ავტობუსის გაჩერება

რიგში ჩადექით: მგზავრთა ნაკადს ავტობუსების გაჩერებებზე პატრული გააკონტროლებს

123
(განახლებულია 11:20 28.05.2020)
მგზავრთნაკადის რეგულირება მოხდება როგორც ავტობუსებში, ისე მეტროში – ამას საპატრულო პოლიცია და მუნიციპალური ინსპექცია მიხედავენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მგზავრთა ნაკადს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გაჩერებებზე მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება>>

დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გადაწყდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობის განახლება პარასკევიდან, 29 მაისიდან.

„შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რათა მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ მუნიციპალური სამსახურები. ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით, მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება... შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს გადავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება მეტროს როგორც ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულებში.

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარებიან მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე–მერის თქმით, ძალზე რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება შევიდეს ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროს სადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროისა და სეზონის მიხედვით.

„ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს ორი წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა“, – აღნიშნა ხმალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა მოქალაქეებისგან უფრო მეტ დაკვირვებასა და დადგენილი წესების შესრულებას მოითხოვს, განაცხადა ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს მუშაობას>>

„მეტროში, ისევე, როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება... ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას“, – განაცხადა კალაძემ და ეს მიმართულება თავის მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს დაავალა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს და მათ მუშაობის ახალი წესები გააცნეს. კერძოდ, ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ გამორთული კონდიციონერებით და ღია ფანჯრებით, რათა ტრანსპორტი კარგად განიავდეს.

123
თემები:
COVID-19 საქართველოში (1150)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 ივლისს

34
(განახლებულია 11:25 07.07.2020)
ხუთშაბათს კვლავ სიცხე იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც დღეს - ხუთშაბათს დედაქალაქში სულ +34 გრადუსი იქნება და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 9 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი ღამით 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

34
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კალაუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს

1832
(განახლებულია 14:39 06.07.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს, 8 ივლისს მზიანი, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:34 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 23, დღისით მაქსიმალური კი პლუს 37 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

1832
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
აუზი

ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს

0
(განახლებულია 12:20 07.07.2020)
საქართველოში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრები საქმიანობის განახლებას  შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებენ

 

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების ინსპექტირება იწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ობიექტები საქმიანობას განაახლებენ.

რეგულაციების თანახმად, ფიტნეს–ცენტრებში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადების გამოყენება ჭადრაკის პრინციპით უნდა მოხდეს, ხოლო პირსახოცები  ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშებს,  დარბაზში ნებადართულია ერთდროულად არაუმეტეს 10 ადამიანის ყოფნა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები ვირუსისგან თითოეულ მოქალაქეს დაიცავს.

რაც შეეხება აუზებს, მოცემულ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. 

საცურაო აუზების მფლობელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ახალი წესების თანახმად, მათ ყოველდღიურად მოუწევდათ აუზებში წყლის 10%–ის შეცვლა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

 „ეს იყო გამოწვევა, რაზეც აქცენტს აკეთებდნენ აუზების წარმომადგენლები. ჩვენ გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, რომ 24 საათის განმავლობაში წყლის 5%–ის შეცვლა იქნება აუცილებელი.  ამ გზით მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება და  კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (1150)