საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ

111
(განახლებულია 18:21 16.10.2020)
თბილისში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – გუშინ 366 შემთხვევა დადასტურდა, დღეს კი 227.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ტრანსპორტით მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ეპიდემილოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა აჭარა, რომელიც „წითელი ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, იმერეთის რეგიონი და თბილისი, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – გუშინ 366 შემთხვევა დადასტურდა, დღეს კი 227.

დედაქალაქში ეპიდვითარების გაუარესების გამო ხელისუფლებამ რესტორნებისა და ღამის კლუბების მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა – მათ 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ.

გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან წესები და პირბადე გამოიყენონ როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. განსაკუთრებულ კონტროლს დაექვემდებარა მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა.

თბილისში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება. 

მეტროს სადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს შსს-ს საპატრულო პოლიციისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა – 124, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1090 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

111
თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)
თბილისის მერია

მერიამ „ნაცმოძრაობის“ განაცხადი ცნობად მიიღო

52
(განახლებულია 21:44 28.10.2020)
თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ  31 ოქტომბერს აქციის გამართვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ცნობად მიიღეს

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მერია არ გასცემს არც ნებართვას და არც კრძალავს, მხოლოდ იღებს ინფორმაციას და ნებისმიერ ღონისძიებასთან დაკავშირებით შესულ წერილს იღებენ ცნობად, განუცხადეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს“ დედაქალაქის მერიაში.

ტელეკომპანიას მერიიდან მიაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რაც, მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

„გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.

აქციის ჩატარების დროდ მითითებულია 31 ოქტომბრის 12:00-დან 24:00 საათამდე პერიოდი.

როგორც მანამდე  ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, ეს იქნება „გამარჯვების აქცია“ და მმართველმა პარტიამ „მორჩილად უნდა მიიღოს ქართველი ხალხის ვერდიქტი“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით და 30-ს - მაჟორიტარულით.

52
თემები:
თბილისის მერია
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს

21
(განახლებულია 15:41 28.10.2020)
პარასკევს დედაქალაქში თბილი, მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 30 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 9 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:31 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.

21
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ევროსაბჭო

საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

0
(განახლებულია 08:30 29.10.2020)
31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი.  დამკვირვებლებს არ აგზავნის ევროპარლამენტიც. 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, დეპუტატ  ტინი კოკსის (ნიდერლანდები)  ხელმძღვანელობით, საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და 1 ნოემბრამდე  საპარლამენტო არჩევნებს  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიი წარმომადგენელი – ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

ბოლო მონაცემებით არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020