მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

48
(განახლებულია 14:15 08.09.2020)
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

უწყების ცნობით, თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

საგზაო სამუშაოების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა, რის გამოც 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეზღუდული იქნება.

აქაც ანალოგიურად – გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილები გადაადგილებას გელოვანის გამზირის გავლით შეძლებენ.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

48
თემები:
თბილისი დღეს (1747)
მშენებლობა თბილისში

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

7
(განახლებულია 15:23 23.09.2020)
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, -განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო  პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

7
თემები:
თბილისი დღეს (1747)
თბილისი

თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

37
(განახლებულია 14:08 23.09.2020)
მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ქიზიყის ქუჩაზე, სამი კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, – განაცხადა  კალაძემ.

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი რაიონის გამგეობას მიმართონ.

„გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე  ოჯახს დაუკანონდა.

37
თემები:
თბილისი დღეს (1747)