “, „მუშა მონა არ არის“, „არც ექიმია მონა“, „არც ოფიციანტია მონა“, „მონის კოდექსი შევცვალოთ შრომის კოდექსით“.

პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი შრომის პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისადმი სამართლიან დამოკიდებულებას, მინიმალური ანაზღაურების ზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას.

წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არაერთი აქცია გაიმართა ხელფასების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. უმეტეს შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებმა მიზანს მიაღწიეს.

61
ვაკის პარკი

თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა

44
ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის აღსადგენი სამუშაოები თბილისის 2021-2022 წლის ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

როგორც სატენდერო მოთხოვნებიდან ირკვევა, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების საგარანტიო პერიოდად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი არის განსაზღვრული.

ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021-2022 წლებში თბილისის ბიუჯეტით დაფინანსდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 2021 წელს 3 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს – 8,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამასთან, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ანუ მიმწოდებელმა ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში უნდა დაასრულოს და საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11,5 მლნ ლარს აჭარბებს.

2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიან  რემონტზე მთლიანად დაიკეტა.

ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა.  2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ალი იწვის. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.

44
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

0
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

0