თბილისი

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

78
(განახლებულია 09:02 21.05.2020)
ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ ეს იქნება თბილისის კიდევ ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც ახალ იერსახეს შეიძენს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების განახლებასა და კეთიმოწყობას აგრძელებს.

ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირსა და ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 4,7 მლნ ლარი გამოიყოფა, განაცხადა კახა კალაძემ 20 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

კალაძე: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გენგეგმა წლის ბოლოსთვის მზად იქნება>>>

მერის სიტყვებით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა.

„თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია –  NCC (Nordic Construction Company), რომელთანაც ხელშეკრულება  უახლოეს მომავალში გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოებიი დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან  იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული რაიონი მძიმე ვითარებაშია, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტ–ბეტონის საფარი.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე სისტემას და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, მოეწყობა ახალი ბორდიურები და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა. 

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, კალაძის თქმით, სამუშაოები ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება და რამდენიმე დღეში დაიწყება.

 „პროექტის ფარგლებში შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდება და თანამდეროვე, LED განათების სისტემა დამონტაჟდება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.

აღნიშნული პროექტების გარდა, დასრულების ეტაპზეა ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ჭავჭავაძის გამზირისს და ვეკუა–ხიზანიშვილის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია.

მერის სიტყვებით, ჭავჭავაძის გამზირზე კვირის ბოლოს სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდება.

78
თემები:
თბილისის მერია (261)
მეხანძრე–მაშველები

თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

51
(განახლებულია 21:16 29.09.2020)
უწყების ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისში, ახვლედიანის N14-ში მდებარე ე.წ. იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებელი სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სახლის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში დაახლოებით 30 კვ.მ სამზარეულო ოთახი დაიწვა. ხანძარი გავრცელდა ამავე სახლის მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლშიც.

უწყების ცნობით, იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

51
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 29 სექტემბერს

68
(განახლებულია 14:18 29.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, ბაღნარის, მონასტრის, ჭედიას, წყალსადენის, შუშის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

68
თემები:
თბილისი დღეს
საქართველოს პროკურატურა

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

0
გამოძიების ჩატარების მიზეზი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წერილი გახდა დემარკაციის კომისიის არასამართლებრივი საქმიანობის შესახებ

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დემილიტაციას, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

„თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად პროკურატურა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების მოქმედებების კანონიერებას სწავლობს. უკვე დაიწყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა საქმეზე, რომლი შედეგებზე პროკურატურა ასევე მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს>>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა.

არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

ამის შემდეგ მუშაობა განაახლა დემარკაციის კომისიამ.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ