მეტრო

თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ გრაფიკს უბრუნდება

49
(განახლებულია 13:57 21.09.2020)
გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრიდან მუშაობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურში აცნობეს. 

დღეიდან მეტრო თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე პერიოდში მოემსახურება, როგორც ეს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, 2019 წლის ივნისამდე იყო.

გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

„პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა მაღალი ძაბვის 550 კმ სიგრძის კაბელები, განხორცილდა 28 ძველი სავენტილაციო სისტემის დემონტაჟი და მათ ნაცვლად განთავსდა სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის 32 სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეტროს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ მოძრაობას", – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

49
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 24 ოქტომბერს

29
(განახლებულია 14:56 22.10.2020)
შაბათს დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 24 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:23 საათზე ამოვა და 18:05 საათზე ჩავა.

 

29
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
 MAN –ის ავტობუსი

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოჩნდება

51
(განახლებულია 18:08 21.10.2020)
ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით შეივსება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, მალე გამოჩნდება ახალი მიკროავტობუსები, რომლებიც მოსახლეობისთვის ქალაქის ნებისმიერ წერტილში გადაადგილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ამ დღეებში პრეზენტაციას გავმართავთ, თუ რომელი ნომრით და რომელი მიმართულებებით იმოძრავებენ ავტობუსები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს კომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.

ამჟამად თბილისში 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. აქედან 183 ახალია, MAN-ის მარკის. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ამჟამად თბილისელებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება.

51
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

0
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

0