ავტობუსების გაჩერება გზის შუა ზოლში - როგორ იცვლება ვაკეში სატრანსპორტო მოძრაობა

© Sputnik / Alex Shlamovავტობუსების გადაადგილების ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე
ავტობუსების გადაადგილების ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში ტრადიციული სქემით განლაგებული გაჩერებების შეცვლამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მერია ნათლად ხედავს სიახლის დადებით მხარეებს.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია.

სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2.5 კილომეტრს მოიცავს. ყველაზე მეტი კითხვა გაჩნდა ერთ გარემოებასთან დაკავშირებით - ყველა სხვა სიახლესთან ერთად, ტრადიციული სქემით განლაგებული გაჩერებები ახლა უკვე გზის შუა ზოლში აღმოჩნდა.

© Sputnik / Alex Shlamovსაზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე
ავტობუსების გაჩერება გზის შუა ზოლში - როგორ იცვლება ვაკეში სატრანსპორტო მოძრაობა - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე

გამოკითხვიდან ვიგებთ, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ეს უკანასკნელი გაუგებარი აღმოჩნდა:

- „კერძო ტრანსპორტისთვის საავტომობილო გზა ვიწროვდება, ემატება ავტობუსის ხაზი, შუა გზაზე გაჩერება, ეს ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებას როგორ გაამარტივებს?!“

- „გამოდის, რომ ავტობუსები მანქანების მოძრაობის საპირისპიროდ ივლიან? უკუღმა მოძრაობას გეგმავენ?!“

- „ავტობუსში რომ ადამიანი ავიდეს, გზა ხომ უნდა გადაჭრას და ეს მოძრაობას არ შეაფერხებს? ნეტავ რომელი წყობა აქვთ დაგეგმილი - ტრამვაის?“

ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია: ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლში, მსუბუქი ავტომობილების საპირისპირო მხარეს. ხოლო ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისსა და ბოლოში მოეწყობა სპეციალური გზაჯვარედინები, რომლის მეშვეობითაც ავტობუსები ქალაქის სხვა ქუჩებში მოძრაობის ჩვეულებრივ სქემაზე გადაეწყობიან.

ავტობუსები საპირისპირო ზოლში: თბილისის მერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა - Sputnik საქართველო
ავტობუსები გზის შუაგულში: თბილისის მერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა - ვიდეო

ახალი სატრანსპორტო ქსელის მიხედვით ამჟამად უკვე დაპროექტებულია რამდენიმე ქუჩა, მათ შორის: კანდელაკი, კოსტავა-შარტავა, ჭავჭავაძე, ხიზანიშვილი-ვეკუა; მიმდინარეობს ქეთევან წამებულის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას, წერეთლის გამზირების დაპროექტება. როდის გამოქვეყნდება სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტი, ჯერ უცნობია.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სიახლე, პირველ რიგში, ორიენტირებულია ქვეითად მოსიარულეზე, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და უკვე შემდეგ კერძო ავტომობილების კომფორტზე. შესაბამისად, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, თუმცა გამარტივდება მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტობუსებისთვის.

ავტობუსის ზოლები - Sputnik საქართველო
კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლების გზის პირზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდა, რადგან გზის განაპირა ნაწილზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და სწორედ ეს არის ამ პოლიტიკის ნაწილი. ანალოგიური პროექტების განხორციელებას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რომ ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. ამისთვის ყველა პირობას შევქმნით როგორც ახალი ავტობუსების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახით“, - განმარტავს კახა კალაძე.

სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყო ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდა. შშმ პირთათვის გამზირი სრულად ადაპტირდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარე განათების ქსელი შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცა. ასევე დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

ახალი მიწისქვეშა კონტეინერების დამონტაჟება - Sputnik საქართველო
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

რამდენიმე დღის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასწორად მოწყობილი სანიაღვრე სისტემის გამო ჭავჭავაძის გამზირის ხელახლა გადათხრა გახდა საჭირო, რადგან ჭების მონტაჟი დაავიწყდათ, თუმცა მერიაში განმარტეს, რომ ეს იყო საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა საბოლოო მოასფალტების წინ, რათა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება, გავრცელებულ ცნობას კი სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდეს.

ასეა თუ ისე, რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი დაიხარჯა. კორონავისუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პროცესი მცირედით შეფერხდა და პროექტების დასრულების ვადებმაც გადაიწია. სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, და ამის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება - გაამართლებს თუ არა თბილისის მერიის ჩანაფიქრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0