კალაძე: მიუხედავად მუნიციპალური პროგრამების მუშაობის შეჩერებისა, დაფინანსება გაგრძელდება

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, საერთო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსება.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. თბილისის მერია უწყვეტად გააგრძელებს იმ მუნიციპალური პროგრამების დაფინანსებას, რომელთა მუშაობაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის შეჩერებული, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 2 კვირით იკრძალება>>

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

„როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მომსახურების შეჩერების მიუხედავად გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების, პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. გაგრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში მშობლები ბაგა-ბაღებიდან ბავშვების კუთვნილი საკვების სახლში წაღებას შეძლებენ

კალაძის თქმით, სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით მერია უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ყველა იმ სერვისს ზღუდავს, რაც ხალხმრავლობასთანაა დაკავშირებული

„ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოჰყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა. 18 მარტიდან აიკრძალება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0