ფიჭვები პარკში

საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

125
(განახლებულია 17:58 15.08.2020)
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისის მასშტაბით, დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება, იუწყება საბურთალოს რაიონის გამგეობა.

სანიტარიული ჭრის ღონისძიებების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

მერიაში ადრე განაცხადეს, რომ თბილისში ფიჭვების მასობრივი ხმობა კლიმატის გლობალური ცვლილების გარდა გამოწვეულია ასევე იმით, რომ ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დაირღვა აგროტექნიკური პირობები. ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. ამ კვლევებით გამოვლინდა, რომ მავნებელი Tomicus Destruens-ის მოსასპობად აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრები და სხვა ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

 

125
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)
საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა

103
(განახლებულია 20:17 23.09.2020)
ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღებში საერთო საგნების მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით აღსაზრდელებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.

გვანცელაძის თქმით, ჩანთებში მოთავსებული იქნება მეთოდური მასალა – ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და ა.შ.

საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს.

ამასთან, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ბაღის შენობაში იკრძალებს მშობლების შესვლა. კერძოდ, ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ. ასეთივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი.

ასევე აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. 

შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ასევე მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი – საბავშვო ბაღებს, რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით, კომპანია მოემსახურება.

ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც.

გვანცელაძის ინფორმაციით, რეგულაციების შესრულება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 5 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება.

ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.

103
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

87
(განახლებულია 19:45 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ. მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

87
თემები:
თბილისის მერია
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

0
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

0