ბინის გასაღები

ე.წ. აფრიკაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახი კახა კალაძის ნაჩუქარ ბინაში პირველად შევიდა

1570
(განახლებულია 06:59 29.12.2020)
ახალაშენებულ კორპუსში მდებარე ოთხოთახიან ბინაში ალიაშვილებს დახვდათ ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. აფრიკაში მცხოვრებ ალუაშვილების ოჯახს ნაჩუქარი ბინა დაათვალიერებინა. პირდაპირი ჩართვა თბილისის მერს პირად Facebook-გვერდზე ჰქონდა.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ ალუაშვილების ექვსშვილიან ოჯახს ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ოჯახის უფროსი ექვს შვილს მარტო ზრდის. მათი ოჯახის გულისამაჩუყებელი ფოტო იმ დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. იმავე საღამოს, თბილისის მერმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისი ოჯახის სახელით ალუაშვილებს საკუთარი სახსრებით ბინას აჩუქებდა.

დღეს კი, 28 დეკემბერს ალუაშვილების ოჯახი პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში, ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

ახალ ბინაში ოჯახს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, კვების პროდუქტები დახვდა, ოჯახის პატარა წევრებს კი ნაძვის ხე, სათამაშოები და ველოსიპედი. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

 

1570
თბილისის საკრებულომ პროდუქტები შეაგროვა

თბილისის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებით ეხმარება

26
(განახლებულია 21:38 22.01.2021)
საკრებულოს დეპუტატები პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველთა დახმარების კამპანიაში მონაწილეობენ, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულო განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

როგორც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში 500 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი დახმარების ნივთები შეაგროვეს.

ოჯახებისთვის ნობათის შესაძენად თბილისის საკრებულომ ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შეამცირა, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა. 

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო ჩართულია მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიაში. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ვეხმარებით, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ... კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და  უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

პროდუქტებისა და ნივთების უმეტესობას დეპუტატები ოჯახებს თვითონ დაურიგებენ.

26
თემები:
თბილისი დღეს
თოლიები მტკვარზე

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 24 იანვარს

42
(განახლებულია 17:10 22.01.2021)
საქართველოს დედაქალაქში კვირას მზიანი, მაგრამ ცივი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით მხოლოდ 4 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 24 იანვარს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +4 გრადუსამდე მოიმატებს.

ქარი წამში 1–5 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:20 საათზე ამოვა და 18:05 საათზე ჩავა.

42
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 23 იანვარი

0
(განახლებულია 00:09 23.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 იანვარს წმინდა გრიგოლ ნოსელის, ღირსი დომენტიანეს, ღირსი მარკიანე ხუცის, ნეტარი თეოზვა დიაკონისას, და თეოფანე დაყუდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა გრიგოლ ნოსელი

წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის ძმა იყო. გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება.
370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად. ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა.

376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.
ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე.

379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

ნეტარი თეოზვა დიაკონისა

ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი

ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი VI საუკუნეში ცხოვრობდა, იმპერატორ იუსტინე უმცროსის დროს. იგი ადრე დაქვრივდა, მონაზვნობა შეიმოსა და წმიდა თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წლის იყო წმიდანი, როცა ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყსოს მოსიყვარულე მღვდელმთავარს სახელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნენ სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად ღებულობდა მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მათ გლახაკებსა და უპოვრებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.

ღირსი მარკიანე პრესვიტერი

ღირსი მარკიანე - კონსტანტინეპოლის დიდი ტაძრის პრესვიტერი და იკონომოსი რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინეპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას, აღორძინებასა და შემკობას მოახმარა. მან ააგო და მდიდრულად მორთო წმიდა მოწამე ანასტასიის სახელობის ეკლესია და აქ გადმოასვენა წმიდანის უხრწნელი ნაწილები, ააშენა წმიდა მოწამე ირინეს ტაძარი. თავისი ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პარტიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც პრესვიტერად აკურთხა და კონსტანტინეპოლის დიდი საპარტიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი.
ღირსი მაკრიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში.

წმიდა თეოფანე დაყუდებული

წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ირლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს.

მან დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, ლივენის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. გულისხმიერებით გამორჩეულმა ბავშვმა, ღვთის შეწევნით, ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, ასევე წარმატებით დაასრულა მან ჯერ ირლოვის სემინარია, შემდეგ კი - კიევის სასულიერო აკადემია. განმარტოებისაკენ მიდრეკილ გიორგის კიევო-პეჩორის ლავრის ბერებთან და სხვა მოსაგრეებთან ურთიერთობამ მონაზვნობის სურვილი აღუძრა. 1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს, მონაზვნობა შეიმოსა თეოფანეს (რაც „ღვთის განცხადებას“ ნიშნავს) სახელით. იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზვნად აკურთხეს.

წმიდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო: იგი მოღვაწეობდა კიევო-სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინეპოლის საელჩო ტაძარში; 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი - ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს. მადლმოსილი მღვდელმთავარი სიტყვით არწყულებდა ადამიანთა უდაბნოდ ქცეულ სულებს. წმიდა მამის ქადაგებები ისე იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, რომ მთელ ტაძარში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა და მისი სუსტი ხმა ეკლესიის ყველაზე მივარდნილ კუთხეშიც კი კარგად ისმოდა.

წმიდა თეოფანე აღადგენდა ტაძრებს, ზრუნავდა დაბალი ფენების განათლებაზე, ხსნიდა სამრევლო სკოლებს, ეხმარებოდა უმწეოებს და გაჭირვებულებს.

1872 წელს, პასექის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. წმინდანი მიიცვალა 1894 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0