კახა კალაძე

კალაძე თბილისელებს: ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს

56
დედაქალაქის მერმა მოსახლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ და განაცხადა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს, დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღას ქვეყანა მაქსიმალურად მომზადებული შეხვედროდა და მთავრობას ე.წ. ლოკდაუნის დაწესება არ დასჭირვებოდა.

„პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის – ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პანდემიისა და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო, ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა.

თბილისის მერმა ასაკოვან, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მიმართა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახლიდან გამოსვლისგან.  ასევე მოსახლეობას რეკომენდაცების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა (მათ შორის თბილისში 1 044 შემთხვევა) და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

56
თემები:
თბილისი დღეს (1815)
თბილისი

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

42
(განახლებულია 20:11 23.11.2020)
მუხათგვერდის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მუხათგვერდის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამ ქუჩებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. კერძოდ, N84 ავტობუსი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის გავლით გადაადგილდება, ხოლო შემდგომ სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით იმოძრავებს. 

42
თემები:
თბილისი დღეს (1815)
წიგნები

„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ სასკოლო ბიბლიოთეკები წიგნებით შეივსება

41
(განახლებულია 18:57 23.11.2020)
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს გადმოიბარებს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტის პირველი ეტაპი ნუმერაციული თანმიმდევრობით თბილისის 62 სკოლას მოიცავს. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.

პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.

ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი განახლდება, მოსწავლეები მათთვის საინტერესო ლიტერატურის გაცნობას შეძლებენ.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად მომავალი წლის აპრილში გადმოიბარებს, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„საგანმანათლებლო მიმართულება თბილისის მერიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ მოხარული ვარ, რომ პროექტის განხორციელებას კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობით ვიწყებთ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა განაცხადა, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

„პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. ვაუჩერიზაციის პროცესი მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ადგილობრივი გამომცემლებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ“ – გიორგი კეკელიძე>>

ამასთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის გვანცა ჯობავას თქმით, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

„ამ პროექტმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამჯერად თბილისის სკოლების ბიბლიოთეკები შევავსოთ. ეს მოგვცემს საშუალებას... სკოლა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი დავაახლოვოთ ერთმანეთთან, სკოლის ბიბლიოთეკა კი მოსწავლეებისთვის ბევრად მიმზიდველ სივრცედ გადავაქციოთ, სადაც ახალი წიგნი აუცილებლად მოიყვანს ახალ მკითხველს“, – აღნიშნა გვანცა ჯობავამ.

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

პროექტი თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

41
თემები:
თბილისი დღეს (1815)
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

0
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში