თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოჩნდა

© photo: Sputnikახალი ავტობუსი თბილისში
ახალი ავტობუსი თბილისში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ავტობუსების დიდი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით შეივსო, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძამ ისაუბრა.

ახალი სატრანსპორტო საშუალებები თბილისის მერმა მოსახლეობას დღეს წარუდგინა.

„შემოვიყვანეთ ავტობუსების ახალი პარტია. ეს არის BMC-ს მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები, 126 ერთეული, რომელიც ხვალიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. როგორც ამ ქალაქის მერი, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“, — განაცხადა კალაძემ.

კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, ევრო 6-ის სტანდარტის 126 ავტობუსი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით შეისყიდა.

ავტობუსების ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

ახალი ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის ქუჩებში ახალი ელექტროავტობუსები გამოჩნდება

ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

„ამასთან ჩვენ დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების პროცესი. აქაც ძალიან კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ე.წ. ყვითელ მარშრუტკებს. მათი გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ასევე ხდება მიკროავტობუსების განახლება. დღეის მდგომარეობით 200 ერთეული მიკროავტობუსია შემოყვანილი“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, ახლო მომავალში თბილისში დაახლოებით 1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს. მისი თქმით, უფრო მეტის საჭიროება დედაქალაქს არ აქვს.

ახალი მიკროავტობუსი გათვლილია 17 მგზავრზე და ასევე აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით. გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.

ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, დღეისათვის თბილისში დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0