თბილისის მერია

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

90
(განახლებულია 15:04 25.11.2020)
თბილისის მერის განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, – მიმართა თბილისის მერმა ჯღარკავას.

მისი თქმით, ეს მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და მათი მიტაცების უფლება არავის აქვს.

90
თემები:
თბილისი დღეს (1856)

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

64
არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა თბილისში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეოში

საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

64

პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ვიდეო

60
(განახლებულია 21:19 14.01.2021)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა — ეს უდიდესი ბედნიერებაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

60
არმინ ლაშეტი

გერმანიაში მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

0
(განახლებულია 19:05 16.01.2021)
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება და უახლოეს თვეებში გერმანიაში მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქრისტიან‑დემოკრატიული კავშირის (CDU) ახალი თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.

„არმინ ლაშეტის სასარგებლოდ მიღებულია 521 ხმა, ფრიდრიჰ მერცის - 466. ამგვარად, არმინ ლაშეტი არჩეულია, მან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო“, - განაცხადა CDU-ს წარმომადგენელმა.

ლაშეტი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი (ბავარიის შემდეგ) და მჭიდროდ დასახლებული ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრია. ყრილობაზე წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსენსუსის პოლიტიკას, გერმანიის საზოგადოების გაერთიანებას, წარმატებულად მიიჩნევს კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკას და მზად არის ის გააგრძელოს.

დღევანდელი ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, CDU-ს ყრილობის დელეგატებმა, კანონის თანახმად, წერილობით უნდა დაადასტურონ თავიანთი ნება. ამ წერილობითი განცხადებების შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება.

ბუნდესტაგის არჩევნები, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, 26 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელმა უკვე განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკას დატოვებს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება საარჩევნო სიის სათავეში CDU/CSU-ს კონსერვატიული ალიანსიდან და, შესაბამისად, კანცლერის კანდიდატი გახდება, მიიღება ორი პარტიის კონსულტაციების შემდეგ. (CSU - ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი - რედ.) სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

0