თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგურებზე „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ, ხოლო სადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური პრობლემების გამო მგზავრებს ვერ ემსახურებოდნენ.
უწყების ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.
ამ ბოლო დღეებში მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ პრობლემა იყო ამავე საბურთალოს ხაზზე, ხოლო გუშინწინ – პირველ ხაზზე.