საახალწლო განათებები თბილისში

CNN მოუწოდებს ტურისტებს ახალი წელი თბილისში გაიხანგრძლივონ

181
მსოფლიოს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია აცხადებს, რომ თბილისის საშობაო ბაზრობებს ევროპული სული აქვს. ეს კი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც რამე ახლის ნახვა სურს

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ამერიკული ტელეკომპანია CNN საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სარეკლამო მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ.

როგორც სტატიაში არის აღნიშნული, ყოველი წლის ბოლოს საერთაშორისო მასშტაბით დღესასწაულის დრო დგება, თუმცა საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ თბილისში მართლმადიდებლური ტრადიციების გამო, დღესასწაული წლის პირველ თვეშიც გრძელდება.

„ამიტომ, თუ თქვენ მზად არ ხართ დაემშვიდობოთ ჯადოსნურ განათებებსა და ქუჩაში გაჟღერებულ საშობაო სიმღერებს, თბილისი თქვენი საუკეთესო გასაქცევი იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე CNN წერს, რომ თბილისის საშობაო ბაზრობებს ევროპული სული აქვს. ეს კი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც რამე ახლის ნახვა სურს. თბილისის საშობაო ბაზრობების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. დღესასწაულის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით უამრავი საშობაო ბაზრობაა. თუმცა მათგან საუკეთესო ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნების ბაზრობებია, სადაც მსურველს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება, ქუჩის პერფორმანსების ხილვა და კერძების დაგემოვნება შეუძლია.

ყურადღება გამახვილებულია ასევე თბილისის სადღესასწაულო მორთულობაზე, რომლითაც ქალაქი დეკემბერსა და იანვარშია გაფორმებული. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველი უბნის განათებები სხვადასხვა თემატიკისაა.

CNN მკითხველს 2 იანვარს ბედობის დღესასწაულზეც უყვება, რომელიც ტრადიციის თანახმად, მთელი წლის ბედს განსაზღვრავს.

ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად წელს მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.

ახალი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, დედაქალაქს 304,8 ათასი ევრო დაუჯდა, ხოლო მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები – 525 ათასი ევრო.

181
თემები:
ახალი 2020 წელი (37)