ავტობუსის ზოლები

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლების გზის პირზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა

109
(განახლებულია 14:41 13.05.2020)
მერია თითოეული რაიონისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს ავტობუსის ზოლების მდებარეობას, რამდენადაც გამოყოფილი ზოლები და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ე.წ. საცობების პრობლემას არეგულირებს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის სამოძრაო ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდება და არა გზის პირზე, როგორც იყო ადრე, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ავტობუსის ზოლების გზის განაპირა ნაწილზე განთავსება მძღოლებს შეუქმნიდა პრობლემებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელიც დედაქალაქში სატრანსპორტო ქსელს სწავლობს, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და შესაბამისი დასკვნა დადო. 

„რაც შეეხება ავტობუსის ზოლებს, იგი გამზირის შუა ნაწილში განთავსდება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, მთავარი პრიორიტეტი იმაშია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი, ავტობუსებით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული. შესაბამისად, მათთვის სპეციალური ზოლები აუცილებელია, რათა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა მერმა.

როგორც კალაძემ განმარტა, ავტობუსის ზოლები მარჯვენა ან მარცხენა მხარეს რომ დარჩენილიყო, ეს გზის განაპირა ნაწილს შეუქმნიდა პრობლემას. პრობლემა შეექმნებოდა არა მარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ კერძო ავტომობილებს – გამზირის მიმდებარე ქუჩებზე არსებული დიდი რაოდენობის შესახვევების გამო.

დედაქალაქის მერმა დააზუსტა, რომ მერია თითოეული რაიონისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს ავტობუსის ზოლების მდებარეობას, რამდენადაც გამოყოფილი ზოლები და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ე.წ. საცობების პრობლემას არეგულირებს.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

2019 წელს დედაქალაქის გზების მშენებლობასა და რემონტზე 140 მლნ ლარი გამოიყო.

109
თემები:
თბილისის მერია (261)
საბაგირო გზა თბილისში

მთაწმინდის საბაგირო ორ წელიწადში ამოქმედდება

22
(განახლებულია 12:56 30.09.2020)
ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე — ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას.

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, აღდგება მეცნიერებათა აკადემიისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ერთკილომეტრიანი საბაგირო, რომელმაც ფუნქციონირება 1990 წელს შეწყვიტა.

„საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა, იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, მშენებელი კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება ტენდერი. პროექტის განხორციელებას კი დაახლოებით წელიწადნახევარი, ორი წელი დასჭირდება.

„საბაგირო იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში კი 1100 მგზავრს მოემსახურება. ძალიან მაგარი იქნება ეს პროექტი ჩენი ქალაქისთვის. დაახლოებით, 50 მლნ ჯდება პროექტის განხორციელება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობდა. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე — ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას.

22
თემები:
თბილისი დღეს
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 2 ოქტომბერს

24
(განახლებულია 10:23 30.09.2020)
მცირე მოღრუბლულობა, მაგრამ წვიმის გარეშე, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება – ასეთ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები პარასკევს დედაქალაქში

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს, 2 ოქტომბერს თბილისში უპირატესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +24 გრადუსი იქნება.

ქარი ღამით 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:59 საათზე ამოვა და 18:40 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ბრძოლები ყარაბაღში

ბრძოლები ყარაბაღში: ბაქომ და ერევანმა მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ანგარიში წარმოადგინეს

0
(განახლებულია 13:27 30.09.2020)
მთიან ყარაბაღში მეოთხე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მსხვერპლი არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხარეს

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებში 2,3 ათასამდე მოკლული და დაჭრილია, განადგურებულია 130 ერთეული ჯავშანტექნიკა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

სამხრეთ კავკასია უკვე მეოთხე დღეა, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„27 სექტემბრიდან დღეს დილამდე განადგურებულია და დაჭრილია მოწნააღმდეგის დაახლოებით 2 300 ცოცხალი ძალა, განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილი დაახლოებით 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200–ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, ნაღმმტყორცნი, დაახლოებით 25 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ექვსი სასარდლო–საკონტროლო და სასარდლო სადამკვირვებლო პუნქტი, ხუთი საბრძოლო იარაღის საწყობი, დაახლოებით 50 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, 55 ერთეული საავტომობილო ტექნიკა“, – აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგემ დამატებითი ძალები გადაისროლა მადაგიზის მიმართულებით, რათა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. „ამჟამად საომარი მოქმედებები მთელ ფრონტზე მიმდინარეობს“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში: ქვეყანაში საერთაშორისო ავიარეისები გაუქმდა>>

ერევნის მონაცემები

სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღში ბრძოლები გრძელდება. აზერბაიჯანის სამხედრო ძალებში დიდი დანაკარგებია როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ. ამის შესახებ იუწყება Sputnik–სომხეთი ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით.

ბრძოლები ღამით შეხების მთელ ხაზზე მიმდინარეობდა.

„განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები წარიმართა ჩრდილოეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებებით. მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, გაეუმჯობესებინა თავისი პოზიცია, ჩავარდა. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელეს დასახლებულ პუნბქტებზე. სტეფანაკერტში ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის არცრუნ ოვანესიანის განცხადებით, ბრძოლების სამი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ დაკარგა 790 ადამიანი და დაახლოებით 1 900 – დაჭრილია.

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში: სომხეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა>>

სომხურმა ძალებმა აღნიშნულ პერიოდში გაანადგურეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს აზერბაიჯანული 137 ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, შვიდი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.

კონფლიქტის გამწვავება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, 27 სექტემბერს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ მიმართ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

0
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020