კახა კალაძე

თბილისის მერიამ 700 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

42
(განახლებულია 13:14 07.04.2021)
თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. აქედან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან ადრე შესყიდული მიკროავტობუსების თანხის დაბრუნებით მიიღებს.

„იცით, რომ 300 მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის თანხებით შეისყიდა. კომპანიას კი დავუწესეთ ვალდებულება, რომ ის იმ თანხას დაგვიბრუნებდა, რაც გადახდილი გვაქვს და მათი გამოცვლა ივნისისთვის უნდა მოხდეს. მიღებული თანხით კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ამ მიკროავტობუსების თანხას კვლავ გამოისყიდის კომპანია და მუნიციპალიტეტი შემდეგ 400 ერთეულს იყიდის. საერთო ჯამში თბილისის მოსახლეობას 1 ათასი ერთეული ლურჯი მიკროავტობუსი მოემსახურება.

მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ>>

მისივე ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

„იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები დაახლოებით 1.5-1.7 ათასი გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ 1 ათასი მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, რვამეტრიან ავტობუსებს და მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება“, - აღნიშნა კალაძემ.

ახალი მიკროავტობუსი გათვლილია 17 მგზავრზე, აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემით. გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.

როგორც ადრე დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით განხორციელდება.

დღეისათვის თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი მოძრაობს.

42
თემები:
თბილისის მერია (353)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 21 აპრილს

29
დედაქალაქში ოთხშაბათს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 21 აპრილს ცვალებადი მოღრუბლობაა მოსალოდნელი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა 16–17 გრადუსი, ხოლო დღისით 21–22 გრადუსი სითბო იქნება.

მზე 06:12 საათზე ამოვა და 19:47 საათზე ჩავა.

29
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
საბაგირო

უნივერსიტეტი–ბაგების საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდა

37
(განახლებულია 16:17 19.04.2021)
საბაგიროს მეშვეობით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე გადაადგილებას დაახლოებით 4 წუთი დასჭირდება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზი ყოველდღე 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს. გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი, საბაგირო ხაზით მგზავრობა კი სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო დღემდე არ ამოქმედებულა.

სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლები და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„მაღლივი–ბაგების“ საბაგირო 20 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

37
თემები:
თბილისის მერია (353)
საავადმყოფო

გაბუნია: ეპიდსიტუაცია კვლავ საყურადღებოა, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას

0
(განახლებულია 15:51 19.04.2021)
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. დღეს ქვეყენაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა>>

გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურადღებოა, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.

„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 ათასს გადააჭარბა... ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ „სინოფარმის“ ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ის ამ კვირაში დასრულდება.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმის“ ვაქცინა დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლები იძლევა საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს.

„აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება და საქართველოც დაიწყებს „სინოფარმის“ გამოყენებას აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ბოლო პერიოდში გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები და ხშირად დღიური მაჩვენებელი 1 ათასს სცდება. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ საუბრობენ.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები