თბილისში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შეიძლება საბაგირო გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში გაჩნდება საბაგირო გზები, რომლებიც მოსახერხებელი იქნება არა მხოლოდ ტურისტების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები თბილისში შეიძლება საბაგირო გზებით დაუკავშირდეს ერთმანეთს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

კუს ტბის საბაგირო გზა მარტში გაიხსნება>>

უფრო ადრე დედაქალაქის მერიამ დაუკვეთა კვლევა, რომელსაც თბილისში ახალი საბაგირო გზების მიმართულებები უნდა განესაზღვრა. საბოლოო დოკუმენტი ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

„იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას... ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი", – აღნიშნა ბითაძემ.

მერის მოადგილემ ახალი საბაგირო გზების რამდენიმე შესაძლო მარშრუტი დაასახელა.

„წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად", - აღნიშნა ბითაძემ.

მაღაზია გუდაურში - Sputnik საქართველო
ვის მოემსახურება უფასოდ კობი-გუდაურის საბაგირო

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე. საბაგირო გზა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს, მუშაობას 2020 წლის 1 მარტს განაახლებს. საბაგირო გზა ამ ზაფხულს დაიკეტა დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო.

„კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც ოთხ თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმიური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება", – განაცხადა ბითაძემ.

სამგორი–ვაზისუბანი, ახმეტელი–თემქა თუ სამება–მახათას მთა: სად გაჩნდება ახალი საბაგირო გზა>>

მისი თქმით, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო თბილისში საბაგირო გზების განვითარების 123 ალტერნატიული სცენარი, საიდანაც ამ ეტაპზე შერჩეულია დაახლოებით 20. შემდეგ მერიამ უნდა შეიმუშაოს სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც უფრო მომგებიანი და მოსახერხებელი იქნება როგორც ტურისტული და ეკონომიკური კუთხით, ისე მოსახლეობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0