საბავშვო ბაღი

თბილისში მშობლები ბაგა-ბაღებიდან ბავშვების კუთვნილი საკვების სახლში წაღებას შეძლებენ

112
(განახლებულია 13:39 15.03.2020)
არამალფუჭებადი პროდუქტები დაფასოვდება და აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა, ხოლო დაფასოებული პროდუქტების გაცემა ორ კვირაში ერთხელ მოხდება

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ ბავშვებს მოხმარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 1 აპრილამდე სწავლა შეწყდა სკოლებსა და ბაგა–ბაღებში. დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია, მათ შორი ოთხი არასრულწლოვანია, კარანტინის რეჟიმშია 439, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64 ადამიანი.

კალაძემ აღნიშნა, რომ პროდუქტები დაფასოვდება და აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა. ეს პროცესი ხუთშაბათიდან დაიწყება.

„ბაგა-ბაღებს როგორც აღმზრდელობითი, ასევე სოციალური ფუნქცია აკისრია. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახისთვის ბავშვის ბაღში ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვების მიერ კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. თბილისის მერიის და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ ბავშვებს მოხმარდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან. პროდუქტები დაფასოვდება და აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა. დაფასოებული პროდუქტების გაცემა ორ კვირაში ერთხელ მოხდება. მშობლები ბავშვების კუთვნილი, არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას და მათთვის სადილის მომზადებას შეძლებენ.

თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები იცვლება>>

„ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები. როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე... ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სათანადო ღონისძიებებს ატარებს.

112
თემები:
თბილისი დღეს (1566)