კუს ტბაზე ასასვლელი საბაგირო გზა

კუს ტბის საბაგირო გზა მარტში გაიხსნება

159
(განახლებულია 19:46 05.11.2019)
მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები კვლავ შეძლებენ კუს ტბაზე ასასვლელი საბაგირო გზით სარგებლობას.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საბაგირო გზა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს, მუშაობას 2020 წლის 1 მარტს განაახლებს, იუწყება პირველი არხი.

საბაგირო გზა ამ წლის ზაფხულში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯრკომმა" უნდა განაახლოს ბაგირი 120 დღის განმავლობაში. სარემონტო სამუშაოებზე დაახლოებით 144 ათასი ლარი დაიხარჯება.

საბაგირო გზის მუშაობის განახლება სატენდერო პროცედურების გამო გადაიდო. ზაფხულში გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა, ხოლო გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა სხვა ტენდერში მისი არჩევის დროს დავების გამო გაჭიანურდა.

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე.

კუს ტბა პოპულარული ადგილია თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

159
თემები:
თბილისი დღეს (1617)
მგზავრი ავტობუსში

ავტობუსების დამატების საკითხი მერიის გადასაწყვეტია თბილისის სატრანსპორტო კომპანია

56
(განახლებულია 19:04 28.05.2020)
სატრანსპორტო კომპანიაში ეჭვობენ, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრების რაოდენობა შეიზღუდება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, მათი რაოდენობის გაზრდა მერიის გადასაწყვეტია, აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

„ყვითელი მარშრუტკები“ თბილისის ქუჩებში 29 მაისიდან გამოჩნდება>>

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, მუშაობას თბილისში 29 მაისს განაახლებს.

„ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 500-550 ავტობუსი მოძრაობს. თუ აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ავტობუსების დამატების გადაწყვეტილება თბილისის მერიამ უნდა მიიღოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი წესების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავტობუსები ღია ფანჯრებითა და გამორთული კონდიციონერებით იმოძრავებენ.

„ხაზებზე არც ერთი ავტობუსი არ იმოძრავებს, რომელსაც ფანჯრები არ ექნება გაღებული“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ყველა მგზავრს უნდა ეკეთოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტობუსის სალონში არ შეუშვებენ. მეტროში ამ პროცესს პოლიცია გააკონტროლებს, ხოლო ავტობუსებსა და გაჩერებებზე – მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები.

რაც შეეხება სოციალური დისტანციის დაცვას ავტობუსებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზანით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან დაწესდა კომედანტის საათი, ასევე შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

56
თემები:
COVID-19 საქართველოში
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

34
(განახლებულია 17:59 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს, საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებით განათდება.

როგორც „პირველი არხი“ იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15-წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

34
კონდიციონერები ფასადზე

სად აიკრძალება საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება - იმნაძის რეკომენდაცია

0
(განახლებულია 19:31 28.05.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, კონდიციონერი თუ არ მუშაობს გარედან ჰაერის შემოტანაზე, მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში არ იქნება ნებადართული.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი >>

იმნაძის თქმით, კონდიციონერი თუ არ მუშაობს გარედან ჰაერის შემოტანაზე, მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში არ იქნება ნებადართული.

„საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა იმნაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნით კონდიციონერების გამოყენება აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, რომელიც ხვალ, 29 მაისს ამუშავდება. ინფექციონისტების რეკომენდაციით, აუცილებელია სივრცეში კარგი განიავება იყოს უზრუნველყოფილი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ახლა საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მიმდინარეობს.

 

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში