ნინო ჩხობაძე

ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ გაშენებულა - ეკოლოგი

95
იმ ადგილას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება, არსებობს უნიკალური დრენაჟის სისტემა, რომლის გამოყენებასაც ნინო ჩხობაძე პარკის გაშენებისას სპეციალისტებს ურჩევს

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ გაშენებულა, ასე შეაფასა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ თბილისში ცენტრალური პარკის მშენებლობის იდეა.

კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება >>

თბილისში ახალი ცენტრალური პარკი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. ეს ტერიტორია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს.

„ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე შენდება პარკი და არა რომელიღაც სხვა ნაგებობა. საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო პროექტი. ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ გაშენებულა“, - განუცხადა ჩხობაძემ ჟურნალისტებს.

ეკოლოგი დარწმუნებულია, რომ თავისი უნიკალურობისა და განლაგების წყალობით ახალი პარკი როგორც თბილისელების, ისე მისი სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება.

„წარმოდგენილია მართლაც საინტერესო კონცეფცია რამდენიმე ზონით. ეს მართლაც კარგი საჩუქარი იქნება თბილისისთვის. სკვერები და ბაღები საბურთალოზე შაგრენის ტყავივითაა. ამ რაიონში არცერთი სერიოზული პარკი არ არის“, - აღნიშნა ჩხობაძემ და მიულოცა მიმდებარე კორპუსების მცხოვრებთ, რომლებიც ამ სილამაზით ტკბობას შეძლებენ.

ეკოლოგმა აღნიშნა, რომ ეს ადგილი თავდაპირველად რეკრეაციული იყო.

„გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იყო ასევე, რომ ეს ადგილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ რეკრეაციული ზონა და მეტი არაფერი. ასე რომ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. პარკი აუცილებლად დაეხმარება ქალაქს, როგორც რეკრეაციული ზონა... იქ რომ კორპუსები აეშენებინათ, საბურთალო მთლიანად დაიხურებოდა, საერთოდ არ განიავდებოდა“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ჩხობაძე ფიქრობს, რომ პარკის დაგეგმვაზე მუშაობდნენ საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტები, რადგან კარგად გათვალეს, რომ ეს ჭაობიანი ადგილია.

„როდესაც იპოდრომის მშენებლობა დაიწყო, იქ ჭაობი იყო, არ შეიძლებოდა კორპუსების აშენება, პარკის მშენებლობა კი ნამდვილად შესაძლებელია. მათ კარგად შეაფასეს და გამოიკვლიეს, რა გაიხარებს იქ კარგად და რა ვერ შეეგუება გარემოს. როგორც ჩანს, შეისწავლეს გრუნტი... იქ იქნება რამდენიმე ხელოვნური ტბა, ანუ ფაქტობრივად წყალი, რომელიც იქ გუბდება, ალბათ ტბაში მოგროვდება“, - აღნიშნა ეკოლოგმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ცუდი არ იქნებოდა, ქალაქელებს ხეების დარგვაში რომ მიეღოთ მონაწილეობა.

„ეს თბილისისთვის სიმბოლურია. პრაქტიკულად ყველა დიდი პარკი მოსახლეობის მიერ ირგვებოდა. ამას დიდი ფსიქოლოგიური და მორალური დატვირთვა აქვს“, - აღნიშნა ჩხობაძემ.

იგი სპეციალისტებს, რომლებიც პროექტზე იმუშავებენ, ურჩევს, გაითვალისწინონ უნიკალური დრენაჟის სისტემა, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებობს.

„იქ არის უნიკალური დრენაჟის სისტემა, რომლის ნახაზებიც დაკარგულია. იმედი მაქვს, ნახაზები არქივში მოიძებნება და ამ დრენაჟის სისტემას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, არ უგულებელყოფენ“, - აღნიშნა ჩხობაძემ.

მასშტაბური პროექტი

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რომლის პრეზენტაციაც სამშაბათს გაიმართა, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, დაყოფილი 26 ზონად, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.

პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები დასახულია. პროექტის განხორციელება უახლოეს დროს დაიწყება. ფონდი „ქართუ“ პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გამოყოფს.

95
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (139)
 MAN –ის ავტობუსი

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოჩნდება

41
(განახლებულია 18:08 21.10.2020)
ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით შეივსება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, მალე გამოჩნდება ახალი მიკროავტობუსები, რომლებიც მოსახლეობისთვის ქალაქის ნებისმიერ წერტილში გადაადგილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ამ დღეებში პრეზენტაციას გავმართავთ, თუ რომელი ნომრით და რომელი მიმართულებებით იმოძრავებენ ავტობუსები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს კომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.

ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ამჟამად თბილისელებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება.

41
ავტობუსის მგზავრები პირბადეებით

ტრანსპორტში ხშირად არღვევენ პირბადის ტარების რეჟიმს რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისში

28
(განახლებულია 17:20 21.10.2020)
ქალაქის ხელისუფლება თბილისელებს მოუწოდებს, აუცილებლად ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და, ზოგადად, დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის 2,3 ათასი დარღვევა დაფიქსირდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

შსს ბაზრებსა და ბაზრობებზე Covid-19-ის პრევენციისთვის მონიტორინგს ახორციელებს>>

ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ პირბადე და დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

„მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ – ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მიკროავტობუსებში ასვლას პირბადის გარეშე ცდილობდა 224 ადამიანი. ამას შესაბამისი სამსახურების რეაგირება მოჰყვა. უფრო მეტი – 2 088 მოქალაქე პირბადის გარეშე ასვლას ცდილობდა ავტობუსში. დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი გააფრთხილეს, ხოლო 116 შემთხვევაში ავტობუსი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან მასში უნიღბო ადამიანები იმყოფებოდნენ.

„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა კალაძემ.

რეჟიმის დაცვის კონტროლი მიმდინარეობს თბილისის მეტროშიც, ასევე აგრარულ ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

28
თემები:
თბილისი დღეს
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი კიდევ ორი პირი გაათავისუფლა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა.

ამ დროისთვის ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საპოლიციო მოქმედებებში.

მანამდე თავდამსხმელმა ეტაპობრივად ხუთი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ორსული ქალი.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში